კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხაშურის პოლიციაში ეჭვმიტანილის გარდაცვალების გარემოებებმა ეჭვები აღძრა

1 მარტი, 2012

სივილ ჯორჯია

ხაშურის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე მყოფი სოლომონ ქიმერიძე კიბის მოაჯირიდან გადავარდნის შედეგად მიყენებული ტრამვების გამო 28 თებერვალს გარდაიცვალა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. თუმცა, ამ ვერსიას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ეჭვქვეშ აყენებენ.

შსს–ის მიერ 28 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქურდობის ფაქტზე აღძრულ საქმესთან დაკავშირებით პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა ადრე ქურდობისთვის ნასამართლევი 1965 წელს დაბადებული სოლომონ ქიმერიძე.

„დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე, ხაშურის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე  კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიცია აცხადებს, რომ ადგილზე „დაუყოვნებლივ“ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც ქიმერიძე ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა.

„მიმდინარე წლის  28 თებერვალს სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა“, – აცხადებს შსს.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება  შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში.

ქიმერიძის ოჯახის წევრები პოლიციის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ და სიმართლის დადგენას ითხოვენ. როგორც გარდაცვლილის შვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ განუცხადა, „პოლიციაში ზოგი ამბობს, კიბეებზე დაგორდაო და ზოგი კი ამბობს, აივნიდან გადმოვარდაო“. ოჯახის განცხადებით, გარდაცვლილს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები და ჩალურჯებები, მათ შორის სახის არეში.

სოფელ ქვიშხეთში, რომლის მკვიდრიც იყო, გავრცელებული ინფორმაციით, ადრე ჯართის ქურდობისთვის ნასამართლევი ქიმერიძე, გარდაცვლილის ოჯახში იმყოფებოდა ყოფილი სახალხო დამცველი და ამჟამად საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ წევრი სოზარ სუბარი.

„შეიძლება დადასტურებულად ვთქვათ, რომ ადამიანი არის ნაწამები და წამების დროს შემოაკვდათ ხელში. ლაპარაკი იმაზე, რომ საიდანღაც გადმოხტა, არის ზღაპრები, რომლისაც დღეს აღარავის სჯერა. ამიტომ ეს საქმე არის სასწრაფოდ გამოსაძიებელი და სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს რეალური ექსპერტიზა“, – განუცხადა სუბარმა „მაესტროს“.

მან ასევე მიმართა სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს, რომ თავად აიღოს კონტროლზე ეს საქმე და ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა.

„მეტად ვენდობით ბუნებრივია მის [ომბუდსმენის] ექსპერტიზას, ვიდრე ექსპერტიზას, რომელსაც ჩაატარებს იუსტიციის სამინისტრო ან შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა სუბარმა.

ორიგინალი

ახალი ამბები