კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მძიმე დანაშაულის ჩამდენ პაციენტებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ვადაზე მეტ ხანს ამყოფებენ

2 მარტი, 2012
თამთა ბელიაშვილი

თითქმის ორი წელია, ნიკოლოზ რეხვიაშვილი იძულებითი მკურნალობით ქუტირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია მოთავსებული. იგი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს, მაგრამ ვინაიდან მისი ფსიქიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ იყო, იძულებით სტაციონარულ მკურნალობა დაუნიშნეს.
 
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, პაციენტი არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე მკურნალობს, მაგრამ ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ამ კანონში ვადის მუდმივად გაგრძელებაზე არაფერია ნათქვამი. ნიკოლოზ რეხვიაშვილის შემთხვევაში კი, მკურნალობის ვადა 6 თვეს დიდი ხანია, გადასცილდა. იგი 2 წელია იმყოფება ფსიქიატრიულ კლინიკაში. მისი მკურნალობის ვადა, ფაქტობრივად, სამჯერ გაახანგრძლივეს.

ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელის, ნინო ანდრიაშვილის 2011 წლის 17 ოქტომბრის წერილს რამდენიმე დღეში ქუტირის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ წერილობითვე უპასუხა. იგი წერს, რომ პაციენტი ნიკოლოზ რეხვიაშვილი დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით – პარანოიდული შიზოფრენიით და უტარდება მკურნალობა ნეიროლეპტიკებითა და კორექტორებით: “ნიკოლოზ რეხვიაშვილის ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის გადაწყვეტილებით, იგი საჭიროებს არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას“.

ნინო ანდრიაშვილის თქმით, ზედმეტი დროით პაციენტის დაწესებულებაში გაჩერების გადაწყვეტილება ექიმმა-ფსიქიატრებმა მიიღეს. დაწესებულების ექიმები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ ისინი ვერ იკისრებენ პასუხისმგებლობას პაციენტზე, რომ იგი კვლავ არ ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს დაწესებულებიდან გაწერის შემდეგ. ამავე დროს, მათ პრაქტიკაში ჯერ არ ჰქონიათ შემთხვევა, 6 თვეში გაეწეროთ ამ ტიპის პაციენტი, რომელსაც ბრალად მძიმე კატეგორიის დანაშაული ედება. ნიკოლოზ რეხვიაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსით, 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დამკვიდრებულია სტერეოტიპული პრაქტიკა - მძიმე დანაშაულის ჩამდენ პაციენტებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სასჯელთან მიახლოებული ვადით ამყოფებენ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.  


გამოდის, რომ ნიკოლოზ რეხვიაშვილი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება ფსიქიატრიული დაწესებულების ოთხ კედელს შუა გამოკეტილი, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი იქ არა სასჯელის მოხდის მიზნით, არამედ სამკურნალოდ არის მოთავსებული.

ყოველი 6 თვის შემდეგ, წესით, უნდა შეიკრიბოს კომისია, რომელმაც პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა უნდა განიხილოს და დაადგინოს – არის თუ არა იგი გამოჯანმრთელებული.
 
ნიკოლოზ რეხვიაშვილი 1985 წლიდან ცნობილია ქმედუუნაროდ. სასამართლომ მას კანონიერი მეურვე - დავით მეკოშკიშვილი მიუჩინა, რომელიც მას ყურადღებას აქცევს და არჩენს.

ნინო ანდრიაშვილის თქმით, ნიკოლოზ რეხვიაშვილმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. ამჟამად კი იგი მშვიდად არის და აზროვნების უნარიც აქვს - თვითონვე მოამზადა სასამართლოში შესატანი სარჩელი და გაასაჩივრა კომისიის დასკვნები. თუმცა, ადმინისტრაცია მას დაწესებულებიდან წერილების გატანის უფლებას არ აძლევს, რითაც დამატებით ირღვევა კანონი.  

პაციენტი ტელეფონით ხშირად უკავშირდება ადამიანის უფლებათა ცენტრს და დახმარებას ითხოვს. ცენტრის თხოვნით, ქუტირში სახალხო დამცველის აპარატიდანაც ჩავიდნენ და საქმის ვითარებას გაეცნენ. მიუხედავად მეურვის, ნათესავებისა და თვითონ პაციენტის თხოვნისა, რეხვიაშვილს არა აქვს მიმოწერის საშუალება, რაც მას თუნდაც სასამართლოში საჩივრის შეტანაში დაეხმარებოდა. ამ ადამიანს, არათუ ოფიციალური წერილების, არამედ მოკითხვის წერილების გაგზავნის უფლებაც არა აქვს. ფაქტობრივად, იგი კი არ მკურნალობს, არამედ საკანში  ზის.
 
ნათესავები შიშობენ, რომ გარემომ, სადაც ნიკოლოზ რეხვიაშვილი ამჟამად იმყოფება და პრეპარატებმა, რომელსაც იგი სისტემატურად იღებს, განკურნების ნაცვლად, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობა გააუარესოს.

ნინო ანდრიაშვილის შეფასებით, პაციენტი 2 წელია, იძულებით იმყოფება ქუტირის ფსიქიატრიულ კლინიკაში, რაც მისი იქ ყოფნისთვის დადგენილ 6 თვეს ბევრად აღემატება და ამ გზით მისი კანონიერი უფლებები უხეშად ირღვევა. ეს ადამიანი საჭიროებს დახმარებას, მაგრამ სამწუხაროდ, არც მის ახლობლებს და არც სხვა პირებს ეს არ შეუძლიათ. მეურვე და ნათესავები პირდაპირ ითხოვენ მის გათავისუფლებას. ადმინისტრაციისგან კი, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, რეაგირება არ არის.

Humanrights.ge-სთან სატელეფონო საუბრისას ქუტირის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორმა, გოჩა ბაკურაძემ ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა და დაგვპირდა, რომ ერთ კვირაში ყველა კითხვაზე გვიპასუხებდა. შესაბამისად, მის მოსაზრებებს ამ საქმესთან დაკავშირებით, მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ.   

ფოტოზე:  გოჩა ბაკურაძე

ახალი ამბები