კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი ქვიშხეთში

5 მარტი, 2012

გელა მთივლიშვილი,
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებს ხაშურის პოლიციის სამმართველოს შენობაში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის ოჯახის წევრებთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს. მამაკაცებმა, რომლებიც გარდაცვლილის სახლთან მორიგეობდნენ, „მაესტროს“ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერის წართმევა სცადეს და ფიზიკური ძალის გამოყენებით ტერიტორია დაატოვებინეს.

ჟურნალისტებმა ინციდენტის ფარულად გადაღება მოახერხეს.
 
ჟურნალისტი - ოჯახის წევრები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ის არის ნაცემი და შეიძლება ცემის შედეგად გარდაიცვალა.
 
ახალგაზრდა მამაკაცი - ეხლა რას იძახიან ოჯახში?
 
ჟურნალისტი - საქმეც მაგაშია, რომ ორი დღის შემდეგ სხვა რაღაც...
 
ახალგაზრდა მამაკაცი - არ იცოდნენ ოჯახის წევრებმა და გითხრეს... გაირკვა სიმართლე და რა არის დასამალი...

ასაკოვანი მამაკაცი - 75 წლის კაცი ვარ... დაგიმტვრევ ამას, წაიღე.
 
ოპერატორი - ხელი გაუშვი.
 
ასაკოვანი მამაკაცი - წაიღე მეთქი, გეუბნები.
 
ოპერატორი - წავიღებ.
 
ასაკოვანი მამაკაცი - არ ჩამმტვრევის, წადი აქედან შენი კარგი... წადით ახლა აქედან. ნეტა, იარაღი მქონოდა ისეთი, მიმაცხრილინა ერთი... იმ დღესაც დამაწყვიტეს ნერვები, ახლაც ნერვებს მაწყვეტამს. გაატარე მანქანები, გადი ეხლა მანქანა გაატარე.
 
ჟურნალისტი - ხელი გაუშვი კამერას.
 
ასაკოვანი მამაკაცი - წაიღე, ბიჯო, ეგ აპარატი. რას მიღებ…
 
ჟურნალისტი - ხელი გაუშვი ეხლა.
 
ასაკოვანი მამაკაცი - ამას უყურე როგო ქაჩავს თავსა, წაიღე ბიჯო. (მამაკაცი კამერას ხელს არტყამს და ჟურნალისტებს მისდევს).
 
ჟურნალისტი  - ხელი გაუშვი.
 
ასაკოვანი მამაკაცი - არ გითხარი, წაიღე მეთქი?! წაიღე-მეთქი, არ გითხარი?
 
ჟურნალისტი  - ხელი გაუშვი.
 
ასაკოვანმა მამაკაცმა სხვა ახალგაზრდა მამაკაცებთან ერთად, ჟურნალისტებს თავი არც მას შემდეგ დაანება, რაც ისინი მანქანაში ჩასხდნენ. კადრში ჩანს, რომ მანქანას ორივე მხრიდან მამაკაცები ამოუდგნენ და ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ. ჟურნალისტებს მანქანის კარები ჩაკეტილი აქვთ, რომ ასაკოვანი მამაკაცი შიგნით არ შევარდეს. სოფლის დატოვების შემდეგ ჟურნალისტების მანქანას თეთრი ფერის „ოპელის“ მარკის მანქანიდან (სახელმწიფო ნომრით QCQ 572) უთვალთვალებდნენ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, იურისტი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ვიდეომასალა საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.
 
„ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ ჟურნალისტებს არ აძლევენ მუშაობის საშუალებას. ჟურნალისტი თვითონ ამბობს, რომ მას ოჯახის წევრებმა შეტყობინეს, რომ გარდაცვლილი მამაკაცი იყო ნაცემი. სრულიად გაურკვეველი ადამიანები ჟურნალისტებს არ აძლევენ გარდაცვლილის სახლში შესვლისა და ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობას. თუ ოჯახს არ სურს ინტერვიუს მიცემა, გარეთ ე.წ. დაცვის დაყენება საჭირო არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ეს გაურკვეველი ადამიანები ძალადობენ ჟურნალისტებზე. ამ კადრებში ცალსახად ჩანს, რომ კონკრეტული ადამიანები ძალადობენ, ერთ-ერთი მათგანი მანქანაშიც კი უყვირის ჟურნალისტებს და აიძულებს დატოვონ ტერიტორია. ეს კადრები საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ და აღძრან საქმე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე“, - განუცხადა თამარ კორძაიამ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს.
 
მისივე თქმით, შესაძლოა, დაისვას საკითხი, რომ ხდებოდა კერძო საკუთრებაში შესვლა. თუმცა, კერძო საკუთრებაში შესვლა ჟურნალისტებისთვის მესაკუთრეებს არ აღუკვეთავთ. „ეს ხდებოდა სრულიად გაურკვეველი ადამიანების მიერ არა კერძო საკუთრებაში, არამედ გზაზე. განზრახვა, რომ მათ ხელი შეეშალათ ჟურნალისტებისთვის, ჩანს იქიდანაც, რომ მოძალადეები არ ამჟღავნებენ საკუთარ ვინაობას და მაქსიმალურად ცდილობენ, თავი აარიდონ ამას, კადრში არ მოხვდნენ“, - აღნიშნავს კორძაია.
 
ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასაკოვანი მამაკაცი, რომელმაც ჟურნალისტებს სოფელ ქვიშხეთში მუშაობის საშუალება არ მისცა, გურამ სუთიაშვილია.

„მისი შვილი არის პოლიციელი კობა სუთიაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ხანშიშესულია, „მაესტრომ“ გადაწყვიტა, უჩივლოს მას ჟურნალისტური საქმიანობაში ხელის შეშლისთვის. ვიდეომასალაში კარგად ჩანს, როგორ ექცევა ეს სუბიექტი ჟურნალისტებს. თუ პროკურატურა საქმეს გაჭიმავს, შემდეგ ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ ამ კაცის დასჯა. იგი ციხეში უნდა აღმოჩნდეს აუცილებლად, რომ სხვა ასეთმა მოძალადეებმა ვეღარ გაბედონ მსგავსი ქმედება“, - წერს მამუკა ღლონტი.
 
შეგახსენებთ, რომ ხაშურის პოლიციის სამმართველოს შენობაში სოლომონ ქიმერიძე 27 თებერვალს გარდაიცვალა. პოლიციის შენობაში ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტი ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლისას გაახმაურა. „ხაშურის რაიონის პოლიციამ სასტიკად აწამა და წამებით მოკლა სოფელ ქვიშხეთის მცხოვრები სოსო ქიმერიძე. იგი ისეა ნაცემი და ნაწამები, რომ მთელი სხეული სისხლჩაქცევებით აქვს დაფარული“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მეორე დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ქიმერიძე სამმართველოს კიბის მოაჯირიდან გადავარდნის შედეგად სასიკვდილოდ დაშავდა. ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ქიმერიძის ცხედრისთვის დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად სოფელ ქვიშხეთში ექსპერტიც ჩაიყვანეს. თუმცა, ეზოს შესასვლელში მდგომმა უცნობმა მამაკაცებმა ისინი სახლში არ შეუშვეს. მედიაში გარდაცვლილი ქიმერიძის ფოტოებიც გავრცელდა, სადაც ქიმერიძეს სხეულზე არაერთი მძიმე დაზიანება აღენიშნება.
 
ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტზე განცხადება განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმაც გაავრცელა.
 
სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ვიდეო

ახალი ამბები