კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისიის გულგრილობას და უმოქმედობას

6 მარტი, 2012

თამთა ბელიაშვილი

6 მარტს ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართული საგანგებო პრესკონფერენცია მძიმედ და უკურნებლად დაავადებულ პატიმართა უფლებებს მიეძღვნა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა ნინო ანდრიაშვილმა და ეკა ქობესაშვილმა მათ წარმოებაში არსებული საქმეების შესახებ ისაუბრეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის, იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისია გუგლგრილად ეკიდება თავის უფლებამოსილებას. კომისიის გულგრილობისა და უმოქმედობის შედეგად ილახება მსჯავრდებულთა კანონით გათვალისწინებული უფლებები.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ნინო ანდრიაშვილმა ჟურნალისტებს მსჯავრდებულ გოჩა არჩაიას შემთხვევაზე ესაუბრა. არჩაია 2 კვირის წინ, მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა. იგი სხვადასხვა მძიმე ქრონიკული დაავადებებით იტანჯებოდა და კანონის მიხედვით, ექვემდებარებოდა გათავისუფლებას.

სასჯელაღსრულების, პრობაციის, იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ კომისიას ევალება, განიხილოს იმ პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც მძიმედ არიან დაავადებულნი და ამის შემდეგ, მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება მათი გათავისუფლების შესახებ. ნინო ანდრიაშვილმა განაცხადა, რომ გოჩა არჩაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა სწორედ ამ კომისიას ეკისრება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონაცემებით, კომისია ხშირად არც კი განიხილავს და არანაირ ზომებს არ იღებს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პატიმრების უფლებების დასაცავად.

„გოჩა არჩაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის განსახილველად ადამიანის უფლებათა ცენტრმა ერთობლივ კომისიას პირველად 2011 წლის 22 სექტემბერს მიმართა. მანამდე კომისიას თვითონ პატიმარმა მიმართა რამდენჯერმე. დროული რეაგირება არც ერთხელ არ მომხდარა. ამან კი სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა. გოჩა არჩაიას ოჯახი ითხოვდა, პატიმარს სიცოცხლის ბოლო დღეები ოჯახში გაეტარებინა. სამწუხაროდ, პატიმარი ისე გარდაიცვალა, კომისიას მის მიმართვაზე რეაგირება არ მოუხდენია“, - განაცხადა ნინო ანდრიაშვილმა.

ნინო ანდრიაშვილის თქმით, ორი დღის წინ იგი ტელეფონით დაუკავშირდა კომისიას და აღმოჩნდა, რომ იქ მსჯავრდებულის გარდაცვალების შესახებაც არაფერი იცოდნენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა კომისიას ასევე მიმართა 2011 წლის 5 აგვისტოს და სთხოვა შეესწავლა რუსთავის დაწესებულებაში მყოფი თემურ ახმედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაეთავისუფლებინა იგი  ვადაზე ადრე. ამ პატიმრის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი იცავს. მისი თქმით, მსჯავრდებულს აღენიშნება რამდენიმე მძიმე ქრონიკული დაავადება და მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მას, ფაქტობრივად, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და შესაძლებელია, ნებისმიერ წუთს მივიღოთ სავალალო შედეგი. კომისიისგან კი კვლავ არანაირი რეაგირება არ არის.

საქართველოს პატიმრობის შესახებ კოდექსის საფუძველზე, კომისიას ეკისრება ვალდებულება, დროულად და ობიექტურად მიიღოს გადაწყვეტილება მსგავსი ტიპის  საქმეებთან დაკავშირებით. მსჯავრდებულს, რომელიც დაავადებულია მძიმე და განუკურნებელი დაავადებებით, კანონი ანიჭებს უფლებას, სიცოცხლის ბოლო თვეები თუ დღეები ოჯახში, სასჯელისგან გათავისუფლებულმა გაატაროს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტების შეფასებით, მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ კომისია უმოქმედოა და არაფერს აკეთებს პატიმართა და მათ ნათესავთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ნინო ანდრიაშვილის თქმით, კომისიის მხრიდან განცხადებებზე პასუხი ან საბოლოოდ არის უარი, ან კომისია დროულად ვერ იკრიბება სხვადასხვა მიზეზების გამო. როგორც წესი უარი შემდეგ სტასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივრდება, რის შემდეგაც მთელი პასუხისმგებლობა კომისიას ეკისრება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის, იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ კომისიას მოუწოდებს, დროულად დაინტერესდეს მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა განცხადებებით და საქმეების სიმძიმის შესაბამისად, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები იმედოვნებენ, რომ პრესკონფერენციაზე დასმული პრობლემების გაშუქების შემდეგ კომისია ადეკვატურად ამუშავდება და პატიმართა გარდაცვალების შემთხვევები აღარ განმეორდება.

ახალი ამბები