გურჯაანში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის წევრი ზვიად ყვირალაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ყვირალაშვილი საკრებულოს მიერ დაფუძნებულ შპს „კეთილმოწყობა“-ში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა და შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის 1 მაისამდე ჰქონდა გაფორმებული.
„შეწყდეს შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე“, - ნათქვამია ბრძანებაში. აღნიშნული პუნქტი ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევას ითვალისწინებს. იურისტების განმარტებით, ბრძანება არასწორად არის გამოცემული, რადგან ზვიად ყვირალაშვილის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესაწყვეტად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ პუნქტი უნდა გამოეყენებინათ.
„2011 წლის 1 თებერვალს შეიქმნა შპს „კეთილმოწყობა“, სადაც დღემდე ვმუშაობდი დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. შპს-ს დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა თვითდაფინანსება. ამ ხნის განმავლობაში შპს გახდა დღგ-ს გადამხდელი, დასაქმებულია 14 ადამიანი და საკუთარი შემოსავლებიდან ავსებს ადგილობრივ ბიუჯეტს. 6 მარტს, გურჯაანში ორგანიზება გავუკეთე „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნას, რის გამოც 9 მარტს სამსახურში დამხვდა თანამდებობიდან ჩემი განთავისუფლების ბრძანება, სადაც არ არის მითითებული რეალური მიზეზები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პოლიტიკური ტერორი, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ“, - აღნიშნა ზვიად ყვირალაშვილმა „ქართული ოცნების“ გურჯაანის ორგანიზაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც მხოლოდ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ესწრებოდა.
შპს „კეთილმოწყობა“-ს დირექტორი ფარნაოზ ბეროშვილი ზვიად ყვირალაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილმა კი აღნიშნა, რომ მართალია შპს საკრებულოს დაფუძნებულია, თუმცა შპს-ში საკადრო საკითხებს თავად შპს-ს ხელმძღვანელობა წყვეტს. „ჩვენ მარტო შპს-ს დირექტორის დანიშვნა გათავისუფლების საკითხი გვეხება“, - განაცხადა იაგანაშვილმა.
ვიდეო
კახეთის საინფორმაციო ცენტრი