კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონტროლის პალატამ „ქართუ ბანკი“ 822 040 ლარით დააჯარიმა

13 მარტი, 2012

სივილ ჯორჯია

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 12 მარტს განაცხადა, რომ ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართულ ბანკი“ 822 040 ლარით დააჯარიმა პარტიების შესახებ „კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის ფაქტზე“.

ეს უკვე ფინანსური სანქციების გამოყენების მეორე შემთხვევაა, რაც ჯამში ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 422 040 ლარის გადახდას გულისხმობს. თებერვლის ბოლოს ივანიშვილთან დაკავშირებული პირები შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდნენ.

თუმცა წინა შემთხვევისაგან განსხვავებით, ამჯერად შემოწირულობის განხორციელებას ადგილი არ ჰქონია.

კონტროლის პალატამ 12 მარტს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „კორუფციული სქემის“ მიხედვით, „ქართუ ბანკმა“ თავის ორ თანამშრომელს ჩაურიცხა დიდი ოდენობით პრემია - 82 204 ლარი, ამ თანხის  საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნებისთვის“ შემდგომი გადარიცხვის მიზნით. შესაბამისი კომენტარები ბანკის ორივე თანამშრომელმა გასულ კვირას ნაციონალური ტელევიზიებისთვის გააკეთა, სადაც მათ ასევე აღნიშნეს, რომ არ აპირებდნენ თანხების „ქართული ოცნების“ ანგარიშზე გადარიცხვას.

კონტროლის პალატამ ასევე განაცხადა, რომ „ქართუ ბანკის“ თანამშრომელმა, ქურდაძემ პრემიის სახით მიიღო - 44 400 ლარი, ხოლო  ხუხუნეიშვილმა - 37 804 ლარი, თუმცა „შემდგომ მათ უარი განაცხადეს უკანონო გარიგებაში მონაწილეობის მიღებაზე“.

„ქართუ ბანკის“ ხელმძღვანელობის თქმით, ეს ადამიანები პროვოცირებული იყვნენ და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლეს.

იმავდროულად, 12 მარტს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კონტროლის პალატა მათი სამოქალაქო აქტივისტების „ტერორში“ და „დაშინებაში“ დაადანაშაულეს.

რესპუბლიკური პარტიის წევრმა კოალიციიდან, თინა ხიდაშელმა 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ აქტივისტებს, რომელთაც, მისი მტკიცებით, არანაირი ფინანსური კავშირი არა აქვთ კოალიციასთან, მთელი საქართველოს მასშტაბით წინა დღე–ღამის განმავლობაში კონტროლის პალატაში დასაკითხად იბარებდნენ, როგორც „ფინანსურ მაქინაციებში მონაწილე სამართალდამრღვევებს“. ხიდაშელის თქმით, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ნებაყოფლობით საფუძველზე არიგებდნენ „ქართული ოცნების“ გაზეთებს ან აგროვებდნენ ივანიშვილის მოქალაქეობის მხარდამჭერ ხელმოწერებს.

ხიდაშელმა მოუწოდა კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელს ნათია მოგელაძეს, თავი დაანებოს ასეთ ადამიანებს, ხოლო დაკითხვის შემთხვევაში, ამ პროცესის ვიდეო–აუდიო ჩაწერა განახორციელოს.

„ჩვენ რეალურად სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც ყოველდღიურად ნათია მოგელაძე ჩადის ამ ადამიანების წინააღმდეგ დაკითხვების დროს, პირად ახდენს ტერორიზებას ამ ადამიანების, პირადად ემუქრება ამ ადამიანებს, მათ შორის დაპატიმრებით“, – განაცხადა ხიდაშელმა და პროკურატურას მისი ამ განცხადების საფუძველზე მოგელაძის წინააღმდეგ მოკვლევის დაწყებისკენ მოუწოდა.

12 მარტს ხიდაშელმა 10 ათასი ლარი, ხოლო კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა 12 ათასი ლარის ოდენობის შემოწირულობა გადარიცხეს მათი პოლიტიკური კოალიციის ერთ–ერთი სუბიექტის სასარგებლოდ. მათი თქმით, ამ საჯარო აქციის შემდეგ ისინი დასაკითხად კონტროლის პალატის მიწვევას ელიან.

ფოტო: ინტერპრესნიუსი.
პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი
ნათია მოგელაძე, 4 იანვარი.

ორიგინალი

ახალი ამბები