კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონტროლის პალატა, პოლიტიკური პოლიცია თუ?..

15 მარტი, 2012

ალექსი ბეჟანიშვილი
სივილ ჯორჯიას სტატიების მიხედვით

კონტროლის პალატის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია რეგიონული ოფისების ფართებს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევით ქირაობს და აღნიშნა, რომ ამ პროცესში კოალიცია იურიდიული პირების დაფინანსებას იყენებს, რაც კანონით აკრძალულია.

14 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში კონტროლის პალატამ აღნიშნავს, რომ ის ამოწმებს შეესაბამება თუ არა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ფინანსური დეკლარაცია რეალურ ხარჯებს და რეგიონებში ოპოზიციური აქტივისტების ახსნა–განმარტებებისთვის დაბარებაც  სწორედ ამ პროცესს უკავშირდება.

ბოლო დღეებში კონტროლის პალატა მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის კოალიციიდან ათობით ოპოზიციური აქტივისტი დაიბარა დაკითხვაზე, ძირითადად - დასავლეთ საქართველოს რაიონებში. ივანიშვილის პარტნიორების თქმით, ეს ხელისუფლების ძალისხმევის ნაწილია, რომ „ფსიქოლოგიური ზეწოლა“ მოახდინოს ივანიშვილის მხარდამჭერებზე.

კონტროლის პალატის ინფორმაციით, აუდიტის დროს აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ რეალური ხარჯები არ შეესაბამება ორგანიზაციის ფინანსურ დეკლარაციაში აღნიშნულს, კერძოდ ეს მოძრაობის ახალ რეგიონულ ოფისებს უკავშირდება.

თებერვალში ფორმირების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ცამეტი რეგიონული ოფისი გახსნა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწყებული კამპანიის ფარგლებში. ერთ–ერთი ბოლო ოფისი ყვარელში 14 მარტს გაიხსნა.

კონტროლის პალატის განცხადების მიხედვით, „ამ ეტაპზე დადასტურებულია ინფორმაცია“, რომ ოფისის საიჯარო კონტრაქტები დადებულია არა პოლიტიკური გაერთიანების, ან ფიზიკური პირის მიერ შემოწირულობის სახით, როგორც ამას კანონი მოითხოვს, არამედ კერძო ფირმების მიერ, „მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს კერძო ფირმების მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებას“.

კონტროლის პალატამ ასევე ამტკიცებს, რომ ანალოგიური დარღვევები გამოვლინდა სახელფასო უზრუნველყოფასთან, რემონტის ხარჯებთან და სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით. კონტროლის პალატის თქმით, მონიტორინგის პროცესი გრძელდება და დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება.

კონტროლის პალატის ხელმძღვანელის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს ინფორმაციის შემოწმება და შეგროვება, შემდეგ მათი შედარება იმ დეკლარაციებთან, რომლებიც თავიანთი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პოლიტიკურ პარტიებს კონტროლის პალატაში აქვთ წარდგენილი.

რესპუბლიკური პარტიის აქტივისტმა ლანჩხუთიდან განუცხადა ადგილობრივ მედია საშუალებას „გურია ნიუსს“, რომ გამგეობის შენობაში მას რამდენიმე საათი კითხავდნენ და გამუდმებით ეკითხებოდნენ, თუ რამდენი გადაუხადეს მას „ქართული ოცნების“ გაზეთების გავრცელებისა და ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებისთვის. მისი თქმით, მართალია მას ხელმოწერების შეგროვება აუნაზღაურეს, თუმცა გაზეთების გავრცელებისთვის მისთვის არაფერი არ გადაუხდიათ; აქტივისტმა განაცხადა, რომ დაკითხვის დროს მას „ურჩიეს“ მიეცა ჩვენება თითქოს მას 100 ლარი გადაუხადეს გაზეთების გავრცელების სანაცვლოდ. მან დაკითხვის პროცესს „ფსიქოლოგიური წნეხი“ უწოდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ ის იურიდიულ დახმარებას უწევს კონტროლის პალატის მიერ დაბარებულ რამდენიმე ოპოზიციურ აქტივისტს. საია აცხადებს, ადვოკატების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, რომ კონტროლის პალატის წარმომადგენლები ინტერესდებიან რამდენიმე საკითხით, კერძოდ არის თუ არა მოქალაქე რომელიმე პარტიის წევრი, ავრცელებს თუ არა „ქართული ოცნების“ გაზეთებს, აგროვებდა თუ არა ხელმოწერებს ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით და შესაბამისად, იღებდა თუ არა ანაზღაურებას აღნიშნული საქმიანობისთვის.

„აღსანიშნავია, რომ ამ კითხვების დასმა დაბარებული პირებისთვის მიმდინარეობს რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც მოქალაქეების მხრიდან დამთრგუნველად აღიქმება“, – განაცხადა საიამ.

იმავდროულად, 13 მარტს კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განხილულ იქნა საკანონმდებლო წინადადებები, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შემდგომი სრულყოფის თაობაზე.

„შეხვედრაზე ასევე განიხილეს არასამთავრობო ორგანიზაციების შემადგენლობით სათათბირო საბჭოს შექმნის შესაძლებლობის საკითხი, რომელიც გაზრდის არასამთავრობო სექტორის ჩართულობას და ინფორმირებულობას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის შესახებ“, – განაცხადა კონტროლის პალატამ.

„ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა 14 მარტს, რომ კონტროლის პალატა „პოლიტიკურ პოლიციად“ გადაიქცა.

ამ ბრალდებების უარყოფის მიზნით კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე „გარანტირებულია პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობის თავისუფლებით“ და „ამდენად, მონიტორინგის მიზანს არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეული პირების პოლიტიკური საქმიანობის შესწავლა“.

„ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა კონტროლის პალატის წარმომადგენელმა.

ამავე დროს, კონტროლის პალატას სახელწოდება შეეცვლება და „მას აუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატა“ დაერქმევა. ამის შესახებ საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომლის ერთთვიანი საერთო–სახალხო განხილვის პროცედურის დაწყებას 13 მარტს პარლამენტმა დაუჭირა მხარი.

აღნიშნულ ინიციატივას 84 დეპუტატი აწერს ხელს და ის სავარაუდოდ, უკავშირდება კონტროლის პალატის სახელწოდებაში მისი იმ ახალი უფლებამოსილების ასახვას, რაც პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში დეკემბერში შეტანილი ცვლილებებით მიენიჭა პარტიების და მათთან დაკავშირებული პირების ფინანსური მონიტორინგის კუთხით.

წყარო: სივილ ჯორჯიას სტატიები:

ივანიშვილის კოალიციას ოფისების დაქირავებისთვის იურიდიული პირების ფინანსების გამოყენებაში ადანაშაულებენ

ონტროლის პალატასაუდიტისა და ფინანსური გამჭვირვალობის უმაღლესი პალატადაერქმევა

 

ახალი ამბები