ქვეყნის მართლწესრიგთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, შესაძლოა, გრიფი „საიდუმლო“ დაედოს. შესაბამისი ცვლილება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონში შედის .
კანონმდებლობით, საიდუმლოების გრიფი სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის ყოველი მატერიალური შემცველის აუცილებელი რეკვიზიტია. სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება შემდეგი კლასიფიცირებული ინფორმაცია: ა) „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, ბ) „სრულიად საიდუმლო“, გ) „საიდუმლო“; დ) „შეზღუდული სარგებლობისთვის“.
ინფორმაციას, რომლისთვისაც წესდება საიდუმლოობის ხარისხი - „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელება ან დაკარგვა არსებითად იმოქმედებდა საქართველოს ინტერესებზე თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროებში ან/და გამოიწვევდა განსაკუთრებით მძიმე შედეგებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციისათვის.
კანონპროექტით კი დგინდება, რომ ასეთ ხარისხს მიეკუთვნება მონაცემიც, რომლის გავრცელება ან დაკარგვა აღნიშნულ მიზეზებთან ერთად, არსებითად იმოქმედებს ქვეყნის მართლწესრიგზეც.
ანალოგიური მიდგომაა დანარჩენ საკითხებზეც და დანარჩენი ხარისხის მინიჭებისთვის ინფორმაციას, ასევე, ქვეყნის მართლწესრიგზე უარყოფითი გავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს.
კანონპროექტის ავტორი უშიშროების საბჭოა, ინიციატორი კი პრეზიდენტი.
ინტერპრესნიუსი