კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აკაკი ბობოხიძე: „ვინ არის ჯონ ბასი, რომ მისი გაღიზიანება ჩვენთვის შემაშფოთებელი იყოს?“

20 მარტი, 2012

რუსუდან შელია, გაზეთი „ვერსია“ 

რატომ არ აწუხებს აშშ-ს ელჩის შეშფოთება კონტროლის პალატის ქმედებაზე, რას პასუხობს ძმები ბობოხიძეების მიმართ წამოყენებულ ბრალდებებს და ჩაანაცვლებს თუ არა მას საკუთარი ძმა - სკანდალური ლევან ბობოხიძე „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში,  გაზეთ „ვერსიას“ ამ კითხვებზე პასუხობს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე.

- ამ ბოლო დროს, საკმაოდ სკანდალურად იქცა თქვენი ძმის _ ლევან ბობოხიძის საქმიანობა. ამბობენ, რომ ამჯერად, თქვენ ძმას სურს ,,ნაციონალების'' პარტიულ სიაში მოხვედრა და ერთგვარად, თქვენი ჩანაცვლება. რეალურია ეს ინფორმაცია?

- ეს ხმები საკმაოდ მომხიბვლელია. საინტერესოა, როგორ უნდა აპირებდეს ჩემი ძმა ჩემ ჩანაცვლებას? ვიღაცები ნამდვილად ცდილობენ, ჩემ ირგვლივ მსგავსი ჭორები ააგორონ. დიახ, ისინი მებრძვიან და კონკურენციის პირობებში, ეს ბუნებრივიცაა. ყოველთვის გამოჩნდება დაინტერესებული პირი, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ნაბიჯს საზოგადოებას კრიტიკულად გააცნობს. ამ ყველაფერს შეგუებული ვარ. ყველა ბრალდებას, რომელიც ჩემ მიმართ არსებობს, ბრალდებასაც აღარ ვუწოდებ. სხვათა შორის, გავრცელებული ხმების ნაწილი სიმართლესთან ახლოსაა, მაგრამ იმ თვალსაზრისით, რომ ზოგი მედლის მხოლოდ ერთ მხარეს უყურებს, მეორესკენ _ არც იხედება. 

- არის თუ არა სიმართლესთან ახლოს ინფორმაცია, რომ თქვენი ძმა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირებისაგან ხელფასის 15-20%-ს იღებს და შემდეგ ამ თანხას პარტიულ აქტივისტებზე ანაწილებს?

- ამ შეკითხვას პირველად და უკანასკნელად ვპასუხობ. დიახ, ვადასტურებ, რომ ჩემი პარტიის წევრებს დიდი ხნის განმავლობაში ვეხმარებოდი, სანამ კანონი ამის საშუალებას მაძლევდა. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, თითქოს ჩემი ძმა რიგით ჩინოვნიკს რამეს აძალებს, მაგრამ მე ხომ ვერაფერს მაიძულებს?! იცით რა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს პარლამენტის წევრი ვარ.  ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩემი სოციალური მდგომარეობა მხოლოდ ჩემ მიერ მოპოვებული არ იყო. მის შექმნაში ყველა ჩემი თანამებრძოლი მონაწილეობდა, ამიტომაც დღემდე მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემი ხელფასი იქნებოდა თუ სხვა შემოსავალი, ამ ადამიანებისთვის გამენაწილებინა. ბიძინას შესაძლებლობები რომ მქონდეს, მეტსაც გავაკეთებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი შესაძლებლობა შეზღუდულია. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, 2011 წლის ჩათვლით, ჩემ თანაგუნდელებს ხელფასიდან თანხას ვურიცხავდი. ამაზე, იცით, აქამდე რატომ არ ვლაპარაკობდი? იმიტომ, რომ ვფიქრობ, თავის საქები არაფერია, რადგან, დაახლოებით, 250 ლარი რამდენიმე ადამიანზე ნაწილდებოდა. 

- თუ წლების განმავლობაში თქვენ მიერ გაცემული 250 ლარი დახმარებაა, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება რატომღა ითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად?

- მარტივია, დახმარება არ უნდა გადაიქცეს ამომრჩევლის ხმების ყიდვის მექანიზმად. ის ადამიანები, ვისაც მე ვეხმარებოდი, ჩემ გვერდით იდგნენ გამარჯვებისა და წარუმატებლობის დროს არა იმიტომ, რომ ჩემგან რამეს ელოდნენ, არამედ გულწრფელად მითანაგრძნობდნენ. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. ბიძინა ივანიშვილის გუნდში კი ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული ვერავინ ვნახე. ბიძინასთან კი მხოლოდ იმ მიზეზით მიდიან, რომ თავის დროზე, ფული გადაუხადა ან მომავალში აპირებს გადახდას. მის კოალიციაში მთავარი წარმმართველი ფულია, რასაც, საბედნიეროდ, კანონი და ხელისუფლება კრძალავს, ამიტომაც მუშაობს საკმაოდ აქტიურად კონტროლის პალატა. 

- და თქვენ ამართლებთ კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომელიც ზღვარს იმდენად გადასცდა, რომ აშშ-ს ელჩიც კი იძულებული გახდა, საპროტესტო განცხადება გაეკეთებინა? 

- ვინ არის ჯონ ბასი, რომ მისი გაღიზიანება ჩვენთვის შემაშფოთებელი იყოს? ან რატომაა აშშ-ს ელჩი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა, ვიდრე თუნდაც საქართველოში რუმინეთის ელჩი? იცით, ჩვენი პრობლემა რა არის? ხალხს ლეგენდებისა და ზღაპრების სჯერა. სჯერა, რომ სააკაშვილის გაპრეზიდენტება ამერიკაში გადაწყდა და მომავალი ხელისუფლების ბედიც თეთრ სახლში გადაწყდება. ის, რომ ჯონ ბასი შეშფოთდა, რა თქმა უნდა, კარგი არ არის, მაგრამ ჩვენთვის არც გადამწყვეტია. ჩვენ ვერ ვიქნებით იმაზე ორიენტირებულნი, შეშფოთდება თუ არა ჯონ ბასი. 

- როდის აქეთ აღარ არის საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნები ნაციონალური ხელისუფლებისთვის საინტერესო, თუ ეს პირადად თქვენი პოზიციაა?

- როცა იავარქმნილი შენობა ერთ დღეში რემონტდება, თანაც ყოველგვარი იურიდიული დოკუმენტაციის გარეშე, ბუნებრივია, კითხვები ჩნდება, როგორ დაიხარჯა ფული და ამაზე პასუხსაც ვითხოვთ.  ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ქვეყნის განვითარებისთვის უკეთესია. ყველანაირად ვეცდებით, საერთაშორისო ორგანიზაციები ნაკლებად გავაღიზიანოთ, თუმცა პირობითად, თუ ჩემი საუზმის გამო ელჩი შეშფოთდება, საუზმეს ნამდვილად ვერ გადავდებ. საერთოდ, ისე ვიცქევით, თითქოს აშშ-ს ელჩი საქართველოში ცეკა-ს მეორე მდივნადაა გამოგზავნილი, რათა ხელისუფლება აკონტროლოს. ერთია თვალ-ყურის დევნება, მეორე კურატორობა, რაც სწორი არ არის.  2003 წელს, ხელისუფლების გარდამავალ პერიოდში, ამერიკას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ზურაბ ჟვანიასთან და ნინო ბურჯანაძესთან, თუმცა საქართველოს მოსახლეობამ მაღალი მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს გამოუცხადა. ასე რომ, მომავალშიც ამერიკელები მიიღებენ იმ შედეგს, რასაც ქართველი ხალხი ჩათვლის საჭიროდ. ჩვენ ამერიკა მხოლოდ დემოკრატიულ არჩევნებს გვთხოვს და იმას, რომ ხელისუფლება იმ პოლიტიკურ ძალას გადაეცეს, რომელსაც ხალხი აირჩევს. ნაციონალური მოძრაობა კი იქნება ის ძალა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. თანაც, საინტერესოა, ხელისუფლებასთან თანაბარი პასუხისმგებლობა ოპოზიციამ არ უნდა გაინაწილოს? თუ კანონი იმისთვის არსებობს, რომ მხოლოდ ხელისუფლება შეზღუდოს? საერთოდ, ჩვენი ოპოზიცია უმნიშვნელო დეტალისგანაც კი სკანდალს აგორებს, სწორედ ამიტომ არ მიჩნდება სურვილი, ჩემ მიმართ აგორებულ ჭორებს, ჩემი მტრებისა და მოწინააღმდეგეების ფანტაზიებს ვუპასუხო. ჩემთვის ეს ნაკლებად საინტერესოა. მნიშვნელოვანია, ჩემდამი საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც მომავალ არჩევნებში ჩემ პოლიტიკურ ბედს გადაწყვეტს. 

ინტერვიუ სრული სახით

ახალი ამბები