კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ალასანია უშიშროების საბჭოს მიმართავს

20 მარტი, 2012

ინტერპრესნიუსი

„თავისუფალი დემოკრატების“ გადაწყვეტილებით, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე საჯარო არ გახდება და ის დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაეგზავნება.

ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ „თბილისი მარიოტში“ 20 მარტს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, მსგავსი გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიიღეს, რადგან ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და შესაძლოა, ეს ინფორმაცია გამოყენებული ყოფილიყო საქართველო წინააღმდეგ.

ალასანიას განცხადებით, "თავისუფალ დემოკრატებს" გააჩნიათ სრული ინფორმაცია ამ დაჯგუფებების დისლოკაციის, უკანონო შეიარაღებისა და დაფინანსების შესახებ, რომელიც მათ შეიტყვეს იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც გული შესტკივათ ქვეყანაზე და მის მომავალზე.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, ეს ინფორმაცია თვეების განმავლობაში გროვდებოდა და ხდებოდა გადამოწმება. დღეს კი შეუძლია სრული პასუხისმგებლობით განაცხადოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უშუალოდ დავალებით, დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება.

მისივე თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს ფორმირებები იქმნება განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკოსების, მისი მხარდამჭერებისა და აქტივისტების დაშინების, დევნის მიზნით და საჭიროების შემთხვევაში, ფიზიკური ანგარიშსწორებისთვისაც.

„მე ყოველთვის იქ ვიყავი, სადაც ჩემს სამშობლოს უჭირდა, მათ შორის იარაღით ხელშიც. მაგრამ დღიდან პოლიტიკაში მოსვლისა, ვცდილობ, ჩემ გუნდათან ერთად დავამყარო ისეთი პოლიტიკური კულტურა, რომელიც ქვეყანაში ხელისუფლებას ერთადერთი გზით, სამართლიანი არჩევნებით შეცვლის. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ იზიარებს ამგვარ ფუნდამენტურ პრინციპებს და უშუალოდ სააკაშვილის მითითებით დასავლეთ საქართველოში, რამდენიმე თვის განმავლობაში იქმნება ამგვარი შეიარაღებული ფორმირებები“, - განაცხადა ალასანიამ.

მისი მტკიცებით, სამეგრელოში აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს ახალაიების კლანი - როლანდ ახალაია, რომელიც რეგიონის პროკურორია და მისი ვაჟები, რომელთაგან ერთი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს, მეორე კი შინაგან საქმეთა სამინისტროში ქვედანაყოფებს აკონტროლებს.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, სწორედ ახალაიებს დაავალა სააკაშვილმა მსგავსი ფორმირებების შექმნა, მათ კი შესაბამისი დავალებები მისცეს კონკრეტულ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდამცავ სტრუქტურებს. მისი ცნობით, ეს პირები არიან: რომან შამათავა, ნუგზარ ფინგანი, სერგო უბილავა, ფრიდონ შენგელია, თორნიკე მალაზონია, კობა თოდუა, მამუკა იოსავა, ზაზა ჯანჯღავა, ზვიად გაგუა და დავით დარსმელიძე.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით, ეს დაჯგუფებები არ წარმოადგენენ რეზერვისტებს, რადგან რეზერვისტების ფორმირების წესი განსხვავებულია.

„სამწუხაროდ, ეს დაჯგუფებები, რომლებიც ჩამოყალიბდა, ექვემდებარებიან კონკრეტულ სამართალდამცავ ძალებს და არა შეიარაღებულ ძალებს. მათი ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებზე მოსახლეობას არ მისცენ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება და არ მოხდეს კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა“, - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე ცნობით, სამეგრელოში საუბარია 500-მდე ადამიანზე, რომელიც ამ დაჯგუფებებში არიან, მათგან ნაწილი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, ნაწილს კრიმინალური წარსული აქვს და ნაწილს კი მატერიალური დაინტერესება.

ალასანიამ დაჯგუფების წევრებს მიმართა, რომ ეს არის ბრძოლა, სადაც სააკაშვილს არ უნდა გაყვნენ, რადგან ის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენებს.

ოპოზიციონერმა ლიდერმა ასევე მიმართა მიხეილ სააკაშვილს, რომ "თავისუფალი დემოკრატების" იარაღი პრევენცია და ინფორმაციის საჯაროობაა.

„არ არის საჭირო ისტერიკა; პირადად მინდა ვუთხრა, სასწრაფო ზომები მიიღოს და დროზე დაშალოს ეს ბანდფორმირებები. ჩვენ მხოლოდ არჩევნების გზით გვინდა მისი შეცვლა“, - განაცხადა ალასანიამ.

მისივე ცნობით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მსგავსი დაჯგუფებები თბილისში იქმნება, რის შესახებაც, საზოგადოებას ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ აცნობებენ.

ირაკლი ალსანიას ბრიფინგს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თუმცა, „თავისუფალ დემოკრატებს“ კონკრეტული ინფორმაცია შეიაღარებული დაჯგუფებების შესახებ მათთვის არ გადაუციათ. ალასანიას განცხადებით, დიპლომატებს, დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ ეს ინფორმაცია უშიშროების საბჭოდან გამოითხოვონ.

ახალი ამბები