კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვახტანგ ხმალაძე: „დიპლომატისგან „ფეისბუქზე“ გაკეთებული ჩანაწერი გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე - ერთი შეხედვით ჩანს“

21 მარტი, 2012

კობა ბენდელიანი, ინტერპრესნიუსი

სამეგრელოს რეგიონში ხელისუფლების მიერ შეიარაღებული ჯგუფების შექმნის შესახებ ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე; კონტროლის პალატის მუშაობის შესახებ აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის კომენტარზე; თუ რამდენად სავარაუდოა, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობისა და მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები - ვესაუბრებით საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის სამართლის დეპარტამენტის დირექტორს, ვახტანგ ხმალაძეს.

- ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ალასანიას მიერ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე გაკეთებულ უდავოდ შემაშფოთებელ განცხადებებს? ალასანიას მტკიცებით, ხელისუფლება სამეგრელოში გასამხედროებულ ჯგუფებს აყალიბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება არა თუ არ აპირებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, არამედ პოლიტიკური ოპოზიციის გასანადგურებლად ემზადება...

- სამეგრელოში შეიარაღებული ჯგუფების შექმნის თაობაზე ინფორმაციები დაახლოებით ორი-სამი თვეა, სხვადასხვა პირისგან ვრცელდება. ამაზე თავიდან სერიოზული განცხადება არ გაკეთებულა, ვინაიდან ამ ინფორმაციების გადამოწმება იყო საჭირო. ირაკლი ალასანია ასეთ განცხადებას აკეთებს არა ჩვეულებრივ ინტერვიუში, არამედ - დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე. გამომდინარე იქედან, რომ ალასანია სერიოზული პოლიტიკოსია და სიტყვებს, მითუმეტეს - ასეთ შეხვედრაზე, ჰაერზე არ ისვრის, შეგვიძლია, დიდი ალბათობით ვთქვათ, რომ ეს განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გაკეთდა, რაც საკითხი სათანადოდ იყო შესწავლილი. ეს მართლაც სახიფათო რამ არის.

შეიარაღებული ფორმირებები უნდა იქმნებოდეს მხოლოდ კანონის შესაბამისად. ეს შეიძლება, იყოს ჯარი და პოლიცია. ნებისმიერი სხვა სახის ფორმირება უკანონოა და უაღრესად სახიფათოა. ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და სამეგრელოში შეიარაღებული ჯგუფების არსებობასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდება; ვინ ქმნის შეიარაღებულ ფორმირებებს სამეგრელოში და რა მიზნით. ნებისმიერი უკანონო ფორმირება სახიფათოა როგორც ქვენისთვის, ისე - საზოგადოებისთვის. ამ ტიპის ფორმირებები განსაკუთრებით სახიფათოა მაშინ, როდესაც ხელისუფლების ხელით იქმნება. ხელისუფლებას აქვს სრულიად ლეგიტიმური უფლება, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კანონით განსაზრული წესით შექმნას შეიარაღებული ფორმირებები. მაგრამ, ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს კითხვას, თუ რისთვის აიარაღებს ხალხს. ხელისუფლების ხელში ასეთი იარაღი განსაკუთრებით სახიფათოა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, თუ როდის კეთდება ეს, ჩნდება კითხვა - რისთვის? რატომ ახლა? თუ ხელისუფლების პირველი პირების სხვადასხვა განცხადებებსა და მოქმედებებს გავაანალიზებთ, სრულიად ლოგიკურია, ეს ყველაფერი შემოდგომისთვის დაგეგმილ არჩევნებს დავუკავშიროთ.

- ალასანიას აზრით, საქართველოს მეგობარი ქვეყნების „აქტიური ჩარევისა და დახმარების გარეშე რთული იქნება არა მარტო ხელისუფლების უკანონო ქმედებების აღკვეთა, არამედ კონფრონტაციის თავიდან აცილება“. ალასანიას განცხადების არსი ასეთია - „ჩაერთეთ სანამ გვიანი არ არის!“ თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა, მოვლენათა კონფრონტაციულ ფორმატში განვითარება და გაითვალისწინებს თუ არა დასავლეთი ალასანიას თხოვნას?

- რამდენად დიდია კონფრონტაციის გაძლიერების ალბათობა, ძნელი სათქმელია, მაგრამ მოვლენათა კონფრონტაციულ ფორმატში განვითარების შესაძლებლობა მეც მაშფოთებს, ვინაიდან ხელისუფლების ყოველდღიური მოქმედებები ამძაფრებს ძალადობას, უკანონო მოქმედებების ხარისხს. ბუნებრივია, რომ ეს ზრდის უკმაყოფილებას. პროტესტი როცა იზრდება, რაღაც მომენტში პროცესი დაგუბებულობიდან აქტიური მოქმედებების ფაზაში გადადის, რაც ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა. ამან შეიძლება, გამოიწვიოს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისა და ხელისუფლების დაპირისპირება. ეს შეიძლება გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში. ამას კი, არც ერთი დაპირისპირებული მხარისთვის სიკეთე არ მოუტანია. ამიტომ, ალასანიას მიერ დიპლომატიური კორპუსისადმი გაფრთხილება და მოწოდება, რომლებიც თავის სახელმწიფოებს წარმოადგენენ, უაღრესად მნიშვნელოვანია და აი, რატომ - რუსეთისგან განსხვავებით, რომელიც თავისი სიდიდისა და რესურსების გამო თავს უფლებას აძლევს, ყურადღება არ მიაქციოს საერთაშორისო საზოგადოებრიობის მოწოდებებს და რეაქციებს, საქართველო ასე ვერ მოიქცევა. ასეთი მოქმედების შემთხვევაში საქართველო შეიძლება, აღმოჩნდეს არა მხოლოდ პოლიტიკურ იზოლაციაში, არამედ შესაძლოა, საქართველოს მიმართ გამოყენებულ იქნას მთელი რიგი სანქციები. ეს კი, ყველასთვის მძიმე იქნება, პირველ რიგში - ხელისუფლებისთვის, მაგრამ, რაც ყველაზე უფრო სამწუხაროა - ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის.

- აშშ-ის ელჩმა, ჯონ ბასსმა „ფეისბუქზე“ კი დაწერა, რომ „შეწუხებულია კონტროლის პალატის მოქმედების მეთოდებით“, მაგრამ ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თქვენი აზრით, რატომ?

- დიპლომატისგან „ფეისბუქზე“ გაკეთებული ასეთი ჩანაწერი გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე - ერთი შეხედვით ჩანს. ამავე აზრს არადიპლომატები სხვა სიტყვებით გამოთქვამენ-ხოლმე. დიპლომატიური ენა განსხვავებულია. უნდა ჩავთვალოთ, რომ ბატონმა ბასმა „ფეისბუქზე“ ჩანაწერით თავისი სათქმელი თქვა. „ფეისბუქზე“ როცა ვინმე რაღაცას წერს, მიიჩნევა, რომ ეს მისი პირადი აზრია. თუმცა, ისიც ყველასთვის ცნობილია, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების პირების, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის პირადი განცხადებების უკან, ყოველთვის იკითხება ოფიციალური პოზიცია. მე არ წარმომიდგენია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ან პრემიერ-მინისტრმა „ფეისბუქზე“ რამე ისეთი თქვან, რაც განსხვავდება მთავრობის ოფიციალური პოზიციისგან. ასევეა ელჩის შემთხვევაშიც. ამ შემთხვევაში, ელჩმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით განცხადების გაკეთებისას რბილი ფორმა შეარჩია. ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ხელისუფლებას აშშ-ის ელჩის შეფასებაზე და შემდეგ რა მოხდება.

- ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხელისუფლება არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, აშშ-ის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს. თქვენც ასე ფიქრობთ?

- როგორც წესი, ჩვენნაირი ქვეყნების ხელმძღვანელები ითვალისწინებენ-ხოლმე, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება არ გაითვალისწინებს. თუ ასეთი ქვეყნები მოგიწოდებენ ისეთი რამის კეთებისკენ, რომლის შედეგადაც იზრდება ხელისუფლების მიერ ძალაუფლების დაკარგვის ალბათობა, მაშინ ხელისუფლებამ, თუ ის ზრუნავს მხოლოდ საკუთარ და არა - ქვეყნის ბედზე, შესაძლებელია, რომ უგულვებელყოს ყოვლად სამართლიანი რეკომენდაცია. თუ მართლაც ასე მოხდა, ეს ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება მთლიანად ქვეყნისთვის და კონკრეტულად - ჩვენი ხელისუფლებისთვის.

რაც უფრო ნაკლებად გაითვალისწინებს ხელისუფლება საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნას, რომელიც უკავშირდება დემოკრატიული პროცესებისთვის დამახასიათებელად მოქცევას, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ჩვეული და აპრობირებული კანონების მიღებას, მაშინ ამ ხელისუფლებას ერთი მხრივ, გარე სამყაროსთან ურთიერთობები უფუჭდება, ხოლო მეორე მხრივ, ეს გაამძაფრებს დაპირისპირებას ქვეყნის შიგნით. ასეთი დაპირისპირების შედეგები ჩვენ არაერთგზის გვინახავს და ახლაც ვხედავთ, რა ხდება სხვა ქვეყნებში. ძალიან არ მინდა, რომ საქართველოში მსგავსი რამ განმეორდეს. მაგრამ, შესაძლოა, უგუნური ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავიდეს.

- ვენეციის კომისიის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ კომისია იხილავს როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ, ისე - საარჩევნო კოდექსს. როგორია თქვენი მოლოდინი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით?

- საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა ვენეციის კომისიას სწორედ ამ საკითხების განხილვის თხოვნით მიმართა. ჩვენ მათ ჩვენივე ინსტიტუტში გაკეთებული ანალიზიც გავუგზავნეთ, მაგრამ ვენეციის კომისია მსგავს საკითხებს იხილავს მხოლოდ ხელისუფლების ან სახალხო დამცველის მიმართვის შემთხვევაში.

რამდენადაც ვიცი, ჩვენს ხელისუფლებას, ყოველ შემთხვევაში, ბოლო დრომდე ამგვარი მოთხოვნით ვენეციის კომისიისთვის არ მიუმართავს. თუ ხელისუფლებამ კომისიას მიმართა და კომისიამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელა, ეს ძალიან კარგი იქნება. კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ ისეთი აშკარა არაკონსტიტუციური მუხლებია ჩადებული, ვიმედოვნებ, ვენეციის კომისია სწორ დასკვნებს გააკეთებს. რაც შეეხება, საარჩევნო კოდექსს, აქაც სერიოზული პრობლემებია. მასში შეტანილია მთელი რიგი ისეთი ნორმები, რომლითაც არათუ გაუმჯობესდა საარჩევნო გარემო, არამედ გაუარესდა კიდეც. საარჩევნო კოდექსის მიღებისას ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის მთელი რიგი რეკომენდაციები.

რეკომენდაციები ეხებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვას, არჩევნების მიმდინარეობისას მედიის საქმიანობის ისეთ რეგულირებას, რომ უზრუნველყოფილ იყოს ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის თანასწორი პირობები. არ გაითვალისწინა ისეთი საკითხები, როგორიცაა აკრძალვის ამოღება საარჩევნო კოდექსიდან, რომელიც დადგენილია რელიგიური და საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის; უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში. კომისიამ ხელისუფლებას მიუთითა, რომ ამით ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები. ასე რომ, კარგი იქნება, თუ ამ საკითხებზე ვენეციის კომისიამ მოამზადა დასკვნა, სხვა საქმეა, თუ როგორი იქნება დასკვნის შინაარსი და რამდენად მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული ვენეციის კომისიის პოზიცია. ეს უდავოდ შეუწყობს ხელს ვითარების გაუმჯობესებას. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება კომისიის რეკომენდაციებს ყურად იღებს და მათ განახორციელებს კიდეც. მაგრამ, ჩვენ იმის მოწმენიც ვართ, როცა ხელისუფლებას ასეთი რეკომენდაციები ერთი ყურიდან შეუშვია, ხოლო მეორე ყურიდან გაუშვია.

ახალი ამბები