კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯერ გააკეთეს, მერე დაანგრიეს - ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია „ნაციონალურად“

23 მარტი, 2012

თელავში, ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, რეაბილიტაცია 2010 წელს ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 100 ათასი ლარით დაფინანსდა. 20 მარტს რეაბილიტირებული შენობა ნაწილობრივ დაშალეს და თელავის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხელახლა უნდა გააკეთონ.

შენობა, სადაც ელენე ახლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლაა განთავსებული, მე-19 საუკუნეშია აშენებული და ისტორიული ძეგლების ნუსხაშია შეტანილი. 2010 წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს, საგამოფენო დარბაზის ქვემოთ, უცნობი დარბაზი აღმოაჩინეს, რომელიც მიწით იყო სავსე. ისტორიული მნიშვნელობის მიუხედავად, შენობა 20 მარტს მუშებმა ისე დაშალეს, რომ მათ მეთვალყურეობას არავინ უწევდა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ინჟინერმა დავით გაგნიძემ განუცხადა, თელავის განვითარების პროგრამის ფარგლებში, შენობას მე-2 სართული დაემატება. „სართული ემატება, წინ წამოიწევს და უფრო ლამაზი შენობა იქნება“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელთან პეტრე კიკნაძესთან და მის მოადგილესთან ვაჟა ზუროშვილთან დაკავშირებას არაერთხელ შეეცადა იმის გასარკვევად, თუ რატომ გახდა საჭირო ახლადრეაბილიტირებული შენობის გადაკეთება და კიდევ ერთი რეაბილიტაცია, მაშინ როცა ერთი წლის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 100 ათასი ლარი დაიხარჯა. მათ სატელფონო ზარებს არ უპასუხეს. შეხვედრაზეც თანაშემწეების მეშვეობით უარი თქვეს. მიზეზად მოუცლელობა დაასახელეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი თელავის მაჟორიტარ დეპუტატს ვასილ დავითაშვილს დაუკავშირდა. 2010 წელს დავითაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. „მაშინ ინგრეოდა შენობა, საშინელ მდგომარეობაში იყო და შევაკეთეთ, თორემ დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა. ყველაფერი, რაც მაშინ გაკეთდა, შეინახეს და იგივე მასალას გამოიყენებენ. უბრალოდ მაღლა უნდა ამოწიონ ეს შენობა და ალბათ ამიტომ უტარდება ისევ რეაბილიტაცია“, - განაცხადა დეპუტატმა.

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები