კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორს დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეცვლას სთხოვდა

27 მარტი, 2012

თამარ ფარადაშვილი, media.ge

Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა, რეზო საყევარიშვილმა Forbes-ის გამოცემის უფლების მქონე კომპანია Media Partners-ის დამფუძნებლის, გაგიკ ეღიზარიანის მხრიდან მის სარედაქიო დამოუკიდებლობაში ჩარევის და ცენზურის მცდელობის გამო თანამდებობა დატოვა. 

27 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე რეზო საყევარიშვილმა განაცხადა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა ეღიზარიანს მუდმივად ჰქონდა. თუმცა, გადამწყვეტი აღმოჩნდა მისი ბოლო მცდელობა, როცა ეღიზარიანმა მოითხოვა შეემოკლებინათ პოლიტიკაში წასულ ბიზნესმენთან, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ. 

„როგორც მთავარი რედაქტორი მანამდეც ვთვლიდი, რომ Forbes-ის მილიარდერთა სიის ერთადერთი  ქართველი ფიგურანტი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხვედრილიყო Forbes Georgia-ს ყურადღების ფოკუსში”, - განაცხადა საყევარიშვილმა. მილიარდერის შესახებ სტატიის მომზადება კი, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ივანიშვილი Forbes-ის ამერიკულმა გამოცემამ ყდაზე გამოიტანა. 

„ეს უნდა ასახულიყო ქართულ გამოცემაშიც. მივიღე გადაწყვეტილება მომემზადებინა ორიგინალური მასალა, რისთვისაც ივანიშვილთან ხუთი საათის მანძილზე ვწერდით ინტერვიუს - იმდენად სერიოზულ პუბლიკაციად მიგვაჩნდა ეს მასალა“, - განმარტავს საყევარიშვილი.

მისი თქმით, პირველად დამფუძნებელმა ამ პუბლიკაციის მომზადების თაობაზე პრეტენზია გამოთქვა. შემდეგ - კითხვების ფორმულირებაში სურდა მონაწილეობის მიღება, ბოლოს კი, დასაბეჭდად გამზადებული ინტერვიუს შემოკლება მოითხოვა. 

რეზო საყევარიშვილი გაგიკ აღიზარიანის Forbes Georgia-ს საქმიანობაში ჩარევის მიზეზის ვერსიად საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელთან, გელა ბეჟუაშვილთან ახლო ურთიერთობას ასახელებს.

„ამბობდა ხოლმე, რომ რაიმე ისეთი მასალა არ გამოვაქვეყნოთ, რითაც მთავრობის რისხვას დავიმსახურებთ“, - ამბობს საყევარიშვილი. 

Forbes Georgia-ს ყოფილი მთავარი რედაქტორის თქმით, ვინაიდან მისთვის უცნობია, რა მანიპულაციას შეიძლება დაექვემდებაროს ინტერვიუ, რომელიც რედაქციაში დარჩა, მან მისი განთავსება „კვირის პალიტრის“ ვებ-გვერდზე, სააგენტო IPN-ზე, ambebi.ge-ზე და palitra.tv-ზე გადაწყვიტა. „ყველას შეეძლება მას გაეცნოს და გადაწყვიტოს, რა იყო აქ დასაცენზურებელი“, - ამბობს საყევარიშვილი. 

თანამდებობის დატოვების მიზეზის შესახებ საყევარიშვილმა უკვე აცნობა Forbes- ის სათაო ოფისს. „მიპასუხეს, რომ იქნებ საკითხი განგვეხილა რედაქციის შიგნით. მაგრამ, რადგან ჟურნალი გამზადებულია დასაბეჭდად და არ ვიცი, რა დაიბეჭდება, მინდა, ახლა გავხადო საჯარო, რადგან  შემდეგ შეიძლება ისეთი კითხვები გაჩნდეს, რაზეც პასუხები არ მექნება“, - აცხადებს საყევარიშვილი და განმარტავს: „აქამდე ეს ყველაფერი არ გამომქონდა სააშკარაოზე, რადგან განხორციელებულ ცენზურის მცდელობებში საკითხის ფასი არ იყო ასეთი მაღალი და ვცდილობდი, რომ არც პუბლიკაცია დაზარალებულიყო და არც ჩემი პრინციპები შელახულიყო. ცენზურის უკუგდება შესაძლებელი იყო. ახლა სხვა ვითარებაა“.  

ამ ეტაპზე რეზო საყევარიშვილისთვის უცნობია, სად გააგრძელებს  საქმიანობას. 

„ასეთ დროს ხშირად ამბობენ ხოლმე – „უბრალოდ მინდა, დავისვენო“. ახლა ვხვდები, რა  ზუსტად განმარტავენ ხოლმე საკუთარ მდგომარეობას. მეც უბრალოდ მინდა დავისვენო“, - ამბობს საყევარიშვილი. 

ქართული „ფორბსის“ პირველი ნომერი 2011 წლის დეკემბერში გამოვიდა. ყოველთვიური ჟურნალი 140 გვერდიანია და 3 ათასიანი ტირაჟით ვრცელდება. მასში იწერება, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ბიზნესამბები. ჟურნალის ღირებულება 10 ლარია. დღემდე ჟურნალის 4 ნომერი გამოიცა. ქართული „ფორბსის“ გარეკანზე მოხვდნენ ფეისბუკის ერთ–ერთი დამფუძნებელი შონ პარკერი, მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეითსი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, „ჯეოსელის“ გენერალური დირექტორი ოსმან თურანი.

ჟურნალი „ფორბსი“ მსოფლიოში 1917 წლიდან გამოდის და საკმაოდ ავტორიტეტული ბიზნეს–გამოცემაა. მას სულ 20 საერთაშორისო გამოცემა აქვს მსოფლიოში, მათ შორისაა ქართულენოვანი „ფორბსიც“.

ახალი ამბები