კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

NDI მისი სახელით გავრცელებულ ზოგიერთ ინფორმაციას ემიჯნება

28 მარტი, 2012

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 27 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ ის არ წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს პარტიათა იმ რეიტინგისა, რომელიც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა.

27 მარტს ქართული მედიის მთავარი თემა იყო NDI-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევა, რომელმაც პარტიათა რეიტინგი გამოავლინა.  NDI ასეთ კვლევებს პერიოდულად ატარებს, თუმცა მის შედეგებს არ აქვეყნებს და უგზავნის მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, ვისგანაც   ეს ინფორმაცია შემდეგ მედიასაშუალებებს მიეწოდება.

NDI-მ  განაცხადა, რომ   მისი სახელით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის „დილის კურიერში“ (10:00)  გასული ინფორმაცია პარტიის რეიტინგების შესახებ „სიმართლეს არ შეესაბამება“.

„სიუჟეტში მოყვანილი მაჩვენებლების პროცენტული გადანაწილება (87%, 10% და 3%) არ შეესაბამება NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს“, - აღნიშნულია NDI-ს წერილში.

ტელეკომპანიამ  87% სახელისუფლებო „ნაციონალურ  მოძრაობას“ მიაკუთვნა, 10% კი -  კოალიცია „ქართულ ოცნებას“, რომლის ლიდერი ბიძინა ივანიშვილია.

 NDI ასევე გამოეხმაურა საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობებსაც.

 სააგენტო 26 მარტს, არაოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ „NDI-ს მიერ ჩატარებული პარტიული კვლევების თანახმად, თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი დაბალია“. იგივე სააგენტომ 27 მარტს დაწერა, რომ NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში,  ცალკეული პიროვნებების ნდობის რეიტინგში, პატრიარქის შემდეგ რიგით მეორე ადგილზე შს მინისტრი ვანო მერაბიშვილია. NDI-მ განაცხადა, რომ   ის არ წარმოადგენს  სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის წყაროს, ამასთან, ინფორმაცია არ შეესებამება  კვლევის შედეგებს.

დღესვე,  NDI-ს განცხადებას  „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის პროდუსერი, გიორგი ლაფერაშვილი გამოეხმაურა. ლაფერაშვილის მიერ ორგანიზაციისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ „რუსთავი 2“-ის დილის კურიერის გამოშვებაში, 10 საათზე, წამყვან, ანუკა ქინქლაძეს, მექანიკური შეცდომა მოუვიდა და „47 პროცენტის“ ნაცვლად „87 პროცენტი“ წაიკითხა.

„თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ როგორც ამის წინა, ისე შემდგომ საინფორმაციო გამოშვებებში ეს ციფრი 47-ად იყო დასახელებული“, - წერს ლაფერაშვილი.

ის აქვე მიუთითებს, რომ   ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით,  ტელეკომპანიამ არა NDI-ს ინფორმაციაზე, არამედ საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა.

„კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს მზაობას, სურვილის შემთხვევაში გავავრცელოთ თქვენს მიერ ოფიციალურად მოწოდებული მონაცემები, როგორც ეს სხვა შემთხვევებში ხდება“, - აღნიშნავს „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი.

Media.ge

ახალი ამბები