კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური შევიწროვების ისტერია ახმეტაში

29 მარტი, 2012

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახმეტაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შევიწროვება გრძელდება. ამჯერად, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის ხელმძღვანელს ზაქარია ქინქლაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, რომელიც 200 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

„24 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ოფისში შემოვიდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუკრი ხაშმელაშვილი, დასუფთავების სამსახურის უფროსი თენგიზ ექვთიმიშვილი და ახმეტის საინფორმაციო ცენტრის უფროსი ომარ მარუქაშვილი ფოტოაპარატით. მათ მკითხეს, ვინ დაყარა ნაგავი ოფისის წინ დადგმული ურნის გვერდით. ვუთხარი, რომ სამშენებლო ნარჩენები, რომელიც ტომრებში იყო მოთავსებული, ურნასთან მე დავალაგე, ოფისში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დამისრულებია და თუ რამე დავარღვიე, ნაგავს მე გადავყრი მეთქი. მათ გამომიცხადეს, რომ არ მქონდა ნაგავსაყრელზე ნაგვის გადაყრის უფლება, რადგან ის ნაგავსაყრელიც მათ ეკუთვნოდათ. ნუკრი ხაშმელაშვილი ოქმის შედგენას შეუდგა, მაგრამ შემდგომ გადადო და წავიდნენ. იმავე ღამეს, ტომრები და ყუთები ღობის შიგნით, ოფისის კუთვნილ ეზოში შევიტანე. მეორე დილით, ოფისთან ახლოს, შემთხვევით შევხვდი ნუკრი ხაშმელაშვილს და ვუთხარი, ტომრები შიგნით დავალაგე მეთქი. მან მითხრა, დღეს, დასვენების დღეა და ხვალ დილით ოქმს მაინც შევადგენო“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზაქარია ქინქლაძემ.

მისივე თქმით, 26 მარტს, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუკრი ხაშმელაშვილი ორ თანამშრომელთან ერთად, „ქართული ოცნების“ ახმეტის ოფისში კიდევ ერთხელ მივიდა და ზაქარია ქინქლაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადასცა. „2012 წლის 24 მარტს, 20:30 საათზე, ახმეტის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ადგილმრეწვის“ ადმინისტრაციული შენობის წინ აღმოჩენილ იქნა გზაზე დაყრილი სამშენებლო ნარჩენები და ნაგავი. როგორც გამოირკვა, აღნიშნული ნარჩენები დაყარა ზაქარია ქინქლაძემ. ამრიგად, ზაქარია ქინქლაძის მიერ ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რაც გათვალისწინებულია 146 პრიმა პირველი მუხლის მე-2 ნაწილით“, - აღნიშნულია ოქმში.

ზაქარია ქინქლაძე: „მას შემდეგ რაც ოქმი დამიტოვეს, ახმეტის რამდენიმე ქუჩა დავათვალიერე. მაინტერესებდა, თუ რა მდგომარეობა იყო. სხვა ადგილებზეც ურნების გვერდით ტომრებში ჩაყრილი ნარჩენები იყო მოთავსებული, ბევრგან ნაგავი ურნის გვერდით ეყარა, მაგრამ ზედამხედველობის სამსახურს სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შეუდგენია“ .

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ნუკრი ხაშმელაშვილს დაუკავშირდა.

- ბატონო ნუკრი, რატომ დააჯარიმეთ მხოლოდ ზაქარია ქინქლაძე, როცა იმავე დღეებში ნარჩენები სხვა ადგილებზეც ეყარა?

- შეხვედრაზე ვარ გენაცვალე, ცოტა მოგვიანებით დამირეკეთ.

- ძნელია ახლავე რომ მიპასუხოთ?

- კი, რა თქმა უნდა.

- მოგვიანებით როდის დაგირეკოთ?

- მერე დამირეკეთ მეთქი რა (ტელეფონი გათიშა და შემდეგ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა).

კობა მაისურაძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „მე დეტალებში გარკვეული არა ვარ. ზაქარია ქინქლაძე რას აცხადებს არ ვიცი, მაგრამ ახმეტაში ნაჩენებს გზაზე ვერსად ვერ ნახავთ. ეგ იყო ადრე, 10-15 წლის უკან, ეხლა აღარ არის ეგრე, ვერსად ვერ ნახავთ დაყრილ ნარჩნებს, სუფთაა ახმეტა“.

შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქინქლაძეს ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობის გამო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არაერთი პრობლემა შეექმნა.

 2011 წლის 24 ოქტომბერს, ზაქარია ქინქლაძემ, ახმეტელების საინიციატივო ჯგუფის სახელით, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. იმავე საღამოს, მას, ახმეტის ცენტრში, კომერციული საქმიანობისთვის იჯარით აღებული ფართის დაცლა მოსთხოვეს. მოგვიანებით ფართის მესაკუთრემ ზაქარია ქინქლაძეს შენობა დააცლევინა და იჯარის ხელშეკრულების პირობების დარღვევის მიზეზით სასამართლოში უჩივლა. ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადების გავრცელების მეორე დღესვე სამსახურიდან გაათავისუფლეს ზაქარია ქინქლაძის შვილი ლევან ქინქლაძე, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრში სპეციალისტად მუშაობდა.

11 მარტს, ახმეტაში „რესპუბლიკური პარტიის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ზაქარია ქინქლაძის მეურნეობა დაიწვა. ხანძრის შედეგად ორი ჰექტარი ვაშლის ბაღი, ნახევარი ჰექტარი თხილის ნარგავი და საკურდღლე მინიფერმა მთლიანად განადგურდა.

15 მარტს, ახმეტაში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად თბილისიდან ჩასული ხელოსნები საოჯახო სასტუმროდან გაყარეს.

26 მარტს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიცია ახმეტაშიქართული ოცნებისგაზეთის გავრცელებას ზღუდავს. ზაქარია ქინქლაძის ინფორმაციით, კვირაობით, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ აქტივისტები ბაზარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზეთებს დაარიგებენ, პოლიციის თანამშრომლები გავრცელებული გაზეთების ამოღებას ახდენენ.

ფოტო-რეპორტაჟი

ახალი ამბები