კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქციები ლოზუნგით - დუტა, დუქნის მასხარა, წადი!

30 მარტი, 2012

ნინო კორაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

თელავის ვაჟა - ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველის თანამდებობიდან დუტა სხირტლაძის გათავისუფლების მოთხოვნით, თეატრის მსახიობები და ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, რამდენიმე დღეში აქციების დაწყებას გეგმავენ.

„ვერაფრით ვერ მოვიშორეთ თავიდან. მის ადგილზე სხვა რომ იყოს, აქამდე დაიჭერდნენ, რადგან თეატრის ბიუჯეტი არამიზნობრივად არის დახარჯული, არაფერი აქ აღარ ხდება, თეატრი მკვდარია. გუბერნატორმაც იცის აქ არსებული მდგომარეობის შესახებ, კულტურის სამინისტრომაც, ჟურნალისტებმაც, საზოგადოებამაც, მაგრამ თეატრს არაფერი ეშველა. ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციებია, იქნებ, როგორმე თეატრის გადარჩენა შევძლოთ, ვაპირებთ, რომ თეატრის შესასვლელში დავსხდეთ და ვიდრე მაგას აქედან არ მოაშორებენ, პროტესტი არ შევწყვიტოთ“, - განუცხადეს თეატრის მსახიობებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ლოზუნგი, რომლითაც მსახიობები საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებენ, თელავის თეატრის ყოფილ სცენარისტს ბაადურ ბალარჯიშვილს ეკუთვნის, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. დუტას კარიკატურა კი, რომლის თავდაყირა გაკვრასაც თეატრის შესასვლელში გეგმავენ, ბესიკ დუღაშვილს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა თელავის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლი არ დაუდგამთ. თეატრს არ მიეწოდება წყალი, ბუნებრივი აირი, გათიშულია ტელეფონი და ინტერნეტი. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 9 მარტს გამოაქვეყნა სტატია თელავის თეატრი პარალიზებულია. „თეატრი ჩაბანძებული და ჩამპალია. მოკლა თეატრი, წიხლით გადაუარა ზედ. თეატრი აღარ არსებობს. რეპეტიცია არ არის, სპექტაკლები არ არის, ხელმძღვანელი არ არის. გათბობა არ არის, გაზი გასულ წელს რომ ჩაჭრეს, იმის მერე აღარ ყოფილა. დენი ძლივს ჩავართვევინეთ. ტელეფონი არ არის, წყალი ჩაჭრილი გვაქვს. 2 თვის ხელფასები მოსხლიტა, მერე ხომ უნდა დაებრუნებინა? წავიდა, მთელი წლის ბიუჯეტი ჩადო რომელიღაც ბანკში, აიღო სესხი და ისე დაგვირიგა ის ხელფასები. ამ თვის ბოლოდან უკვე 4 თვის ხელფასები აღარ გვექნება. ყოველთვე, მარტო ბანკი 900 ლარს აკავებს თეატრის ბიუჯეტიდან. მთავარ რეჟისორად ისევ გოგი ჩაკვეტაძე ითვლება, მაგრამ გასაქანს არ აძლევს, რომ კაცმა მუშაობა დაიწყოს. გრანტი მოიპოვა, ამან წაართვა და ვიღაცას მისცა. პირადად მე, დუტა წელიწადზე მეტია არ მინახავს. ავთო გულიაშვილი რომ დაიღუპა, მას მერე არ მინახავს. თუ ჩუმად მოვიდა, გაიარ - გამოიარა ან სიტყვაში გამოვიდა არ ვიცი, მაგრამ საქმეზე რომ დაგვიბაროს, ან შეკრება მოაწყოს ან გვკითხოს რამე, არ არსებობს. წინსვლაც ყოფილა, ჩავარდნაც ყოფილა, მაგრამ ასეთი რამ არ ახსოვს თეატრს. რაც ამ 2 - 3 წელიწადში ხდება, 42 წელია აქ ვარ და არ მახსოვს“ - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის თეატრის მსახიობმა ელდარ თავდიდიშვილმა.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ კახეთში მოქმედმა ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დუტა სხირტლაძემ თანამდებობა დატოვა, რაც კულტურის სამინისტრომ არ დაადასტურა.

„თელავის თეატრის მმართველს ნიშნავს და ათავისუფლებს კულტურის მინისტრი. ამ დროისთვის კულტურის სამინისტროში დუტა სხირტლაძის განცხადება, მმართველის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, შემოსული არ არის“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თამუნა ჩიხლაძემ.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა დუტა სხირტლაძესთან დაკავშირება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ თელავის თეატრის დასის წევრებსა და დუტა სხირტლაძეს შორის დაპირისპირება უკვე ერთი წელია გრძელდება. მსახიობების თქმით, 2011 წლის 22 მარტს, თეატრის დასის შეკრებაზე, თეატრის მმართველის დუტა სხირტლაძის გინების შემდეგ, მსახიობი ავთანდილ გულიაშვილი, რომელიც ავად იყო, დარბაზში გარდაიცვალა, თეატრის რეჟისორი გოგი ჩაკვეტაძე და მსახიობი ვანო იანტბელიძე კი ავად გახდნენ. ჩაკვეტაძეს სამედიცინო დახმარება თელავის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოუჩინეს. დუტა სხირტლაძე მასთან დაპირისპირების გამო თეატრის მთავარ რეჟისორს გოგი ჩაკვეტაძეს გათავისუფლებითაც დაემუქრა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა და ჩაკვეტაძის გათავისუფლების შესახებ გაკეთებული განცხადება ემოციურობით ახსნა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ვებგვერდზე http://www.ick.ge/ გამოკითხვა ჩაატარა. დასმული იყო ერთი შეკითხვა, უნდა დატოვოს თუ არა დუტა სხირტლაძემ თელავის თეატრის მმართველის თანამდებობა. რესპონდენტთა 76,4%-ს მიაჩნია, რომ დუტა სხირტლაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

გამოკითხვაში მონაწილეობა 639-მა ადამიანმა მიიღო. 12,8%-ს მიაჩნია, რომ დუტა სხირტლაძემ თელავის თეატრის მმართველის თანამდებობა არ უნდა დატოვოს. გამოკითხულთა 10.8%- მა აღნიშნა, რომ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

ახალი ამბები