კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჯარო რეესტრი პრეზიდენტის ოჯახის ქონებაზე მონაცემებს ცვლის?

2 აპრილი, 2012

რუსიკო მაჩაიძე, გაზეთი  „რეზონანსი“

საპარლამენტო უმრავლესობამ ბაღათურიას მოთხოვნა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების ქონებრივ მდგომარეობას შეისწავლიდა, ჩააგდო. მიზეზად ისევ ცნობილი ნათქვამი დასახელდა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს მასკარადის გამართვა უნდა და ამას არ დაუშვებენ.

არადა, ჯონდი ბაღათურია საკმაოდ საინტერესო ფაქტებზე საუბრობს. იმ განცხადებებს კი, რაც აქამდე გაუკეთებია პრეზიდენტის ოჯახის წევრების კორუფციული გზით ნაშოვნ ქონებასთან დაკავშირებით, ახლა ისიც დაემატა, რომ, როგორც ბაღათურია აცხადებს, პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა სადაო დოკუმენტი გააყალბეს.

„29 თებერვალს, ანუ პრეზიდენტთან შემდგარი დებატების მეორე დღეს, კლასიკური მუსიკის ასოციაციამ, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იყო როგორც პრეზიდენტის მეუღლის, დედის და სიდედრის საკუთრება და რომელმაც ივანიშვილისგან უკანონოდ მიიღო ეს მილიონ ასი ათასი ლარი, შეიტანა საჯარო რეესტრში განცხადება და დამფუძნებელ ოქმში ცვლილების შეტანა მოითხოვა. ეს განცხადება იმ დღესვე დაკმაყოფილდა და დამფუძნებელთა ოქმში სამივე დამფუძნებელი გაქრა. როგორც ჩანს, ვერ გაითვალისწინეს, რომ ჩვენ გვაქვს ძველი ამონაწერი, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ დამფუძნებლები არიან პრეზიდენტის სიდედრი, დედა და მეუღლე. შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერ გაექცევიან და უფრო მეტიც, ეს გარკვეულწილად უარესიც კი არის, რადგან ჩანს კვალის წაშლის მცდელობა პრეზიდენტის მხრიდან. მაგრამ პრეზიდენტი ამ ხაფანგიდან თავს ვერ დაიძვრენს და იგი შეცდომას შეცდომაზე ამატებს“, - ამბობს ჯონდი ბაღათურია.

პრეზიდენტის ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის საკითხი ბაღათურიამ თებერვლის ბოლოს, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს დააყენა. შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს გადასცა. ხუთშაბათს კი სამთავრობო საათზე, რომელიც ოპოზიციური ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ მოთხოვნით გაიმართა, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეს უნდა ყოფილიყო.

პრეზიდენტის მეუღლის ქონება

ამ საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის კითხვები, რომლებიც იუსტიციისა და შს მინისტრებს გაეგზავნა, ეხებოდა პრეზიდენტის განკარგულებებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება პრეზიდენტის ოჯახის წევრის, მისი დედის საკუთრებაში გადავიდა.

ფრაქცია ითხოვდა პასუხს, თუ რატომ არ თვლის დარღვევად ხელისუფლება პრეზიდენტის მეუღლის საკუთრებაში არსებული „რადიოს“ მიერ 1 101 294 ლარის მიღებას საქველმოქმედო ფონდ „ქართუსგან“, რომელიც სააკაშვილის მთავარ პოლიტიკურ კონკურენტს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

ცნობისთვის, ქართული კანონმდებლობით, საჯარო მოხელის ოჯახის წევრს არ შეუძლია წელიწადში, საერთო ჯამში, 1000 ლარზე მეტი ღირებულის საჩუქრის აღება და ერთჯერადად 500 ლარზე მეტი ღირებულების.

ამასთან, რატომ არ მოხვდა ეს საჩუქარი პრეზიდენტის ოჯახის ქონებრივ დეკლარაციაში. „ზემოთ ჩამოთვლილი კანონდარღვევების გამო აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე პრეზიდენტის წინააღმდეგ და მიმდინარეობს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები?“ - ასეთი იყო ფრაქციის კითხვა.

ამ კითხვებს კი სამთავრობო საათზე ზურაბ ადეიშვილის მოადგილემ, თინათინ ბურჯალიანმა მხოლოდ ის პასუხი გასცა, რომ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ არგუმენტები პრეზიდენტის ოჯახის კორუფციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, „ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს“.

როგორც ბურჯალიანმა განაცხადა, „პრეზიდენტის დადგენილებით, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ ქონება - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კანონმდებლობით დადგენილი ნორმატიული ფასით გადაეცა. „ხაზს ვუსვამ, რომ შედგა ჩვეულებრივი ყიდვა-გაყიდვა“, - აღნიშნა ბურჯალიანმა.

რაც შეეხება რადიო „მუზას“ მიერ საქველმოქმედო ფონდ „ქართუსგან“ საჩუქრად 1 101 294 ლარის მიღებას და მის პრეზიდენტის ქონებრივ დეკლარაციაში დამალვას, ბურჯალიანის განცხადებით, კლასიკური მუსიკის ასოციაცია რადიო „მუზა“ არაკომერციული, არასამეწამეო იურიდიული პირია და არ არის ორიენტირებული მოგებაზე.

მისივე თქმით, „მუზასთვის“ გადაცემული ნებისმიერი ტიპის შემოწირულობა და საჩუქარი „საქართველოში კლასიკური მუსიკის ხელშეწყობასა და მის პოპულარიზაციას ემსახურება“.

„ასოციაციის დამფუძნებლები და წევრები მატერიალურ და სხვა სახის უპირატესობას არ იღებენ“, - განაცხადა ბურჯალიანმა და დასძინა, რომ კორუფციული დანაშაულის აუცილებელი ელემენტი კონკრეტული პირის მიერ არამართლზომიერი უპირატესობის მიღებაა.

ბურჯალიანმა ხაზი გაუსვა, რომ არც ერთი კორუფციული ელემენტი სახეზე არ ყოფილა და ამიტომ, მათზე არანაირი გამოძიება და სისხლის სამართლებრივი პროცედურები არ მიმდინარეობს.

პრეზიდენტის დედის ქონება

„პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია განათლების სფეროში მონოპოლისტია. მან ქონება შვილის გაპრეზიდენტების შემდეგ იშოვა და მანამდე მხოლოდ ერთი რიგითი მეცნიერ-მუშაკი იყო“, - ეს განცხადება ბაღათურიამ 21 მარტს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და გიული ალასანიას საქმიანობის სქემა წარმოადგინა.

„საქართველოში ორი მონოპოლისტური კლანი ჩამოყალიბდა. ერთს თურქული კაპიტალით პრეზიდენტის დედა ხელმძღვანელობს, მეორეს - რუსული კაპიტალით ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე“, - განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, გიული ალასანია, რომელიც 2004 წლამდე რიგითი მეცნიერი იყო, სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, „საქართველოს უნივერსიტეტს“ აფუძნებს, სადაც გიული ალასანიას და მანანა სანაძეს, რომელიც, ბაღათურიას თქმით, ალასანიას მეგობარია, თითოეულს 37.5 პროცენტიანი წილი აქვს, 12,5 - 12.5 პროცენტი კი პრეზიდენტის ბიძაშვილს, ნიკოლოზ ალასანიას და ედუარდ რობერტ რაუპს ეკუთვნით.

ბაღათურიამ პრეზენტაციაზე სლაიდები და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი წარმოადგინა, რომელიც გიული ალასანიას მიერ სხვადასხვა დაწესებულების ფლობას ეხება.

იგი პრეზიდენტის დედის კიდევ რამდენიმე სასწავლებელთან კავშირის შესახებ საუბრობს. მან წარმოადგინა რეესტრიდან ამონაწერი, რომლის მიხედვით, შპს „საქართველოს უნივერსიტეტის“ საჯარო სკოლის (საქართველოს უნივერსიტეტი მისი 100 პროცენტიანი წილის მფლობელია) დირექტორები გიული ალასანია და მანანა სანაძე არიან, ხოლო მისი 100 პროცენტიანი წილის მფლობელი საქართველოს უნივერსიტეტია.

კიდევ ერთი - შპს საქართველოს უნივერსიტეტის სპორტული სკოლის (ასევე 100 პროცენტით საქართველოს უნივერსიტეტის მფლობელობაშია) დირექტორები გიული ალასანია და მანანა სანაძე არიან. საქართველოს უნივერსიტეტის სასწავლო ავეჯიც, ამავე უნივერსიტეტის მფლობელობაშია.

შპს კაფე „ხადილი“, რომელიც ბაღათურიას წარმომადგენელთა დაკვირვებით, ყოველდღიურად დაახლოებით 1000-1500 სტუმარს მასპინძლობს, ასევე საქართველოს უნივერსიტეტის მფლობელობაშია.

ჯონდი ბაღათურიამ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შესახებაც ისაუბრა. მან წარმოადგინა რეესტრიდან ამონაწერი, რომლის მიხედვით, მასში საქართველოს უნივერსიტეტის წილი 14 პროცენტია.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯერ კიდევ პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენისას, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას წარმოადგინა პრეზიდენტის განკარგულება, რომლის მიხედვით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომლის დამფუძნებელი და პრორექტორი გიული ალასანიაა, პრეზიდენტმა თავისი განკარგულებით, 10 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი გადასცა.

ბაღათურიას თქმით, სწორედ შავი ზღვის უნივერსიტეტი არის რგოლი, რომლითაც პრეზიდენტის ოჯახი უცხოურ კაპიტალს უკავშირდება. იგი მიიჩნევს, უცხო ქვეყნის კაპიტალთან პრეზიდენტის ოჯახის კავშირი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია.

„ამ სქემის უკან თურქი მოქალაქე ფეთჰულაჰ გიულენი დგას, რომელიც საკუთარ ვებ-გვერდზე (მისი ვებ-გვერდი ქართულ ენაზეც არის გაკეთებული) თავს ისლამის მქადაგებელს უწოდებს. ის რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების მონაწილეა და ამის გამო თურქეთში არაერთთგზის იყო დაკავებული“, - ამბობს ბაღათურია.

დეპუტატის თქმით, გიულენი მდიდარი ადამიანია და მისი ბიზნესკომპანია „ჩაღლარი“ შავი ზღვის უნივერსიტეტში ფინანსური კაპიტალით არის შესული. როგორც გიულენის ვებ-გვერდზე არის აღნიშნული, შავი ზღვის უნივერსიტეტში „ჩაღლარის“ ინვესტიცია სამაგალითოა.

გარდა ამისა, ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ ეს კომპანია საქართველოში რამდენიმე სასწავლო დაწესებულებას ფლობს, ესენია: დემირელის სახელობის საბავშვო ბაღი; თბილისის სკოლა/ლიცეუმი „სხივი“; ბათუმის რ.შაჰინის სახ. დაწყებითი სკოლა; ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის დაწყებითი სკოლა; რუსთავის რუსთაველის სახელობის სახელოვნებო დაწყებითი სკოლა; ბათუმის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი; დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი; ნიკოლოზ წერეთლის სახ. საერთაშორისო სკოლა; ბათუმის რ. შაჰინის სახ. დაწყებითი ლიცეუმი; ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი; რუსთავის რუსთაველის სახელობის ლიცეუმი; მარნეულის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი.

„16-მდე საგანმანათლებლო ორგანიზაციის ხელში ჩაგდება პრეზიდენტის დედამ მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა“, - ამბობს ბაღათურია.

მისი თქმით, ფეთჰულაჰ გულენი თურქეთის ხელისუფლებამ არაერთგზის დააპატიმრა. ამჯამად კი ძებნილი არ არის. თუმცა, ამის მიუხედავად, ქართველი სამართალდამცავები მისი საქმით უნდა დაინტერესდნენ. „საქართველოში თურქული თუ ირანული კაპიტალის შემოსვლას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ როცა უცხო ქვეყნის ფული რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებასთან დაკავშირებული საეჭვო პირის გზით შემოდის, ეს უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია“, - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.

უმრავლესობისა და უმცირესობის პასუხი

ეს დოკუმენტები ბაღათურიამ 30 მარტს პარლამენტის სესიაზეც წარმოადგინა. მართალია, პრეზენტაცია თითქმის ცარიელ დარბაზში გაიმართა, მაგრამ უმრავლესობამ მის გასალანძღად მაინც მოიცალა.

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ინიციატივით, პარლამენტის დღის წესრიგში შევიდა: „პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული ფაქტების გამოკვლევის და შესაბამისი რეაგირების მიზნით საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი“.

სხდომის წამყვანმა გიგი წერეთელმა კი საკითხის განხილვამდე, მხოლოდ „საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი“ გამოაცხადა, რაც დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას „არ გამოპარვია“ და წერეთლის მოკლე განცხადება იმით ახსნა, რომ წერეთელს გარკვეული „სახელების და გვარების“ ხსენება ეუხერხულება.

წერეთელმა კი კრიტიკის საფუძველი ვერ დაინახა და ვერ გაერკვა, თუ რატომ აქვს პრეტენზიები ბაღათურიას დღის წესრიგის საკითხის სახელწოდების შემოკლებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ბაღათურიამ დოკუმენტაციების დიდ ეკრანზე წარმოდგენა ნახევრად ცარიელ დარბაზში დაიწყო და სხდომათა დარბაზში „კორუფციასთან მებრძოლი რაინდები“ - აკაკი მინაშვილი და გოკა გაბაშვილი, უშედეგოდ მოიკითხა. „კარგი იქნებოდა, კორუფციასთან მებრძოლი რაინდები - გაბაშვილი და მინაშვილი აქ ყოფილიყვნენ“ - განაცხადა ბაღათურიამ.

პრეზენტაციისას არა, მაგრამ უკვე გადაწყვეტილების მიღებისას უმრავლესობამ ცალსახად განაცხადა, რომ ბაღათურიას „მინებიან სასახლეში“ მყოფთათვის უნდა თავის მოწონება და ისინი „მასკარადების მოწყობას“ არ დაანებებენ.

კენჭისყრისასაც შესაბამისი შედეგები დაფიქსირდა და კომისიის შექმნას მხარი მხოლოდ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობამ“ დაუჭირა. უმრავლესობის 70 წევრი კი წინააღმდეგი წავიდა მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დეპუტატი სხდომათა დარბაზში საერთოდ არ იმყოფებოდა. „ქრისტიან-დემოკრატები“ კი დარბაზში საერთოდ არ გამოჩენილან.

წყარო: http://www.ambebi.ge/politika/50534-sajaro...mebs-cvlis.html

ახალი ამბები