კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარემოსთვის დამღუპველი ცვლილებები გარემოს დაცვის კანონში

3 აპრილი, 2012

თეა თოფურია

არასამთავრობო ორგანიზაციები გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგ გამოდიან. მთავრობის ინიციატივით, კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიძლება დაიდოს შეთანხმება განუსაზღვრელი ვადით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, რომლის მიხედვითაც, შეთანხმების მოქმედების პერიოდში დაინტერესებული პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება ჩაითვლება კანონიერად სახელმწიფოსთვის გადახდილი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ორჰუსის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია: „შეთანხმების დადების დღიდან პირს არ დაეკისრება არანაირი სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებულია მის არამართლზომიერ საქმიანობასთან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში. კანონპროექტის მიხედვით, ასევე დაუშვებელია, პირის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში განხორციელებული ქმედებების შემოწმება მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან და რაიმე სახის ჯარიმისა თუ სხვა სახის პასუხისმგებლობის დაკისრება“.

როგორც ორჰუსის ცენტრი, ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილების შედეგად პირი აღარ მიეცემა პასუხისმგებლობაში ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, როგორიცაა, მაგალითად:

• წყლის ობიექტის, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის  (მათ შორის დაცული ტერიტორიების საზღვრებში) თვითნებური დაკავება;

.  მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა და მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა;
 
• მიწის გაუვარგისება საწარმოო და სხვა ნარჩენებით და მისი ჩამდინარე წყლით დაბინძურება;
 
• დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიწების არამიზნობრივი გამოყენება და მათ საზღვრებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება;

• დაცული ტერიტორიების საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა; მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისას ნიადაგისა და წყლის გაუვარგისება;

• წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე ან ლიცენზიის პირობების დარღვევით;

• სარგებლობის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევა;

• წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა და წყალსარგებლობის წესების დარღვევა;

• ზღვის დაბინძურება, მათ შორის შხამქიმიკატებითა და ნავთობით;

• ტყითსარგებლობის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა;

• ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების ან ტყის ხანძრისაგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა დარღვევა;

• ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და ჩIთEშ-ის კონვენციის დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა;

• გარემოს დაცვის ნორმების დარღვევა; 

• ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნორმების გადამეტებით;

• ქიმიურ საშუალებათა გარემოში გამოყენების ნორმების დარღვევა და მათი ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა;

• ტყვიაშემცველი ბენზინის იმპორტი და რეალიზაცია; საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე ან გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

• გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა;
 
• გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, მათი გამრავლების არეალების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება და ჰიბრიდიზაცია;
 
• საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი დატყვევება;
 
• უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით ვაჭრობა; თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა, სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღითა და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებებით უკანონოდ შესვლა;
 
• ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა;
 
• თვითმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა; თვითმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება;

• კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებისთვის ხელის შეშლა და სხვა.

ზემოაღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც „ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში“ (მუხლი 37). გარდა ამისა, კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის - ორჰუსის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, გარემოზე ზემოქმედების ნებართვისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების (რომელიც მოითხოვება გარემოზე ზემოქმედების ნებართვით) გარეშე საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ისპობა კონკრეტული საქმიანობების შესახებ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების  მონაწილეობის შესაძლებლობა და ამით ირღვევა ორჰუსის კონვენციის მე-6 მუხლი. ასევე ირღვევა ამავე კონვენციის გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებაც, რადგან გარემოზე ზემოქმედების ნებართვისა და ჰაერში გაფრქვეული თუ წყალში ჩაშვებული ნივთიერებების შესახებ სტატისტიკური ანგარიშგებისაგან პირის გათავისუფლების შემთხვევაში, შეიზღუდება ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ (მუხლი 4-5).

თავის მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორმა კანონში შესატან ცვლილებებს არასწორი ინტერპრეტირება მისცა. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გაავრცელა  განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „კანონპროექტის თანახმად... „პირის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში ჩადენილი/განხორციელებული ყველა ქმედება ითვლება კანონიერად“. ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება ითვალისწინებს მის დადებამდე გასული დროის კონკრეტულ პერიოდს და ამ პერიოდში პირის მიერ განხორციელებული ქმედებების კანონიერად მიჩნევას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონპროექტის დებულება არ მოიცავს სამომავლო პერიოდს და შეუძლებელია, პირს მიეცეს შეთანხმების დადების დღის შემდგომ პერიოდში უკანონოდ მოქმედების შესაძლებლობა“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თათული თოდუა ამბობს, რომ მიუხედავად მთავრობის მიერ წარმოდგენილი არგუმენტისა, უშუალოდ კანონში შესატანი ცვლილების ტექსტი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ის მხოლოდ წარსულ დროში ჩადენილ უკანონო ქმედებებზე გავრცელდეს: „უკეთეს შემთხვევაში, შესაძლოა, გამოვიდეს მთავრობის დადგენილება, რომელშიც განიმარტება, რომ ეს კანონი წარსულ პერიოდს ეხება, მაგრამ ეს დადგენილება შეიძლება გამოსცენ, შეიძლება არა“.
 
მისივე თქმით, კანონში, რომელიც პარლამენტმა უკვე მესამე მოსმენით მიიღო, არსად არ არის მითითებული, რომ ის გასულ პერიოდს შეეხება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, ვეტო დაადოს აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს. თუმცა, პრეზიდენტის მხრიდან ამ მიმართვაზე რეაგირება არ ყოფილა.

ახალი ამბები