კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უარი სამთვიანი ლოდინის შემდეგ

5 აპრილი, 2012

ალექსი ბეჟანიშვილი

ოპოზიციური კოალიციის, „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღებაზე უარი უთხრა. 4 აპრილს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს.
 
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე დასკვნა 4 აპრილს – თითქმის სამი თვის თავზე გამოსცა მას შემდეგ, რაც 5 იანვარს ივანიშვილმა მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღებაზე განცხადება შეიტანა. ამ ნაბიჯამდე, 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით ოფიციალურად მიმართა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს და საფრანგეთის მოქალაქის პასპორტი ჩააბარა.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

„საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს  ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“, – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით, რაზეც „შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს“.

„მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში“, – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეობის მისაღებად მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულია 3 თვე. სწორედ ეს დრო დასჭირდა სამოქალაქო რეესტრს ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე დასკვნის გამოსატანად.

კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე პრეზიდენტმა უარი შეიძლება უთხრას იმ პირს, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ; მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში; ან  სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.

ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ტყუილს და უკანონობას

ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღებაზე უარის თქმა არის „პოლიტიკური“ გადაწყვეტილება „ძლიერი კონკურენტის“ წინააღმდეგ, თუმცა ეს ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებს არ შეცვლის - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.

„ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ტყუილსა და უკანონობას“, – განუცხადა 5 აპრილს ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს, - „თავის დროზე ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან სააკაშვილს შეეშინდა ძლიერი კონკურენტის. ახლაც, ეს გადაწყვეტილებაც არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის ხალხის განწყობა, იცის რეალური რეიტინგები და იცის, რომ იგი არ არის კონკურენტუნარიანი“.

მისი თქმით, ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ გეგმებში არაფერი შეიცვლება და ივანიშვილი მისი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი იქნება.

„ბიძინა ივანიშვილი დარჩება კოალიციის ლიდერი, მის კოალიციას ერქმევა „ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნება“, იგი ასევე იქნება პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ამ გაერთიანებისა, ეს კოალიცია აუცილებლად გაიმარჯვებს ოქტომბრის არჩევნებში და ყველა დასახული გეგმა იქცევა რეალობად“, – აღნიშნა მან.

საქართველოს მოქალაქეობის არქონა ივანიშვილს უზღუდავს  უფლებას, გახდეს პარტიის ლიდერი და კენჭი იყაროს არჩევნებში. მას ასევე არ ექნება უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო აგიტაციაში.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეობასთან დაკავშირებით მიღებული „სამართელბრივი“ გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელსაც „პოლიტიკასთან“ არანაირი შეხება არ აქვს, ივანიშვილს „ქართულ პოლიტიკაში მოქმედების სრული თავისუფლება აქვს“.

საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ არავის სჯერა იმის, რომ სამოქალაქო რეესტრის დასკვნა მხოლოდ სამართლებრივი საკითხია და მასში პოლიტიკა არანაირ როლს არ ასრულებს. მისი თქმით, ქრისტიან–დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ ივანიშვილს უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოსთვის.

თარგამაძემ განაცხადა, რომ ეს სადავო თემა, რომლის გადაწყვეტის პროცესიც სავარაუდოდ ხანგრძლივად გაგრძელდება, შეიძლება მოგვარდეს კონსტიტუციაში ივანიშვილისთვის სპეციალური შესწორების შეტანის გზით. კერძოდ, მისი წინადადებით, ევროკავშირის წევრის ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და ბოლო 10 წელი ცხოვრობენ, საკონსტიტუციო ცვლილებებით, უნდა მიეცეთ არჩევნებში კენჭისყრის უფლება.

„ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის პროცესში აქტიურად იქნას განხილული ჩვენს მიერ შეთავაზებული იდეა, რომელიც ეყრდნობა ევროკავშირის პრეცედენტს და ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის – საფრანგეთის მოქალაქეს, რომელსაც ათი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების ცენზი გააჩნია, ჰქონდეს პოლიტიკური უფლებები, კერძოდ, გაიაროს საარჩევნო რეგისტრაცია, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, იყოს არჩეული პოლიტიკურ თანამდებობაზე, სათავეში ჩაუდგეს საარჩევნო სიას და ა.შ. რა უფლებებიც გააჩნია საქართველოს მოქალაქის სტატუსის ადამიანებს“, - განაცხადა თარგამაძემ და აღნიშნა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მოქალაქეობაზე უარის თქმა გამართლებული არ არის.

როგორც 5 აპრილს შუადღისას გაირკვა, საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, მხარი დაუჭიროს „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივას. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო ურმავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა განუცხადა, უმრავლესობა ამ ინიციატივას უკვე გაეცნო და მხარსაც დაუჭერს. მისივე თქმით, ამ ინიციატივის გათვალსწინებით, ივანიშვილის მოქალაქეობის თემასთან დაკავშირებულ ყოველგვარ ინსინუაციებს სპეკულაციებსა და პოლიტიკურ წიაღსვლებს საბოლოოდ დაესმება წერტილი.

„ბიძინა ივანიშვილს ექნება სრული საშუალება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ექნება ყველა ის პოლიტიკური უფლება, რაც აქვს თითოეულ ჩვენგანს და მისი პოლიტიკური უფლებები არანაირად შეზღუდული არ იქნება“, - განაცხადა გაბაშვილმა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

რა საჭიროა ცვლილებები კონსტიტუციაში?

 „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ინიციატივას ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით, იურისტები არარეალურს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ეს პროცესის გაჭიანურებას გამოიწვევს. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა კახა კოჟორიძემ განუცხადა, საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებები საჭირო არ არის, რადგან ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას არსებული კანონმდებლობაც ითვალისწინებს.

კოჟორიძის თქმით, მართალია, საქართველოს კანონმდებლობა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭებას სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის არ ითვალისწინებს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი გაცხადებული ჰქონდა. მისივე თქმით, პრეზიდენტის 2009 წლის #34-ე ბრძანებულება კანონმდებლობის ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გაგებას ითვალისწინებს, რომელიც უფრო დეტალურად განსაზღვრავს, თუ რა წესით ხდება ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭება.

„ამ ბრძანებულების თანახმად, როდესაც ნატურალიზაციის გზით პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ მიმართავენ, პირი შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ თანახმაა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ შეუწყდეს. ცხადია, კანონმდებლობა პრეზიდენტის ამ ბრძანებულებითაც ასეა გაგებული, რომ ფორმალურად, მიმართვის მომენტში შესაძლებელია, ეს პირი იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. უბრალოდ, მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ უნდა შეწყვიტოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ეს რომ ივანიშვილის ნება და ინტერესია, მის მიერ საფრანგეთის საელჩოსთვის მიმართვით დასტურდება“, - განაცხადა კოჟორიძემ.

ივანიშვილის ადვოკატის შალვა თადუმაძის განცხადებით კი, ქდმ-ს ინიციატივა პროცესის გაჭიანურებას ემსახურება და არარეალურია. მისი თქმით, ამ ინიციატივის განხილვა პარლამენტში უნდა მოხდეს და გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა მიიღოს.

„პრეზიდენტი როცა ვერ იღებს გადაწყვეტილებას, პარლამენტი უფრო ვერ მიიღებს. ამდენად, მიმაჩნია, რომ ეს არარეალური გზაა. არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას და არანაირი სხვა გზის ძიება საჭირო არ არის“, - განაცხადა თადუმაძემ.

ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდათ. მოგვიანებით, სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება მხოლოდ ეკატერინა ხევდელიძის მიმართ გააუქმა. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღება მოითხოვა.

სტატია მომზადდა „სივილ ჯორჯიას“ და „ინტერპრესნიუსის“ მასალებზე დაყრდნობით

ახალი ამბები