კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაზა ხატიაშვილი: „მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციების სათაო ოფისებს, სააკაშვილი გამოაცხადონ პერსონა ნონ გრატად ევროპაში!“

6 აპრილი, 2012

თამთა ბელიაშვილი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრს ადვოკატთა დევნისა და დაპატიმრების ტენდენციაზე ესაუბრება. მისი მონაცემებით, დღეისათვის 142 ადვოკატია გასამართლებული და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება.

- ბატონო ზაზა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი დასკვნები და ანალიზი - რა მიზანი ან მიზეზები შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, როცა ადვოკატებს დევნის და აპატიმრებს?

- მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის პერიოდში დააბინძურა ყველა სფერო. შევარდა ტელევიზიებში და თავისი აბსოლუტური ძალაუფლება დაამყარა. იგი ანადგურებს პროგრესულად მოაზროვნეებს, რომლებსაც შეუძლიათ განავითარონ დემოკრატიული ინსტიტუტები. ჯერჯერობით ვერაფერი მოუხერხა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და კულტურის მუშაკთა პროფესიულ კავშირს. ამ გაერთიანებებში ვერ დასვა თავისი ადამიანი. ხედავთ, რომ დღეს კონტროლის პალატა ხალხს აჯარიმებს უსაფუძვლოდ, უმნიშვნელო გადაცდომების გამო. მაშინ, როცა მე მილიონი ევრო შემომთავაზეს, რათა მომეხსნა ადვოკათა ასოციაციის ხელმძღვანელის არჩევნებიდან, კერძოდ - მე-2 ტურიდან ჩემი კანდიდატურა და ეს ფაქტი პრესითა და ტელევიზიით გაშუქდა. ამაზე რატომღაც ყველა გაჩუმდა. იმ შემთხვევაში, თუ ავიღებდი ამ ფულს, ხომ დამიჭერდნენ? რატომ არ აწარმოეს გამოძიება იმის შესახებ, ვინც ჩემი მოქრთამვა განიზრახა? მსგავს დათმობებზე არ მივდივართ და დავიწყეთ მოქმედი რეჟიმის აქტიური მხილება. ამიტომ მათი მთავარი სამიზნე გავხდით ჩვენ - ადვოკატები. სააკაშვილისა და მისი ხელქვეითების მიზანი ადვოკატთა კორპუსის დაშინება და განადგურებაა. დღეს ყველა ადვოკატმა იცის, რომ მათი პროფესია სარისკოა. მე არ ვამბობ, რომ ყველა ადვოკატი სუფთაა, მაგრამ ადვოკატთა უმრავლესობა მოწადინებულია, დაიცვას ხალხის უფლებები. დღეს 18 პატიმარი ადვოკატი ქალი იმყოფება ციხეში. ეს არის საშინელება და დადასტურება, რომ ამ რეჟიმის ძირითადი სამიზნე გახდნენ იურისტები. თუ ჩვენ არ ვიბრძოლებთ სამართლიანობის დაცვისთვის და მათთან ვითანამშრომლებთ, ალბათ, ყველა პატიმარს გამოუშვებენ, მაგრამ ეს იქნება ფარ-ხმალის დაყრა უსამართლობასთან.

- ადვოკატთა დაპატიმრების და დევნის რომელ ნიშანდობლივ შემთხვევებზე შეგიძლიათ, გაამახვილოთ ყურადღება?

- ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ირინა საღინაძის საქმე, რომელსაც 4 თვის განმავლობაში რამდენჯერმე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. წავიყვანე საავადმყოფოში და გადაღების შემდეგ დადასტურდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი. ამის შესახებ მივმართე იუსტიციის მინისტრს, მაგრამ - უშედეგოდ. მიმართვას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია მისგან.

თქვენ კარგად გახსოვთ, ალბათ, 21-ე საუკუნის ყველაზე პოპულარული პატიმრის - მარიანა იველაშვილის საქმე, რომელიც ცუდი საადვოკატო მომსახურების გამო გაასამართლეს. გოგონას დაპატიმრებამ დიდი პროტესტი გამოიწვია ევროპელ კოლეგებში. საფრანგეთში გამოაკრეს ბანერი და 1800-მა ფრანგმა ადვოკატმა მოაწერა ხელი, რომ საქართველოში იველაშვილი არის რეჟიმის ტყვე. ეს მიმართვა გავუგზავნეთ დიდი რვიანის სახელმწიფოთა მეთაურებს, რის შედეგადაც საქართველოს პრეზიდენტი იძულებული გახდა, გაეთავისუფლებინა მარიანა იველაშვილი.

მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ლალი ჯიმშერაშვილის საქმე. იგი აღწერს, როგორ ჩაკეტეს ჩვენებამდე 5 საათის განმავლობაში, როგორ აძალებდნენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეზე და სხვა ადვოკატებზე კომპრომატების მიცემას და ამის შემდეგ როგორ დაემუქრნენ გაუპატიურებით. მას შემდეგ ლალი ჯიმშერაშვილი ქვეყნიდან  წავიდა. ამჟამად იგი იმყოფება ლიეჟში და პოლიტიკურ თავშესაფარს ეძებს. მე ჩავედი ლიეჟში, საიდანაც ჯიმშერაშვილი წავიყვანე ბრიუსელში და ჩავატარე პრესკონფერენცია მის დასაცავად და ადვოკატთა დევნის შესაწყვეტად. 

ციხეებში საშინელი ძალადობის ფაქტები ხდება. განსაკუთრებით ამოჩემებული ჰყავთ გოგონები და მათ გასატეხად იყენებენ სადისტურ მეთოდებს. ჩვენ გვაქვს კიდევ 10-15 ფაქტი, რაზეც ამჟამად ვმუშაობთ.

- თუ მიგიმართავთ ამ ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისთვის და როგორია მათი რეაქცია?

- მე შევხვდი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის წინა კომისარს, თომას ჰამერბერგს და შემდეგ პელე ენარსონს, რომელიც საგარეო დიპლომატიის პირველი პირია საქართველოსთან მიმართებაში. იგი საქმის კურსში ჩავაყენე თუ რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში და გავაცანი ჩვენი განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაზე ევროპის ქვეყნებში. ამ კუთხით არის რაღაც ძვრები. თუმცა, თუ სამოქალაქო საზოგადოება არ დაგვეხმარა, მხოლოდ ადვოკატთა ასოციაცია ვერაფერს მიაღწევს. მოქმედ ხელისუფლებას გარკვეული მხარდაჭერა აქვს ევროპარლამენტში და ამიტომ საჭიროა, დაიწყოს მასშტაბური სამართლებრივი კამპანია მის წინააღმდეგ. საქართველოში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, სამწუხაროდ, არ არსებობს, იმ თვალსაზრისით, რომ არ არის აქტიური. ხალხს რომ ებრძოლა თავისი უფლებების დასაცავად, ბევრი რამ არ შერჩებოდა არსებულ რეჟიმს.

- ბატონო ზაზა, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის თუ მიგიმართავთ დახმარებისთვის და ისინი როგორ აფასებენ ასეთ ტენდენციას?

- საქართველოში მე არც ერთ უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციას არ ვცნობ, რადგან ისინი ემსახურებიან მთავრობას. ახლა ირკვევა, რომ მათი სტატისტიკით, საქართველოს მოსახლეობის 75% სააკაშვილს ენდობა, 73% კი აღფრთოვანებულია სასამართლოთი, სადაც რეალურად, ფეოდალები ასამართლებენ ადამიანებს მოსამართლეების ფორმით. ამიტომ მათთვის მიმართვას, უბრალოდ, აზრი არა აქვს. ეს იქნება დროის ფუჭი კარგვა. ჩვენ მივმართეთ დიდი რვიანის სახელმწიფოთა მეთაურებს, ევროპის ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიას. ეს უკანასკნელი სამჯერ იყო საქართველოში ჩამოსული. პირველად დაწერა დასკვნა, რომ საქართველოში ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნაა. მეორედ, როდესაც ისევ შევწუხდით აღნიშნული ტენდენციით, კვლავ მივმართე ევროპის ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიას. წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ჩამოვიდნენ და ამჯერად პირველზე მძაფრი დასკვნა დაწერეს, სადაც ნათქვამია, რომ იურისტების პროფესია საქართველოში დესტაბილიზაციას განიცდის და ადვოკატები შიშის ქვეშ აგრძელებენ მოღვაწეობას. ობსერვატორიის წარმომადგენლები მესამედაც იყვნენ ჩამოსულები და ახლა ამზადებენ კიდევ  დასკვნას, სადაც საუბარი იქნება მალხაზ არქანიას საქმეზეც, რომელზეც იძალადეს და გაუპატიურებითაც დაემუქრნენ.

გახსოვთ, ალბათ, საპროტესტო აქცია, როდესაც ხელბორკილები დავიდეთ და უკმაყოფილება გამოვხატეთ ადვოკატებზე ზეწოლის შესახებ. ამის მიუხედავად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლებიდან არავინ დაინტერესებულა, რატომ ვიდექით და რას ვაპროტესტებდით. სწორედ ამიტომ, ჩვენ იძულებულნი ვართ, გავიდეთ პირველ პირებზე და მივმართოთ სათაო ოფისებს. პირდაპირ მათ მივმართავთ, სააკაშვილი გამოაცხადონ პერსონა ნონ გრატად ევროპაში. უშუალოდ საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისების მთავარი მიზანი კი მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის რეკლამირებაა. არავინაა, ვინც შეებრძოლება მის რეჟიმს.

- რა უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში, რომ ადვოკატებმა უფრო მეტად დაცულად იგრძნონ თავი?

- უპირველეს ყოვლისა, რეჟიმი უნდა შეიცვალოს. დამნაშავეები უნდა დასხდნენ საბრალდებო სკამზე, განსაკუთრებით - მერაბიშვილი-ადეიშვილი-სააკაშვილის სამეული. ხალხს უნდა გაუჩნდეს სამართლიანობის აღდგენის სურვილი და დაიწყოს მისთვის ბრძოლა. ქართველებმა უნდა გაასამართლონ ეს ბოროტმოქმედი ხელისუფალნი, რადგან ყველას შერჩა არაერთი დანაშაული. ხალხმა უნდა აირჩიოს მმართველი, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალებით არ მოგვახვევს რომელიმე სახელმწიფო. საზოგადოებაში უნდა დაიმსხვრას „დემოკრატიის შუქურის“ მითი. სწორედ მაშინ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ ქვეყნის განვითარებაზე, წინსვლაზე.

ახალი ამბები