კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყვითელი ბარათი მურმან დუმბაძეს

10 აპრილი, 2012

სალომე აჩბა, www.religiebi.info

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მურმან დუმბაძეს, ქსენოფობიური განცხადებების გამო, სიმბოლურად ყვითელი ბარათი გაუგზავნეს. დუმბაძის მიერ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოთქმული ქსენოფობიური განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმა 5 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე გააპროტესტეს.

„ქართული ოცნების“ წევრმა მურმან დუმბაძემ რამდენიმე დღის წინ ტელეეთერით განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი წევრი გიორგი მასალკინი „გენით ქართველი არ არის“ და ამიტომაც არ აღიქვამს მტკივნეულად ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხს. არასამთავრობო ორგანიზაციები დუმბაძისგან საჯარო ბოდიშს მოითხოვენ.

„ბოლო პერიოდში  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომლებიც შეიცავდა ქსენოფობიის - რელიგიური და ეთნიკური შეუწყნარებლობის - ნიშნებს. აღნიშნული განცხადებების ავტორები, სავარაუდოდ, ცდილობენ, ეთნიკურ და რელიგიურ გრძნობებზე თამაში ამომრჩეველთა ხმების მოპოვების მთავარ იარაღად აქციონ. ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააცნობიეროს, რომ ქსენოფობიით, რელიგიურ და ნაციონალურ გრძნობებზე თამაშით საქართველოში წარმატების მიღწევა უკვე შეუძლებელია. არავის უნდა მიეცეს საშუალება გააღვივოს საქართველოში ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დაპირისპირება და საფრთხე შეუქმნას ქართულ სახელმწიფოებრიობას“, - ვკითხულობთ არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

ქსენოფობიის წინააღმდეგ გავრცელებულ მიმართვას, ხელს შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ: კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“, „მრავალეროვანი საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, „სტუდია რე“ და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

„მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობით სიძულვილის ენა დასჯადი არ არის, ვფიქრობ, მაინც მიუღებელია მისი ტირაჟირება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გამონათქვამებისგან. ამგვარი განცხადებების ტირაჟირება ხელს შეუშლის ქვეყანაში ნორმალური პროცესების წარმართვას“, - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი.

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელმა, მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ კი, მედიასაშუალებებს ქსენობობიურ განცხადებებთან დაკავშირებით, სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთი მგრძნობიარე თემებით მანიპულირებას ცდილობენ. მათ მიაჩნიათ, რომ  ამ ტიპის  განცხადებებით შეიძლება საზოგადოების ნდობისა და მხადრაჭერის მოპოვება. მინდა, ვთხოვო ჩემს კოლეგა ჟურნალისტებს, რომ არ შეუწყონ ხელი ასეთი ქსენოფობიური განცხადებების ტირაჟირებას და არ გახდნენ თამაშის იმ წესების მონაწილენი, რომელსაც ცალკეული პოლიტიკოსები გვთავაზობენ“, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

„მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელმა არნოლდ სტეფანიანმა პრესკონფერენციაზე, მურმან დუმბაძეს სიმბოლურად ყვითელი ბარათიც გაუგზავნა.

„მრავალეროვანი საქართველო“ მურმან დუმბაძეს ყვითელ ბარათს უგზავნის და ბოდიშის საჯაროდ მოსახდელად აძლევს დროს, ამ ბარათის ფოსტით მიღებიდან ერთი დღის ვადაში. თუ არ მოიბოდიშებს, შემდეგ წითელ ბარათს გავუგზავნით. წითელი ბარათი კი, მოგეხსენებათ რასაც ნიშნავს“, - აღნიშნა არნოლდ სტეფანიანმა.

დუმბაძეს ბოდიში პირადად არ მოუხდია. თუმცა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, რომლის წევრიც დუმბაძე გახლავთ, გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ბოდიშს იხდიდა მათი წევრის, მურმან დუმბაძის ქსენოფობიური განცხადების გამო. თავად დუმბაძემ კი რამდენიმე დღის წინ, გაზეთ „რეზონანსს“ განუცხადა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

მურმან დუმბაძის განცხადებას, მისი ადრესატი გიორგი მასალკინიც გამოეხმაურა: „ჩვენ მეტი წინდახედულება და დიპლომატია გვმართებს. არ შეიძლება, სხვადასხვა რელიგიაზე და წარმომავლობებზე გავაკეთოთ უარყოფითი აქცენტები. ჩვენს ირგვლივ სხვადასხვა მეზობელი სახელმწიფოა, სხვა აღმსარებლობის ხალხია და ჩვენ კი მათი მხარდაჭერა გვჭირდება. ამიტომ ასეთი ქსენოფობიური განცხადებები საქმეს არ წაადგება. ჩემთვის პირადად და ჩემი ოჯახისთვის ბოდიში არავის მოუხდია. გამოვიდეს დუმბაძე „ობიექტივში“, სადაც შეურაცხყოფა მომაყენა და იქ მოიხადოს ბოდიში... მაგრამ ამას ვერ იზამს“, - აღნიშნა მასალკინმა Tspress.ge-სთან საუბარში.

დუმბაძის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას სახალხო დამცველიც კრიტიკულად გამოეხმაურა. „ვთვლი, რომ მსგავსი განცხადება უაღრესად კრიტიკულ შეფასებას იმსახურებს ჩემგან, როგორც უფლებადამცველისგან, რადგან დაუშვებლად მიმაჩნია ეთნიკური წარმომავლობის რაიმე სახის პრობლემად წარმოჩენა. ამ ტიპის განცხადებების გაკეთებისაგან განსაკუთრებით  პოლიტიკურმა მოღვაწეებმა უნდა შეიკავონ თავი, რადგან მსგავსმა რამემ შეიძლება საზოგადოებაში შეუწყნარებლობის გაღვივებას შეუწყოს ხელი, რაც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ერთიანობას და შეურაცხყოფს არამარტო კონკრეტულ პიროვნებას, არამედ ზოგადად საქართველოს მოქალაქეების ღირსებას, ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და მიზნებს, რომელთა დამკვიდრება საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას წარმოადგენს და დეკლარირებულია საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ყველას მოუწოდებენ, სიფრთხილით მოეკიდონ უმცირესობების საკითხს და თავი შეიკავონ ქსენოფობიური განცხადებებისგან. როგორც მათ მიმართვაშია აღნიშნული, სამოქალაქო სექტორი მომავალშიც მოახდენს საჯარო რეაგირებას, ნებისმიერი პოლიტიკოსისა თუ  საზოგადო მოღვაწის მიერ გაკეთებულ ქსენოფობიურ, სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებზე.

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

ახალი ამბები