კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტერორი ახმეტაში - კუდ-ის თანამშრომლები ick.ge-ს მიერ გამოკითხულ მოქალაქეებს დაემუქრნენ

11 აპრილი, 2012

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ ახმეტაში გამოკითხულ რესპონდენტებზე შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები ზეწოლას ახორციელებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა კითხვაზე - სამართლიანია თუ არა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილება, ახმეტაში გამოკითხვა 5 აპრილს ჩაატარა. გამოკითხვის შედეგების ამსახველი ვიდეომასალა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე იმ დღესვე, 17:38 საათზე განთავსდა. გამოკითხულთა სრული უმრავლესობა გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს.

ვიდეომასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოკითხულ მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოდან დაურეკეს.

„რამდენიმე მოქალაქე დამიკავშირდა და თვითონ მითხრეს, რომ მათზე ზეწოლა განხორციელდა. კუდი აქტიურობს. მაგალითად, ვიდეოში ერთ-ერთი, გივი დავითაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს მოქალაქეობა უნდა მისცენ. მისი შვილი სასწრაფო დახმარების სამსახურში მუშაობს და ალბათ გაათავისუფლებენ. ტელეფონზე რომ ვესაუბრე გივის, მითხრა, კახა ამოვა თელავიდან და დავაზუსტებ, რას მიპირებენო“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის ხელმძღვანელმა ზაქარია ქინქლაძემ.

მისივე თქმით, ესაუბრა კიდევ ერთ რესპონდენტს, რომელსაც ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზია აქვს. „ნუნუ ჰქვია. ვკითხე, ვინმემ რამე ხომ არ გითხრა მეთქი? დაზაფრული იყო. რას ჰქვია, მითხრეს კი არა, რა დღე აღარ მაწიესო“, - ამბობს ზაქარია ქინქლაძე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ზეწოლა ახმეტაში მცხოვრებ  ზაქარია ქუტაშვილზეც განხორციელდა. ქუტაშვილი ვიდეოში ამბობს: „ეგ არის არაადამიანური გადაწყვეტილება. ეშინია (სააკაშვილს), რომ არ გავიდეს ის (ივანიშვილი) პრეზიდენტად“. ოჯახის წევრებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ქუტაშვილი არ დააკავშირეს და აღნიშნეს, რომ ტყეში იყო წასული. მეზობლების თქმით, გუშინ, გვიან საღამოს, ქუტაშვილს უშიშროების თანამშრომლებმა მიაკითხეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გივი დავითაშვილთან დაკავშირება მოახერხა:

- ბატონო გივი, გუშინ ჟურნალისტს რომ უპასუხეთ კითხვაზე, ამის გამო ვინმემ დაგირეკათ?

- კი, იყო ზარები, უშიშროებიდან. დღეს საღამოს უნდა შევხვდეთ. ახლა არ მესმის, გზაში ვარ და სხვა დროს დამირეკეთ“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი კიდევ ერთ რესპონდენტს, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული მაღაზიის გამყიდველს, ქალბატონ ნუნუს ესაუბრა. „დიახ, დამირეკეს“.

- რამე დახმარება ხომ არ გჭირდებათ?

- თუ დამჭირდება სად დავრეკო?

- ჩაიწერეთ ჩემი ნომერი ....

- აი, ბავშვებზე მეშინია.

- რამდენი შვილი გყავთ?

- ორი. გოგო პოლიციის თანამშრომელია, ბიჭს მარშუტკა აქვს“ (ჩანაწერის სტილი დაცულია).

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ ჩვენს მიერ გამოკითხულ რესპონდენტებს კუდ-ის კახეთის სამმართველოს თანამშრომელმა დიტო ქინქლაძემ დაურეკა. კუდ-ის თანამშრომელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ კუდ-ის კახეთის სამმართველოს შს მინისტრის მოადგილის გია ლორთქიფანიძის ძმა, დავით ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. ლორთქიფანიძეები წარმოშობით ახმეტიდან არიან.

ახალი ამბები