კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით მილიონ სამასი ათას ლარს ითხოვს

19 აპრილი, 2012

ნატა ძველიშვილი, media.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს „მეორე არხის“ ფუნქციონირებისთვის სარეზერვო ფონდიდან მილიონ სამასი ათასი (1 300 000) ლარის გამოყოფას სთხოვს. მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, გიორგი ჭანტურიას სამეურვეო საბჭომ ამ საკითხზე თანხმობა 12 აპრილს გამართულ სხდომაზე მისცა.

მაუწყებლის ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული თანხა ქუთაისში „მეორე არხის“ ოფისისა და პარლამენტის შენობის ტექნიკური აღჭურვისთვის გამოიყენება. ამავე მიზნისთვის ტექნიკის შესაძენად საზოგადოებრივამ მაუწყებელმა შვიდ მილიონიანი ხელშეკრულებაა უკვე გააფორმა კომპანიასთან SONY PROFESSIONAL  SOLUTIONS MEA FZ-LLC. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გია ჭანტურიას განმარტებით, ქუთაისში ოფისის მოწყობასა და პარლამენტიდან ტრანსლაციისთვის თუ პირდაპირი ჩართვებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვისთვის თავდაპირველად სახელმწიფოს  9 მილიონი სთხოვეს, თუმცა მხოლოდ 7 მილიონი ლარი მიიღეს, ახლა კი დამატებითი თანხას ითხოვენ. ჭანტურიას თქმით, ამ 8 მილიონ სამასი ათას ლარში შედის აპარატურის, დაგეგმარების, პროექტირების, მონტაჟის თანხები, ასევე მუშახელის ანაზღაურება.

„თავად SONY-ის წარმომადგენლებმა დაითვალეს, თუ რა დაჯდებოდა მთლიანად ოფისის მოწყობა და პარლამენტის ტექნიკური აღჭურვა. მათ მიერ დაანგარიშებული თანხაა. ეს კომპანია უზრუნველყოფს ყველაფერს“ , - უთხრა Media.Ge-ს გია ჭანტურიამ.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ძირითადი წყარო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტია.  დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,12%-ით. მაუწყებლის ბიუჯეტი 2012 წელს 55 მილიონი ლარია, საიდანაც 49 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაერიცხება. დანარჩენ 5 მილიონს კი მიიღებს საკუთარი შემოსავლებიდან - სპორტულ გადაცემებში გაშვებული რეკლამიდან, ტექნიკისა და ფართების გაქირავებიდან.

სწორედ გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი წარმოადგენს დებიტორული (მაუწყებლის მიმართ დაგროვილი დავალიანება) დავალიანების დიდ ნაწილს. 2012 წლის აუდიტორული დასკვნის თანახმად, რომელიც ასევე 12 აპრილს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ 2010 წელთან შედარებით გაცილებით შემცირდა ხანდაზმულ დებიტორებზე დარიცხული დავალიანებები, თუმცა გაიზარდა წინასწარი გადარიცხვების სიდიდე. „2011 წელს წარმოქმნილ დებიტორთა საკმაოდ დიდი ნაწილი წარმოადგენს იჯარით გაცემული ქონების საიჯარო ქირის დროულად გადაუხდელ თანხებს“, - აღნიშნულია აუდიტორულ დასკვნაში, რომელიც შპს „დამოუკიდებელ შემფასებელთა  და აუდიტორთა კომპანია აუდიტესკორტმა“ ჩაატარა. საერთო ჯამში დებიტორულმა დავალიანებამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა.

გია ჭანტურიას თქმით, მსხვილი დებიტორები არიან კომპანიები „სან გუკო“, „თი-ბი-სი ტივი სტუდია“, რადიო „უცნობი“. „თითოეულ მათგანთან თანხების რესტრუქტურიზაცია მოხდა და ალბათ გადაიხდიან“, - დაამატა გია ჭანტურიამ.

აუდიტორული ფირმა რეკომენდაციას აძლევს მაუწყებლის ხელმძღვანელობას გაააქტიურონ მუშაობა თანხების ამოღების მიზნით თითოეული დებიტორის დონეზე, მიიღონ გადამწყვეტი ღონისძიებები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისას და დააწესონ მკაცრი საჯარიმო სანქციები.

თავად საზოგადოებრივ მაუწყებელს კვლავ რჩება წინა წლებში დაგროვილი დავალიანება. გია ჭანტურიას თქმით, ბოლო პერიოდში ეს ვალი 30 მილიონიდან 5-6 მილიონ ლარამდე შემცირდა. ეს თანხა ძირითადად შეადგენს „ალფა კომისა“ (საქართველოს ტელერადიოცენტრი/ტელეანძა) და ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიმართ დაგროვილ დავალიანებას.

აუდიტორული დასკვნის თანახმად, ორგანიზაციაში მიმდინარეობს ინვენტარიზაციის პროცესი,  რომელიც 2010 წელს დაიწყო და 2011 წელსაც არ დამთავრებულა. ანგარიშგების შედგენის პერიოდში დასრულებული იყო მხოლოდ ძირითადი საშუალებების მარკირების პროცესი. აუდიტორები რეკომენდაციას აძლევენ გენერალურ დირექტორს ჩამოწეროს გამოსაყენებლად უვარგისი ქონება.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია არსებითად დავადასტუროთ ან უარვყოთ ბალანსში არსებული ნაშთების რეალობა“, - აღნიშნულია დასკვნაში და იქვე ნათქვამია, რომ საჭიროა უვარგისი ქონების ჩამოწერის გეგმის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს ასახული ნაშთების კორექტირებასა და რეალური ბალანსის შედგენას.

მაუწყებლის გენერალური დირექტორის გია ჭანტურიას თქმით, ინვენტარიზაცია 30 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა, აღრიცხვას ბევრი რამ საჭიროებდა, რაც მისი გაჭიანურების მიზეზი გახდა.

2011 წელს მაუწყებელს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 45 მილიონი ლარი გამოეყო, სადანაც ხელფასებზე გახარჯულმა თანხამ 10 მილიონს გადააჭარბა. ანგარიშის თანახმად შტატით მომუშავეთა ფაქტობრივმა რიცხვი 53 -ია, შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა კი  992, რაც 18-ჯერ მეტია შტატში მყოფ თანამშრომლების რიცხვზე. დასკვნის თანახმად, შტატში მომუშავეთა საშუალო სახელფასო განაკვეთმა თვეში 2 ათას 678 ლარი შეადგინა, შტატგარეშეთა საშუალო ხელფასმა კი - 716 ლარი.

ახალი ამბები