კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ელიტ ელექტრონიქსს“ ახალი მფლობელები ჰყავს

24 აპრილი, 2012

ინტერპრესნიუსი

„ელიტ ელექტრონიქსს“ ახალი მფლობელები ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ელიტ ელექტრონიქსიდან“ აცნობეს, კომპანია შეისყიდა „ბრიმაგის“ ჯგუფმა, რომელსაც ამ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე შაულ სილბერშტენი წარმოადგენს. „ბრიმაგის“ მფლობელობაშია ევროპისა და ისრაელის ბაზარზე ელექტროტექნიკის წარმოებისა და გაყიდვების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი, რომელიც 400-ზე მეტ მაღაზიას ითვლის.

„ბრიმაგის“ ჯგუფი არის „სონის“, „გრეცის“, „როსიერისა“ და „ჰაუვერის“ ოფიციალური დისტრიბუტორი ევროპასა და ისრაელში. ასევე, ინვესტორთა ჯგუფში შედიან ქართული კომპანიები – „ელიტ ეფლაიენსი“ და „უნივერსალ კაპიტალ გრუპი“.

„ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე მატი ლეშემი დაინიშნა. იგი კომპანიის აქციონერებმა სპეციალურად მიიწვიეს, ვინაიდან საცალო გაყიდვებისა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით დიდი გამოცდილება გააჩნია. მატი ლეშემი ამერიკასა და ისრაელში რამოდენიმე უმსხვილეს კომპანიას ხელძღვანელობდა.

„ელიტ ელექტრონიქსში“ აცხადებენ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ინვესტორთა ჯგუფი კომპანიის კრედიტორებთან გრძელვადიან და ძირეულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მოთხოვნა „ელიტ ელექტრონიქსის“ მდგომარეობის დასტაბილიზებაზე საქართველოს სამი უმსხვილესი ბანკიდან მოდიოდა. ისინი ინვესტორებს სთხოვდნენ, დახმარებოდნენ კომპანიის გადარჩენაში და მთელი საქართველოს მასშტაბით 400-ზე მეტი პირდაპირი თანამშრომლის და 250 არაპირდაპირ დასაქმებული ადამინის ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ასევე, კომპანიის ინფორმაციით, „ელიტ ელექტრონიქსის“ ფულადი დავალიანების მთლიანი თანხა 2009 წლისათვის 42 მილიონ ლარს შეადგენდა. ინვესტორთა ჯგუფმა კომპანიის გადასარჩენად მასშტაბური ინვესტიცია განახორციელა და ფულადი დავალიანების შესამცირებლად ფინანსები გაიღო. ეს დავალიანება საგრძნობლად შემცირდა. ინვესტორთა ჯგუფმა აიღო აგრეთვე ვალდებულება, სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანებების გადაფარვაზე.

„ელიტ ელექტრონიქსი“ დღეისათვის ყველაზე დიდი საცალო ქსელითაა წარმოდგენილი. კომპანია როგორც გაყიდვების, ისე პროდუქციის მრავალფეროვნების მიხედვით ქართული ბაზრის ლიდერია. ჩვენი მიზანია, ეს პოზიცია კიდევ უფრო გავამყაროთ, მომხმარებელს კიდევ უფრო დიდი არჩევანი შევთავაზოთ ახალი ბრენდების მიმართულებით, უახლოეს მომავალში ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამოდენიმე ფილიალის გახსნა იგეგმება“, - აცხადებს „ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალური დირექტორი მატი ტიაჰუ დევიდ ლეშემი.

ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის ანზორ ქოქოლაძის სასამართლო პროცესი, რომელიც 19 აპრილს ბრალდების მხარის მოუმზადებლობის გამო 1 მაისისთვის გადაიდო.

იმავე დღეს ანზორ ქოქოლაძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „მოვუწოდებ და ვაფრთხილებ ყველას: არ მიიღონ მონაწილეობა უკანონოდ, თაღლითური გზით ჩამორთმეული ქონებისა თუ წილების აუქციონში, ვინაიდან დღეს მათ მიერ შეძენილი ქონება, ხვალ აუცილებლად გახდება დავის საგანი და იცოდნენ რა მათ ამის შესახებ, ისინი ვერ იქნებიან კეთილსინდისიერი შემძენნი!“

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი ანზორ ქოქოლაძე 2010 წლის აგვისტოში 2008-2009 წლებში სხვადასხვა უკანონო გარიგებისა და სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისთვის თავის არიდების ბრალდებით დააკავა. 2010 წლის 21 აპრილს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მას თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა.

2010 წლის 7 მაისს ანზორ ქოქოლაძის კუთვნილი „ელიტ ელექტრონიქსის“ აქციების 55% „თიბისი ბანკმა“ „თიბისი ბროკერის“ საშუალებით 116 000 ლარად ფარულად შეისყიდა. „ელიტ-ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი ანზორ ქოქოლაძე ამ გარიგების ბათილად ცნობას მოითხოვდა და თავისი კანონიერი უფლებების აღდგენისთვის სასამართლოში იბრძოდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ქოქოლაძის პატიმრობაში ყოფნა სწორედ აღნიშნულ დავას უკავშირდება.

მოგვიანებით სასამართლომ დავა „თი-ბი-სი ბანკის“ სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ახალი ამბები