კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები ჰააგის სასამართლოს ომის დანაშაულებათა გამოძიებას სთხოვენ

26 აპრილი, 2012

ეკა ქევანიშვილი, რადიო „თავისუფლება“

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  პროკურორს პეტიციით მიმართავენ და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა საქმეების გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას სთხოვენ.

არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საქართველოსა და რუსეთის შესაბამისი უწყებების განცხადებების მიუხედავად, დღემდე არც ერთ მხარეს მისი შედეგები საჯარო არ გაუხდია,  ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მიერ გამოცემულ ორ ანგარიშში კი ქართული საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიების მნიშვნელოვან ხარვეზებზეა ლაპარაკი. საქართველოს ხელისუფლებას მისი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯისაკენ 2012 წლის ანგარიშში  ასევე მოუწოდებს  გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch.

„ბატონო პროკურორო, სამოქალაქო საზოგადოება სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოსა და რუსეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ დაწყებული გამოძიება არ მიმდინარეობს რომის სტატუსის მოთხოვნების დაცვით. რუსეთისა და საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს შორის თანამშრომლობის ძალისხმევის არარსებობა და ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია საგამოძიებო ქმედებები ჩაატაროს სამხრეთ ოსეთში, იმას ნიშნავს, რომ საქართველოს, სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი, არა აქვს შესაძლებლობა ეფექტურად გამოიძიოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილი ყველაზე სერიოზული დანაშაულები. თუკი აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით პროკურორის ყურადღება შესუსტდება, ვშიშობთ, რომ ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიებები ფაქტობრივად შეწყდება“, - ვკითხულობთ პეტიციაში, რომელსაც ხელს აწერს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, საზოგადოებრივი დამცველი, „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი“, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია.

გამოძიების საერთოდ შეწყვეტის საშიშროების გამო, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძვანელი თავის კოლეგებთან ერთად სთხოვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს: „სასამართლომ სახელმწიფოებს გამოძიების აქტიურად წარმართვა მოსთხოვოს,  ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დარმწუნდება, - და გვგონია, რომ უკვე დროა ამაში დარწმუნდეს, - რომ გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს, თავად დაინტერესდეს და გამოიძიოს ეს საქმეები“.

„კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი აცხადებს, რომ, საერთოდ, მსგავსი პროცესები საკმაოდ მძიმედ მიდის და დიდხანს ჭიანურდება. არასამთავრობოების ეს პეტიციაც სასმართლოზე ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტია: „დადგინდეს სიმართლე, ვინ და რატომ დაზარალდა და როგორ შეიძლება კონფლიქტის ზონის მოსახლეობას  ომით გამოწვეული შედეგები შევუმსუბუქოთ“.

საიას წარმომადგენელი ნათია კაციტაძე განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ წინასწარი მოკვლევა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. მისი წარმომადგენლები ორჯერ სტუმრობდნენ რუსეთს და ერთხელ საქართველოს, 2011 წლის დეკემბერში კი  წინასწარი მოკვლევის შედეგების ანგარიში გამოქვეყნდა,  გამოიყო რამდენიმე ისეთი ხასიათის დანაშაული, რომელიც სასამართლომ აუცილებლად უნდა გამოიძიოს. ნათია კაციტაძის განცხადებით,  „მათ შორისაა იძულებით გადაადგილება, ქონების განადგურება, ასევე რუსეთის მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმა“.

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მკვლევარი სიმონ პაპუაშვილი გვეუბნება, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიების ეფექტურობის შესახებ არაფერი წერია: „პროკურორის ოფისი აღნიშნავს, რომ მათ რეგულარული ურთიერთობა აქვთ როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მთავრობებთან. ორივე მთავრობა ცდილობს დაარწმუნოს ეს სასამართლო, რომ ადგილზე გამოძიება ეფექტურად მიმდინარეობს და რომ საერთაშორისო სასამართლოს ჩარევების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ დგას“.

თუმცა ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მიერ მომზადებულ ბოლო ორ ანგარიშში საუბარია გამოძიების ხარვეზებზე: „ჩვენმა კვლევამ გამოძიების სასიკეთოდ ვერაფერი თქვა, რადგან მნიშვნელოვანი მოწმეები, დაზარალებულები დღემდე არ არიან დაკითხულები, ხოლო საგამოძიებო მოქმედებები მნიშვნელოვან ადგილებზე საერთოდ არ არის ჩატარებული“.

სოსო პაპუაშვილი ასევე ამბობს, რომ ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი მალე  მსგავს კვლევას უკვე რუსეთში ჩაატარებს.

არასამთავრობოების შეშფოთებას და ეჭვს ისიც იწვევს, რომ საქართველოში წარმოებული გამოძიების არც ერთი დეტალი საზოგადოებისათვის ღია არ გამხდარა.  ამის შესახებ ლაპარაკობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილიც: „ფაქტია, რომ 2010 წლის ივლისში საქართველოს ზოგადადმინისტრაციულ კოდექსში შევიდა ცვლილებები. მთელი ეს გამოძიება, რომელიც მანამდე ღია  იყო, დღეს უკვე დახურულია და ეს ცვლილება ეხება ყველა საერთაშორისო ტრიბუნალს.  ეს აჩენს კითხვებს, ხომ არ მალავს რამეს და ეშინია საზოგადოების რეაქციის, რომელიმე ინფორმაცია საჯარო რომ გახადოს“.

საინტერესოა, რომ ომით დაზარალებულთა საკითხზე  რუსეთში წარმოებულ გამოძიებასაც არაეფექტურად მიიჩნევს ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ წარმომადგენელი ალექსანდრ ჩერკასოვი, რომელიც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ „როგორც  ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებების თემა  გამოიყენა არა როგორც შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებულთა ინტერესების დამცველი ინსტრუმენტი, არამედ როგორც პოლიტიკური ზეწოლის და პროპაგანდის საშუალება. და ეს გახდა კიდეც წარუმატებელი გამოძიების მიზეზი“.

ომით დაზარალებულთა ასობით ინდივიდუალური სარჩელია გაგზავნილი  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც. მათ შორისაა საქმეები როგორც საქართველოს, ისე რუსეთის წინააღმდეგ, განგვიმარტავს ევროსასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელი ლევან მესხორაძე. პირველ შემთხვევაში სამართალწარმოება მხოლოდ რამდენიმე   საქმეზეა  დაწყებული. სასამართლოს გადაწყვეტილებები ჯერჯერობით  არ მიუღია, თუ არ ჩავთვლით ეთნიკური ოსების მიერ საქართველოს წინააღმდეგ გაგზავნილ 3300-მდე განაცხადს, რომლიდანაც 1500-ზე მეტი განაცხადი სასამართლომ დაუშვებლად გამოაცხადა. საბოლოო დასკვნა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა  სასამართლოს არც რუსეთის წინააღმდეგ  შეტანილ რომელიმე სარჩელზე გამოუცხადებია.

ორიგინალი

ახალი ამბები