კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდენტები საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას სწავლობენ

30 აპრილი, 2012

თამთა ბელიაშვილი

სტუდენტური ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისაგან და ადმინისტრაციისგან, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების წინ, თანასწორუფლებიანი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა ითხოვს.

„ახალგაზრდული ცენტრის“ უკმაყოფილება გამოიწვია „საეჭვო“ წინასაარჩევნო ვითარებამ. კერძოდ, „ახალგაზრდული ცენტრის“ თავმჯდომარის, მიხეილ ტეფნაძის განცხადებით, თსუ-ში ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩამოყალიბდა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებამდე 30 დღით ადრე, როცა 40 დღით ადრე უნდა ჩამოყალიბებულიყო. ასევე, მოხდა ისე, რომ ეს მოვლენა დაემთხვა თვითმმართველობის არჩევნების თარიღის გამოცხადების დღეს.

„ცესკოში როცა მივედი, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა, რომ საარჩევნო დებულება არ ჰქონდათ გამოქვეყნებული. ანალოგიური სიტუაციაა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციაში რაიმე მოთხოვნა გვაქვს. სულ გვეუბნებიან, რომ უნდა მივიდეთ ორი დღის შემდეგ. ორი დღის შემდეგ კი, რაღაც სხვა მიზეზებს ასახელებენ და საბოლოოდ, ჩვენი მოთხოვნა არ სრულდება“, - აღნიშნა მიხეილ ტეფნაძემ ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას.

„ახალგაზრდული ცენტრის“ თავმჯდომარის თქმით, როცა ეს საკითხი სტუდენტებმა გააპროტესტეს და გაიმართა დისკუსიები მის გარშემო, http://www.tsu.edu.ge/ - ზე მალევე გამოქვეყნდა დებულება ( იხ. ლინკზე: http://www.tsu.edu.ge/data/file_db/TSU-Tvitmmartveloba/debuleba2012.pdf ), რის საფუძველზეც უნდა ჩატარებულიყო სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.

გარდა იმისა, რომ „ახალგაზრდული ცენტრი“ თსუ-ს ადმინისტრაციას დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემოს შექმნისკენ მოუწოდებს, სტუდენტური ორგანიზაციის წევრებს სხვა მოთხოვნებიც აქვთ.

მიხეილ ტეფნაძე მოითხოვს აუდიტორიის გამოყოფას, რათა აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია. თუმცა, ადმინისტრაციისგან მან უარი მიიღო. როგორც თავად ამბობს, „ახალგაზრდულ ცენტრს“ განუმარტეს, რომ თუკი ვინმეს აქვს ლეგიტიმური უფლება, წამოაყენოს მოთხოვნები სტუდენტთა სახელით, ეს გახლავთ თსუ-ს თვითმმართველობა. სწორედ ასე გამოეხმაურა თსუ-ს ინტერნეტფორუმზე ადმინისტრაციის უფროსის თანაშემწე „ახალგაზრდული ცენტრის“ მოთხოვნას.

ერთი თვის წინ „ახალგაზრდულმა ცენტრმა“ საუნივერსიტეტო პრობლემებზე სოციალური კვლევა ჩაატარა და მისი პრეზენტაციისთვისაც დარბაზის გამოყოფა მოითხოვა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ ორგანიზაციას უარი უთხრეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ცენტრი თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ნანა მამაგულიშვილს ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „ახალგაზრდული ცენტრისთვის“ თავიდანვე უარყოფითი პასუხი არ გაუციათ. „ჩვენ მოვითხოვეთ, წარმოედგინათ კვლევების ხარისხის რაიმე დამამტკიცებელი საბუთი - ვინ ჩაატარა გამოკითხვა, რომელმა კომპეტენტურმა პირმა თუ სოციოლოგების ჯგუფმა, რის შემდეგაც განიხილებოდა დარბაზის გამოყოფის საკითხი“, - განაცხადა ნანა მამაგულიშვილმა.

მისივე თქმით, სტუდენტურმა ორგანიზაციამ დაარღვია ყველა ვადა, რათა წარედგინათ ოფიციალური დოკუმენტაცია სოციალური კვლევის სანდოობასთან დაკავშირებით. „მსგავსი დოკუმენტები არ მოუტანიათ და ჩვენ მიერ პასუხის გაცემაც დაგვიანდა. ამიტომ ბოლოს „ახალგაზრდულ ცენტრს“ გაეგზავნა ოფიციალური უარი დარბაზის გამოყოფასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ნანა მამაგულიშვილმა და აუდიტორიის ან დარბაზის არგამოყოფის ერთ-ერთ მიზეზად ისიც დაასახელა, რომ სასწავლო პროცესი გადატვირთულია და თსუ-ს მიერ დაგეგმილი რაიმე ღონისძიებისთვისაც რთულია თავისუფალი სივრცის გამოძებნა, „არათუ „გაურკვეველი სოციალური კვლევების პრეზენტაციისათვის“.

სტუდენტური ორგანიზაციის თავმჯდომარე თსუ-ს ადმინისტრაციას ობიექტურობისაკენ მოუწოდებს, რადგანაც მიკერძოება და სტუდენტების პოლიტიკური ნიშნით გამორჩევა სწავლის პროცესსა და ხარისხზე უარყოფითად აისახება.

სტუდენტური თვითმმართველობების საქმიანობით ჟურნალისტი სალომე ცეცხლაძეც დაინტერესდა. მისი და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივი ნამუშევარი -საგამოძიებო ფილმი „სტუდენტობა თვითმმართველობის წინააღმდეგ“ ერთი კონკრეტული მოდელით ასახავს, ზოგადად, ქართული უნივერსიტეტების თვითმმართველობებში არსებულ დარღვევებსა და არაპროდუქტიულ მოღვაწეობას. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ინიციატივით, სალომე ცეცხლაძის ფილმის ჩვენება 3 აპრილს გაიმართა კაფე Althaus-ში. ფილმის ჩვენება მოწვეულ სტუმრებს შორის დისკუსიით გაგრძელდა. საღამოს სტუდენტური მოძრაობა „ლაბორატორია 1918“-ის წევრებიც ესწრებოდნენ. შეკრებილმა სტუდენტებმა გაიზიარეს აზრი, რომ უნივერსიტეტების სისტემაში დიდი ცვლილება საჭირო და ამისათვის სტუდენტებმა მიზანმიმართულად უნდა იბრძოლონ.

სტუდენტური თვითმმართველობების საკითხით არაერთი ორგანიზაცია თუ მოძრაობაა დაინტერესებული. პრობლემის აღმოსაფხვრელად კი ერთიანობა და სწორი გეგმის შემუშავებაა საჭირო. მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორისა და მედიის გააქტიურება, რათა არსებული სიტუაცია უკეთესობისაკენ შეიცვალოს. ამის შესახებ 30 აპრილს კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვისა“ და სტუდენტების შეხვედრაზე ისაუბრეს.

ახალი ამბები