კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში!“ - თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა პრესის თავისუფლების დღე აქციით აღნიშნა

3 მაისი, 2012

3 მაისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, თბილისში რუსთაველის გამზირზე გაიმართა ინსცენირებული აქცია - „მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში!“ აქცია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

აქციის მონაწილეები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ ძელსკამებზე მსხდომ რიგით მოქალაქეებს პირაკრულები და თვალახვეულები შეერივნენ. მავთულბადეში მოთავსებულ გაზეთებზე ხელბორკილით მიბმულმა უფლებადამცველებმა სოლიდარობა გამოუცხადეს „დაპატიმრებულ პრესას“ და ყველა ჟურნალისტს, ვინც დღესდღეობით რაიმე ფორმით დევნას და ზეწოლას განიცდის. ამავე დროს, აქციის მონაწილეებმა გამოხატეს პროტესტი ქართული მედიის მძიმე მდგომარეობის გამო და მოუწოდეს ხელისუფლებას, გამოიძიოს ჟურნალისტთა დევნისა თუ ზეწოლის ყველა ფაქტი. 

აქციაში მონაწილეობდნენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და ადამიანის უფლებათა ცენტრი. ასევე - „საზოგადოებრივი დამცველი“, არჩევნებისა და პოლიტტექტონოლოგიების კვლევის ცენტრი, „ახალგაზრდები სამართლიანობისთვის“, „ჯანმრთელი სამყარო“. აქციას შეუერთდნენ ჟურნალისტები სხვადასხვა მედიასაშუალებიდან და აქტიური მოქალაქეები, რომლებმაც აქციის შესახებ სოციალური ქსელების საშუალებით შეიტყვეს.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა პრესის თავისუფლების დღე გასულ წელსაც აღნიშნა. პარლამენტის წინ მოწყობილ ფლეშმობზე აქციის მონაწილეებმა ამობრუნებული გაზეთებით პროტესტი გამოუცხადეს სხვადასხვა სახის ზეწოლას ქართულ ბეჭდურ მედიაზე.

1991 წლის 3 მაისს აფრიკელმა ჟურნალისტებმა ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში მიიღეს დეკლარაცია, რომელიც მოუწოდებს ყველა ქვეყნის მთავრობას, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლებას. 1993 წლის 21 დეკემბრიდან კი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 3 მაისი პრესის თავისუფლების დღედაა გამოცხადებული.

ეს დღე შეახსენებს მსოფლიო საზოგადოებას, რომ არაერთ სახელმწიფოში ჯერაც უხეშად ირღვევა აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება და საკუთარი საქმის კეთილსინდისიერი კეთება ჟურნალისტებს ხშირად თავისუფლების, ზოგჯერ კი სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
03.05.12.

ახალი ამბები