კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ შუქდება მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები ქართულ მედიაში - ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორინგის ანგარიში

8 მაისი, 2012

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2011 წლის 30 მაისიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში განახორციელა ქართულ მედიაში მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების მონიტორინგი. ინფორმაცია მოგროვდა არჩეული თემისათვის დათმობილი სივრცისა და დროის, სუბიექტების გაშუქების ტონის, ტიპის, გეოგრაფიის, წყაროების, მიკერძოებულობის, არაეთიკური ლექსიკის მიხედვით.

მედიამონიტორინგისთვის შეირჩა შემდეგი მედიის საშუალებები: გაზეთები „ალია“, „რეზონანსი“, „ახალი თაობა“ და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ (20:00 სთ).

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შერჩეულ მედიასაშუალებებს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას პროფესიული სტანდარტის დაცვა უჭირთ. გამოქვეყნებული და ტელევიზიით გადაცემული მასალა ხშირად დაუბალანსებელი და მიკერძოებულია, არ ხდება ერთმანეთისგან ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა.

გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს ჟურნალისტების კვალიფიკაციაც. ხშირია შემთხვევები, როცა ისინი კარგად ვერ ერკვევიან საკითხსა და მის სამართლებრივ ასპექტებში, საკანონმდებლო ბაზაში. ხდება ხოლმე სამართლებრივი ტერმინების აღრევაც, რაც მიანიშნებს, რომ ჟურნალისტები კარგად არ იცნობენ იმ სფეროს (ამ შემთხვევაში სამართლის), რომელშიც მუშაობენ.

მონიტორინგის პერიოდში მართლმსაჯულების შესახებ „მოამბეში“ გასულ სიუჟეტებსა და „ალიაში“ დაბეჭდილ მასალებში ხშირი იყო უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის შემთხვევები.

ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით გამოვლინდა 18 ივლისის ”მოამბეში” გასულ სიუჟეტში „ძალადობა მოზარდზე“. ის დაიწყო ჟურნალისტის მტკიცებითი ტონის წინადადებით: „მოზარდზე ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი“. მასალიდან ირკვეოდა, რომ ბავშვი საკუთარ მშობლებს უყენებს ბრალდებებს, რომლებიც შესაძლოა, უსაფუძვლო აღმოჩნდეს. „არავინ არ სცემს. იტყუება“, - აცხადებდა მამა. „ერთი შვილი მყავს და რატომ უნდა ვცემო?!“ - უკვირდა დედას. მეზობელი ამბობდა: „ბავშვი ერთს ამბობს, მშობლები - მეორეს და მეზობლებმა არ ვიცით, რომელია მართალი“. სოციალური სააგენტოს წარმომადგენელი პირდაპირ აცხადებდა: „ჩვენი ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით არ დგინდება და არ დასტურდება ძალადობის ფაქტები“. ინფორმაციის მხოლოდ მოზარდის ჩვენებაზე დაყრდნობით გავრცელება და მშობლების ქმედების ძალადობის ფაქტად გამოცხადება მათი უდანაშაულობის პრეზუმფციის უხეში დარღვევაა. თემა არაკომპეტენტურად, ეთიკის ნორმების დარღვევით გაშუქდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გადაცემა ”მოამბე” მართლმსაჯულების თემის განხილვისას ხშირად ეყრდნობოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ მოწოდებულ მასალებს. ამა თუ იმ კრიმინალური ისტორიის შესახებ რეპორტაჟის მომზადებისას, ჟურნალისტები სარგებლობდნენ უშუალოდ ძალოვანი უწყებების მიერ გადაღებული ვიდეომასალით და იზიარებდნენ საქმესთან დაკავშირებულ მათ ვერსიებსა და ბრალდებებს. ამგვარად, ისინი ხშირად გვევლინებოდნენ ბრალმდებლის როლში, რის გამოც მომზადებულ სიუჟეტებში უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ნიშნები იკვეთებოდა.

საკმაოდ ტენდენციური სიუჟეტი მიუძღვნეს „მოამბეს“ ჟურნალისტებმა ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული კოლეგების, ე. წ. ფოტორეპორტიორების საქმეს, რომლის შესახებ მომზადებული მასალაც პირველად 2011 წლის 18 ივლისს გადაიცა. სიუჟეტის სათაურშივე, „გადაბირების ხერხები“, ჩანდა ჟურნალისტისა და ზოგადად „მოამბის“ რედაქციის მიკერძოებულობა. ეთერით გადაცემული მასალა რეკორდულად გრძელი იყო (20 წუთი) და გამოირჩეოდა დაუბალანსებლობით.

„ახალი თაობისა“ და „რეზონანსისგან“ განსხვავებით, „ალიას“ აკლია აკადემიური სტილი, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს ინტერვიუების შემთხვევაში. ისინი, როგორც წესი, მეგობრებს შორის არაფორმალურ საუბარს უფრო ჰგავს, ვიდრე რესპონდენტისა და ჟურნალისტის ურთიერთობას.

კვლევა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაეროს განვითარების პროგრამის მედიის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში.ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორებს და შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.

აქვე გთავაზობთ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშის სრულ ვერსიას.

Humanrights.ge

ახალი ამბები