კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სხვადასხვა კონფესიებმა საპატრიარქოს განცხადებას მხარი არ დაუჭირეს

14 მაისი, 2012

სალომე აჩბა, www.religiebi.info 

10 მაისს „გერმანულ სახლში“ გამართული ინტერრელიგიური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა ვაგიფ აკპეროვმა პროტესტის ნიშნად დატოვა. აკპეროვი საპატრიარქოს წარმომადგენლის თეა გოგოტიშვილის მიერ აზიზიეს მეჩეთის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ გააღიზიანა. გოგოტიშვილის თქმით, სულთანი აბდულ აზიზი ქრისტიანებს ხოცავდა და საქართველოში მისი სახელობის მეჩეთის აშენება იგივეა, რაც ისრაელში ჰოლოკოსტის ძეგლების დადგმა.

გერმანულ სახლში ინტერრელიგიური ჯგუფის მიერ გამართულ შეხვედრაზე, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა საპატრიარქოს მიერ შემუშავებული განცხადების შინაარსი არ გაიზიარეს და ტექსტს ხელი არ მოაწერეს.

საპატრიარქო ოშკისა და იშხანის ტაძრების რეაბილიტაციის სანაცვლოდ, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის შესახებ თურქულ-ქართულ მოლაპარაკებებში საპატრიარქოს ჩართვას და ხელშეკრულების სამუშაო ვერსიის გასაჯაროებას ითხოვს. განცხადებაშიც აქცენტი ამ საკითხზე იყო გაკეთებული.

ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენლის ილია ოსეფაშვილის თქმით, ეს საკითხი საპატრიარქომ და სახელმწიფომ ერთმანეთთან დიალოგის გზით უნდა გადაწყვიტოს და ამ ურთიერთობაში სხვა რელიგიური ჯგუფების ჩარევა არაკორექტული იქნება.

„ჩვენ არ ვართ იურისტები. ჩვენ, უბრალოდ, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები ვართ. იქიდან გამომდინარე, რომ საპატრიარქოსა და კულტურის სამინისტროს მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვესმის, ჩვენთვის რთულია არსებულ სიტუაციაში გარკვევა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის და ჩვენ ამ საკითხში ვერ ჩავერევით“, - ამბობს ილია ოსეფაშვილი.

საქართველოს საპატრიარქო აცხებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში ჩართული არ ყოფილა. კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის ბესიკ მაცაბერიძის თქმით კი, საპატრიარქო მოლაპარაკებების ყველა ეტაპზე ინფორმირებული იყო: „საპატრიარქო ამ პროცესში ჩართულია, არა მხოლოდ ახლა, არამედ იმ დღიდან, როცა ეს მოლაპარაკებები დაიწყო. ამიტომ მათი განცხადება ჩვენთვის ცოტათი გაუგებარია”, - ამბობს ბესიკ მაცაბერიძე.

„გერმანულ სახლში“ სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის გამართულ შეხვედრაზე, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხის განხილვამ ვნებათაღელვა გამოიწვია.

მუსლიმთა თემის წარმომადგენელმა ვაგიფ აკპეროვმა დარბაზი პროსესტის ნიშნად დატოვა. მისი პროტესტი საპატრიარქოს წარმომადგენლის თეა გოგოტიშვილის განცხადებას მოჰყვა. გოგოტიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში აზიზიეს მეჩეთის აშენება, იგივე იქნება, რაც ისრაელში ჰოლოკოსტის ძეგლების დადგმა.

სასულიერო აკადემიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თქმით, საპატრიარქოს მიერ შემუშავებულ ტექსტთან დაკავშირებით, რელიგიური უმცირესობების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა იგი გააკვირვა: „საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით რელიგიური ჯგუფების განცხადებებმა ცოტათი გამაკვირვა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, სხვადასხვა კონფესიები რომ აქ თავისუფლებად თანაცხოვრობენ, ეს საქართველოს საპატრიარქოს დიდი დამსახურებაა“.

ინტერრელიგიური ჯგუფი 2009 წელს შეიქმნა. მას კოორდინაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი XXI საუკუნე“ უწევს. ჯგუფის შექმნის მიზანია რელიგიურ უმცირესობებსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის ინტეგრაცია. ინტერრელიგიურ ჯგუფში 11 სხვადასხვა კონფესიაა გაწევრიანებული.

ახალი ამბები