კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მოგატეხავ მაგ ხელს, ამოგახევ მაგ თვალებს; შენი დედა!..“

14 მაისი, 2012

გელა მთივლიშვილი,
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

სტუდია GNS-ის ოპერატორს ზურა პატარიძეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის გადაღების უფლება არ მისცეს. დაცვის პოლიციის თანამშრომელმა ტელეოპერატორი უცენზურო სიტყვებით აგინა, ფიზიკური ძალადობით დაემუქრა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა სტუდია „GNS“-ის ოპერატორი გამგეობის შენობას იღებდა. ოპერატორი გამგეობის შესასვლელიდან დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით იდგა.
 
დაცვის პოლიციის თანამშრომელი: 50 მეტრის იქით შეგიძლია გადაიღო, თუ არადა არ გადაგაღებინებ.
 
ტელეოპერატორი: რატომ ვერ გადავიღებ?
 
დაცვის პოლიციის თანამშრომელი: ვერ გადაიღებ!
 
ტელეოპერატორი: შენ იცი, რომ ხელს მიშლი მე?
 
დაცვის პოლიციის თანამშრომელი: ვიცი, იმიტომ, რომ არ შეგიძლია, არ შეგიძლია. გადი ძმაო აქედან... პრობლემებს შეგვიქმნი ძმაო მერე.
 
ტელეოპერატორი: ხელს მიშლი გადაღებაში.
 
დაცვის პოლიციის თანამშრომელი: ჩემი ძმა, რასაც გეუბნები გაითვალისწინე.
 
ტელეოპერატორი:
ხელი გაუშვი კამერას.
 
დაცვის პოლიციის თანამშრომელი: გაითვალისწინე მეთქი რასაც გეუბნები.
 
ტელეოპერატორი: კამერას ხელი გაუშვი.
 
დაცვის პოლიციის თანამშრომელი: იქით მიატრიალე კამერა!
 
ტელეოპერატორი: კამერას ხელი გაუშვი.
 
დაცვის პოლიციის თანამშრომელი: კამერა იქით მიატრიალე.
 
ტელეოპერატორი: კამერას ხელი გაუშვი მეთქი ბიჭო.
 
დაცვის პოლიციის თანამშრომელი: ხელი გა... მოგატეხავ მაგ ხელს!
 
ტელეოპერატორი: შენ ეხლა ჭკვიანად იყავი.
 
დაცვის პოლიციის თანამშრომელი: ამოგახევ მაგ თვალებს, შენი დედა!.. აზრზე მოდი ბიჭო შენა. გაიყვანე, გაიტანე კამერა იქით.
 
ინციდენტის შემდეგ სტუდია GNS-ის ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძემ გამგეობის შენობაში შესვლა სცადა, თუმცა ჟურნალისტი შენობაში არ შეუშვეს. დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც მანამდე ოპერატორს ემუქრებოდა, ჟურნალისტს გამგეობაში შესასვლელი კარი შიგნიდან დაუკეტა.
 
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვლადიმერ ბადაგაძემ, ვიდრე ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ნახავდა, განაცხადა, რომ არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.

„გადამღებ ჯგუფს დავეხმარეთ და რა ინფორმაციაც აინტერესებდათ, ყველაფერი მივეცით. შენობის კადრებიც გადაიღეს და ხელი არავის შეუშლია. როცა ოპერატორი გამგეობის შენობაში მხარზე შემოდებული და ჩართული კამერით ნებართვის გარეშე შემოდიოდა, მას აუხსნეს, რომ ასე არ შეიძლება და ეს არ მოეწონათ,“ - განაცხადა ბადაგაძემ.
 
ვიდეომასალის ნახვის შემდეგ გამგებელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ჰყავთ თავისი ხელმძღვანელი და ის იმსჯელებს ამ საკითხზე. ჩვენ მაქსიმალურად გავამკაცრებთ კონტროლს, რომ ასეთი შემთხვევა აღარ მოხდეს.
 
- ბატონო ვლადიმერ, თქვენ წლების განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდით. გასაგებია, რომ დაცვის პოლიციას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს, მაგრამ თქვენ როგორც გამგებელი, პასუხისმგებლობას არ იღებთ?
 
- ყველა მოქმედება განიხილება. ძალადობის წინააღმდეგი ვარ!
 
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გივი ამირხანაშვილმა განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ჩვენგან შეიტყო. „არაფერი ვიცი. გავარკვევ აუცილებლად“, - აღნიშნა ამირხანაშვილმა.
 
თამარ კორძაია, იურისტი: „ჟურნალისტებზე ზეწოლის და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ტენდენცია არის ძალიან მზარდი. ყველა მეთოდით ცდილობენ შეავიწროვონ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები. ეს უკვე ატარებს ხელისუფლების პოლიტიკის დამახასიათებელ ნიშნებს, თითქოს ერთიანი გადაწყვეტილებაა მიღებული. ხელისუფლებამ ყველა შემთხვევა უნდა გამოიძიოს და სათანადოდ დასაჯოს ის პირები, ვინც ჟურნალისტებზე განახორციელეს ზეწოლა და ხელი შეუშალეს. თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯებს არ გადადგამს, ეს იმას ნიშნავს, რომ დამრღვევებს მწვანე შუქი აქვთ ანთებული. რაც შეეხება გამგეობის შენობას, ის არის საჯარო დაწესებულების შენობა, სადაც შესვლა გამოსვლის უფლება არ უნდა იყოს შეზღუდული. დაცვის სამსახური არსებობს იმიტომ, რომ არეულობა არ მოხდეს. როცა დაცვის პოლიციის თანამშრომელი ჟურნალისტს გადაღების უფლებას არ აძლევს, ეს ცალსახად არის კანონის დარღვევა და ის აჭარბებს საკუთარ უფლებამოსილებას“.
 
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს გადაღებაში ხელი შეუშალეს და გამგეობის შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.
 
2011 წლის 5 ივლისს, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს, გამგეობის კანცელარიიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებებისა და ადმინისტრაციული საჩივრის ჩაბარების თაობაზე დოკუმენტის მიღება სურდათ. გამგეობისა და საკრებულოს დაცვის სამსახურის უფროსმა თემურ აბულაშვილმა ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
 
2 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შესულ მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტს მანანა ქველიაშვილს თავს დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაესხა, ხელჩანთა გამოგლიჯა და გაჩხრიკა. ჟურნალისტის თქმით, დაცვის სამსახურის თანამშრომლებს გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ირმა ჯანგირაშვილი გაეკიდა და მათ მოუწოდებდა, ჩანთაში არაფერი ჩაედოთ.

ინციდენტის შემდეგ საკრებულოს წევრ ზურაბ ოტიაშვილსა (იგი რაიონის დე ფაქტო მმართველია) და მანანა ქველიაშვილს შორის ასეთი საუბარი გაიმართა:

ზურაბ ოტიაშვილი: რატომ მიდიხართ, გგონიათ, დაგიჭერთ?

მანანა ქველიაშვილი: როგორ დამიჭერთ?

ზურაბ ოტიაშვილი: რატომ? ვერ მოგერევით?

მანანა ქველიაშვილი: თქვენ არ ხართ უფლებამოსილი პირი, ვისაც ადამიანის დაჭერის უფლება აქვს. საკრებულოს რიგითი დეპუტატი ხართ!

ზურაბ ოტიაშვილი: უშიშროებაში 15 წელი ვმუშაობდი. იმნაირები დამიჭერია...

ვიდეო +ორიგინალი

ახალი ამბები