თაღლითობაში ბრალდებულ იპოთეკარებს ლია მინდორაშვილსა და ნატალია ყალაბეგაშვილს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და სახელმწიფოს სასარგებლოდ 138 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, იპოთეკარებმა 22 მოქალაქეს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რამაც ჯამში 163 210 აშშ დოლარი შეადგინა.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ლია მინდორაშვილი და ნატალია ყალაბეგაშვილი თაღლითური გზით მოქალაქეებს კუთვნილ საცხოვრებელ ბინებს იპოთეკით დატვირთვასა და ამ გზით სესხის აღებაში ეხმარებოდნენ, რის შემდეგაც იპოთეკის ხელშეკრულებით მიღებულ ფულად თანხას თაღლითურად თავად ეუფლებოდნენ. ხშირ შემთხვევაში ლია მინდორაშვილი და ნატალია ყალაბეგაშვილი იპოთეკარს აჩვენებდნენ სხვა სახლს დიდი რაოდენობის სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო სინამდვილეში იპოთეკაში იდებოდა ბევრად უფრო იაფად ღირებული ქონება. მინდორაშვილი და ყალაბეგაშვილი ასევე კახეთის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებს არწმუნებდნენ, რომ ბინის იპოთეკით დატვირთვის შედეგად აღებულ თანხას თვითონ გამოიყენებდნენ, სანაცვლოდ კი ბინის მფლობელს სარგებლის სახით თვეში გარკვეულ თანხას გადაუხდიდნენ, კუთვნილ ქონებას კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ იპოთეკისაგან გაათავისუფლებდნენ, სინამდვილეში შეთანხმებული თანხა არავისთვის გადაუხდიათ“, - აღნიშნულია საბრალდებო დასკვნაში.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თაღლითობის შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა 22 მოქალაქეს მკვეთრად აღემატება და 100 ოჯახს აღწევს, თუმცა დაზარალებულთა დიდმა ნაწილმა პროკურატურას იმ იმედით არ მიმართა, რომ თაღლითობაში ბრალდებულები მათ თანხის გადახდას პირდებოდნენ. ათზე მეტი ოჯახი საცხოვრებელი სახლებიდან უკვე გამოასახლეს. 40-ზე მეტ ოჯახს სახლებიდან ამ დღეებში გამოასახლებენ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი