კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს დაემუქრა

17 მაისი, 2012

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი მაილაშვილი სოფელ ქისტაურში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს დაემუქრა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის ხელმძღვანელმა ზაქარია ქინქლაძემ განუცხადა.

მისი თქმით, 10 მაისს „ქართული ოცნების“ ლიდერები სოფელ ქისტაურის მაცხოვრებლებს შეხვდნენ, მას შემდეგ რაც სოფელი დატოვეს, ქისტაურში ალექსი მაილაშვილი ჩავიდა და შეხვედრის მონაწილეებს გაზეთები წაართვა.

„ქისტაურში მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა, პარტიის წევრები იყვნენ ჩამოსულები. ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  სოფელში გაზეთები და მოსაწვევები დაარიგეს, რომ მეორე დღეს, 14:0 საათზე მოსულიყვნენ ახმეტაში კოალიციის ლიდერებთან შესახვედრად. ამის შემდეგ ქისტაურში ჩავიდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი მაილაშვილი, რომელიც ქისტაურელია, მაგას აქვს ეგ სოფელი ჩაბარებული, რომ არავინ გაიჭაჭანოს. მოსახლეობას „ქართული ოცნების“ გაზეთები წაართვა და დაემუქრა. უთხრა, რომ დაფიქსირებული ხარ ამა და ამ ადგილზე რომ შეხვდი ოპოზიციონერებს და იცოდე, რაც შენ და შენს ოჯახს დაგემართებათ სხვას ნუ დააბრალებთ, მე თქვენზე ხელს ვიღებო. ამაში ჩაერია სოფლის რწმუნებული გია კვიცაშვილიც. თავისივე მეზობელს ეჩხუბა, ისეთ რამეს დაგმართებენ, სახლშიც ვეღარ შეხვალო. ვინც უნდა ჩამოსულიყო ახმეტაში „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შესახვედრად, იმის ნახევარი ხალხიც არ ჩამოვიდა ქისტაურიდან. მაილაშვილი ზოგს პირადად დაემუქრა, ზოგს ხალხი მიუგზავნა. სოფლის რწმუნებულმა ქისტაურელ მალხაზ ზანქაიძეს უთხრა, სახლში შესვლა აღარ გინდაო? ჟანდარმერიასავით დადიან კვიცაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე“, - აღნიშნა ზაქარია ქინქლაძემ.

„სოფელში, შეხვედრის დროს სააკი საკაშვილიც იქ იყო, გამგეობაში მუშაობს, გამგებლის მძღოლიც იქ იყო, რწმუნებული გია კვიცაშვილიც და მისი მოადგილეც. ყველას სახელები და გვარები ჩამოწერეს ვინ ესწრებოდა შეხვედრას. მერე რწმუნებულმა გამიყვანა გვერდით და მითხრა, მაგათთან რომ მიდიხარ, მაგით ჩვენს საქმეს აფუჭებ, სახლში აღარ გინდა შეხვიდეო? მაგით ყველაფერი ნათქვამი იყო, დაშინებაც იყო და ყველაფერიც. ალექსი მაილაშვილი ეუბნება ყველას, მაგათთან ნუ დადიხართო“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ქისტაურის მაცხოვრებელმა მალხაზ ზანქაიძემ.

ქისტაურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გია კვიცაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დაშინების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ალექსი მაილაშვილსაც დაუკავშირდა.

- ბატონო ალექსი, კითხვა გვაქვს თქვენთან.

- რასთან დაკავშირებით გნებავთ საუბარი?

- „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს რომ შეხვდნენ ქისტაურის მაცხოვრებლები, მათი დაშინების ფაქტთან დაკავშირებით.

- არ მცალია, შეხვედრაზე ვარ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი მაილაშვილს მოგვიანებით კიდევ დაუკავშირდა, თუმცა მან მოუცლელობის მიზეზით კომენტარის გაკეთებაზე ისევ უარი განაცხადა.

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ვიდეო

ახალი ამბები