კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„პირველი სტერეოს“ გადაყენებული დირექტორი აცხადებს, რომ ახალი დირექტორის უკან ბეჟუაშვილები დგანან

21 მაისი, 2012

მედია.გე

ტელეკომპანია „პირველი სტერეოსა“ და „სტერეო +“-ის ყოფილ დირექტორს დავით ზილფიმიანს ტელეკომპანიის შენობაში შესვლის უფლებას ტელეკომპანიის ახალი გენერალური დირექტორის, ვასილ კობაიძის მიერ დაქირავებული დაცვის სამსახური არ აძლევს. „მგლები“ შენობასთან 19 მაისს გამთენიისას 4 საათზე გამოჩნდნენ.

დავით ზილფიმიანის თქმით, ვასილ კობაიძემ 18 მაისს თვითნებურად და უკანონოდ დაიკავა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობა. ზილფიმიანი გაკვირვებულია იმითაც, რომ საჯარო რეესტრში ცვლილებები ძალიან სწრაფად აისახა, თანაც ისე, რომ ამის შესახებ არცერთი პარტნიორი არ იყო ინფორმირებული.

საპირისპიროს აცხადებს ვასილ კობაიძის წარმომადგენელი, გიორგი ყავლაშვილი. მან 19 მაისს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ „პირველ სტერეოში“ დირექტორის ცვლილება „კანონმდებლობისა და საზოგადოების წესების სრული დაცვით მოხდა“.

ახალი დირექტორი ასევე აცხადებს, რომ „პირველი სტერეო“ ჩვეულ რიტმს უნდა დაუბრუნდეს. „ვასილ კობაიძე გამონახავს ყველა გზას, რომ „პირველი სტერეოს“ თანამშრომლებთან ურთიერთობა დარეგულირდეს და კომპანიამაც ჩვეულ რიტმში გააგრძელოს მუშაობა. ეს მისი სურვილია და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“, - ამის შესახებ კობაიძის წარმომადგენელმა გიორგი ყავლაშვილმა 19 მაისს ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ შენობასთან განაცხადა.

ყავლაშვილმა ტელეკომპანიის შენობა დაათვალიერა, განცხადება გააკეთა და ტერიტორია დატოვა. როგორც მან განმარტა, ვასილ კობაიძემ, როგორც „პირველი სტერეოს“ ყველაზე მსხვილი, 65 პროცენტიანი წილის მფლობელმა, დირექტორად საკუთარი თავი ყველა კანონის დაცვით დანიშნა.

„ტელეკომპანიის წესდებაში მითითებულია, რომ გადაწყვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობის მქონე წილის მფლობელს შეუძლია, ამას გვეუბნება მეწარმეთა შესახებ კანონიც. ვასილ კობაიძეს ყველაზე მეტი 65 პროცენტიანი წილი აქვს, ამიტომაც მისი გადაწყვეტილება კანონიერია“, - აღნიშნა ყავლაშვილმა.

„პირველი სტერეოს“ შენობას დაცვის სამსახურის - „მგლების“ წარმომადგენლები აკონტროლებენ. 19 მაისს „მგლებმა“, ყავლაშვილის ტელეკომპანიაში მისვლამდე, დღის პირველ საათზე, ყველა თანამშრომელს „პირველი სტერეოს“ შენობა დაატოვებინეს. თანამშრომლების ნაწილმა მთელი ღამე ტელეკომპანიის შენობაში გაატარა.

18 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვასილ კობაიძემ დავით ზილფიმიანი „პირველი სტერეოს“ დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ამ თანამდებობაზე კობაიძემ საკუთარი თავი დანიშნა. ზილფიმიანმა Media.Ge-ს განუცხადა, რომ კობაიძის ეს ქმედება უკანონოა, რადგან არცერთი პარტნიორი ამ ცვლილების შესახებ ინფორმირებული არ იყო. ისინი პარტნიორთა კრების ჩატარებას 28 მაისს ელოდნენ.

„ჩემთვის გაურკვეველია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება კობაიძემ ასე ნაადრევად და როგორ შევიდა ასე სასწრაფოდ ცვლილებები რეესტრში. მისი ქცევა გაუმართლებელია ჩვენი წესდების და ყველანაირი ეთიკის მიხედვით. პარტნიორებს უნდა გვცოდნოდა ამის შესახებ“, - აღნიშნა ზილფიმიანმა.

„პირველ სტერეოს“ 4 დამფუძნებელი ყავს. დავით ზილფიმიანი ტელეკომპანიის 22 პროცენტის მფლობელია, 10 პროცენტს იტალიის მოქალაქე მარკო კუპოლეტი ფლობს, 3 პროცენტს კი - ასევე იტალიის მოქალაქე, ლუკა სევერინი. 65 პროცენტიანი წილი ვასილ კობაიძეს ეკუთვნის. ის ტელეკომპანიის მეწილე 2011 წლის 30 დეკემბერს გახდა. მას „პირველი სტერეოს“ 65 პროცენტიანი წილი „საქართველოს ინდუსტრიულმა“ ჯგუფმა დაუთმო, რომლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული „ჩემექსიმ ინტერნეშენალია“. ამ ოფშორული კომპანიის დირექტორი კი საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გელა ბეჟუაშვილისა და პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის მამა, რობერტ ბეჟუაშვილია.

დავით ზილფიმიანის აზრით, კობაიძის უკან დავით ბეჟუაშვილი დგას და სწორედ მან განახორციელა უკანონო ქმედება მის წინააღმდეგ, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. დავით ზილფიმიანმა გადაწყვიტა თავისი კუთვნილი ქონება შვილისათვის გადაეფორმებინა, მათ შორის 22 პროცენტი „პირველ სტერეოში“ და კომპანია „სტერეო +“-ის 100 პროცენტიანი წილი. თუმცა მისი ქონება დააყადაღეს. დავით ზილფიმიანის აზრით, პროცესი იმიტომ გამწვავდა, რომ „სტერეო +“-მა ხელშეკრულება ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ გააფორმა.

„სტერეო +“-ი მომსახურების კომპანიაა და სხვადასხვა ტელეკომპანიასთან თანამშრომლობს. ჩვენ ამ ტელეკომპანიების გავრცელებას, მათ ტექნიკურ შეკეთებას უზრუნველვყოფთ. ასე იყო „მეცხრე არხის“ შემთხვევაშიც“, - აღნიშნა ზილფიმიანმა Media.Ge-სთან საუბრისას. 

ტელეკომპანია „პირველი სტერეოში“ 40-მდე ადამიანი მუშაობს. რამდენიმე მათგანმა Media.Ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ვასილ კობაიძეს არ იცნობს და მასთან თანამშრომლობის გაგარძელებას არ გეგმავენ.

„ვასილ კობაიძე ახლა გავიგე პირველად ვინ არის. არც ვიცოდი მის შესახებ აქამდე. მისმა წარმოამდგენლებმა გვითხრეს, რომ ტელეკომპანიაში ორშაბათს უნდა მოვიდეთ და განვაახლებთ მუშაობას. თუმცა, თუკი დავით ზილფიმიანი არ იქნება დირექტორი, მე ზუსტად ვიცი, რომ აქ მუშაობას არ გავაგრძელებ და მგონი, ასე მოიქცევა ჩვენი ყველა თანამშრომელი“, - განუცხადა Media.Ge-ს „პირველი სტერეოს“ ოფისის მენეჯერმა თამუნა ბოჭორიშვილმა.

ამ დროისთვის „პირველი სტერეოს“ შენობაში შესვლის უფლება არავის აქვს. ტელეკომპანიის სიგნალი კი გამორთულია. ზილფიმიანის თქმით, სიგნალი კობაიძემ გაათიშინა და არხი რადიოსიგნალით მაუწყებლობს

ორიგინალი

ახალი ამბები