კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართულ–ოსური სამოქალაქო დიალოგი – შეფასება ფრიადი

22 მაისი, 2012

გოგა აფციაური, რეგიონული მედიის ქსელი

რუსლან კოკოევი ჯავაში ცხოვრობს. იგი სტამბულში ქართველ კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდა, სადაც ოთხი დღის განმავლობაში ქართულ–ოსური სამოქალაქო დიალოგი მიმდინარეობდა. ქართველები და ოსები ძალიან გახსნილად და გულწრფელად საუბრობდნენ იმ პრობლემების შესახებ, რაც დღეს კონფლიქტის მოგვარებას ხელს უშლის.

რუსლანს დიდი ხანია გორის რაიონში მცხოვრები ნათესავები არ უნახავს. მისი აზრით, სამოქალაქო დიალოგის გაგრძელება აუცილებელია, რათა ნდობის აღდგენას ჩაეყაროს საფუძველი, ადამიანების მიმოსვლისთვის, გზის გახსნაც აუცილებელია, მაგრამ ამას ჯერ დრო სჭირდება.

„ნებისმიერი შეხვედრა, ნებისმიერი კონტაქტები ყოველთვის ხელს შეუწყობს დაახლოებას. პრინციპში, ჩვენ დაახლოება არც გვჭირდება, ჩვენ ისედაც ახლოს ვართ. ის რაც მოხდა, უნდა დავგმოთ, დავგმოთ ისინი ვინც ეს გააჩაღა. ჩემი დეიდაშვილი გორში ცხოვრობს. მის შესახებ დიდი ხანია არაფერი ვიცი. ჩემი ნათლულიც ცხინვალიდან არცთუ მოშორებითაა, მაგრამ მის შესახებაც არაფერი მსმენია. განა ეს სწორია?“ – კითხულობს რუსლანი.

„თვალსაზრისი“ – ასე ჰქვია სამოქალაქო დიალოგის ფორმატს, რომელიც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ორგანიზებით 2008 წლის დეკემბერში შეიქმნა. დღემდე 11 შეხვედრა გაიმართა და მხარეების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შეხვედრიდან შეხვედრამდე პროგრესი თვალში საცემია. ოსური და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები კი სულ უფრო გულწრფელები და გახსნილები ხდებიან. მანანა მებუკე ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ლიდერია. იგი ამ პროცესში თავიდანვე მონაწილეობს. მისი აზრით, ასეთი შეხვედრები კარგი საშუალებაა ინფორმაციის გასაცვლელად და ახალი იდეების განხორციელებისთვის. მისი თქმით, კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით ცნობიერებაც უკეთესობისკენ იცვლება.

„გაიზარდა მონაწილეების რაოდენობა, რომლებმაც შეიძლება სწორი და კომპეტენტური ინფორმაცია მიიტანონ ადგილებზე და ამით შეცვალონ დანარჩენი საზოგადოების ცნობიერება და დამოკიდებულება უშუალოდ ომისადმი და სამშვიდობო პროცესებისადმი. ამ შეხვედრაზე უფრო გახსნილები ვართ, დიალოგი გულახდილია, ნდობის მანდატი გაჩნდა“, – ამბობს მანანა მებუკე.

დიალოგში კონფლიქტოლოგები, ჟურნალისტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ამ ფორმატის თავისებურება ისაა, რომ ნებისმიერი ადამიანი მასში მონაწილეობს, როგორც კერძო პირი და თავისი ორგანიზაციის პოზიციას არ გამოხატავს. დისკუსიაში ქართული და ოსური სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მონაწილეებიც და ორგანიზატორებიც პროცესს განიხილავენ, როგორც სახალხო დიპლომატიის მიმართულებას. დიალოგში ქართული და ოსური მხრიდან 8–8 ადამიანი მონაწილეობდა. სამოქალაქო დიალოგის მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესი შეხვედრიდან შეხვედრამდე იზრდება. საზოგადოებრივი დიალოგის ამ რაუნდს 14 უცხოელი სტუმარი აკვირდებოდა. მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია, როგორც თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში, ისე საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ. გაიმართა დისკუსია იმ ბარიერების შესახებ, რაც ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას ხელს უშლის. ოსმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ, ახალი ხელისუფლების ფორმირების პარალელურად, ცხინვალში სამოქალაქო სექტორის განვითარების კუთხით ვითარება უკეთესობისკენ იცვლება. ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრის, ლირა კოზაევას აზრით, მონაწილეები, მიუხედავად განსხვავებული თვალსაზრისისა, ერთმანეთისადმი პატივისცემით არიან განწყობილნი, რაც ფორმატის სწორ მიმართულებაზე მეტყველებს. კოზაევამ სტამბოლის შეხვედრას ფრიადი დაუწერა.

„მე ძალიან ბევრი გავიგე საქართველოს სოციალურ–პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ და ვფიქრობ რომ ქართველებმაც ბევრი შეიტყვეს სამხრეთ ოსეთის ვითარების ირგვლივ. ეს ჩვენ დიდ პლატფორმას გვაძლევს მომავალი საქმიანობისთვის, იმ ნიშაზე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ“, – აცხადებს ლირა კოზაევა.

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, პოლიტიკური დიალოგის დეფიციტის პირობებში ბუნებრივია, რომ ინტერესი სახალხო დიპლომატიის მიმართ იზრდება, თუმცა პოლიტიკური დიალოგის გარეშე საქმე წინ მაინც ვერ წავა. ამიტომ უცხოელი დონორები ცდილობენ, დიალოგი ამ დონეზე მაინც შენარჩუნდეს.

„ფორმატი ზოგადია და მრავალ პროექტს უყრის თავს. მრავალი ქართულ–ოსური პროექტისთვის არის მოედანი, სადაც შეიძლება იდეები დაიყაროს, ბევრი უარყოფილ იქნას, მაგრამ მაგრამ რაც რჩება, საკმაოდ კარგი მარგალიტებია და ეს რა თქმა უნდა იძლევა საშუალებას შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ დისკუსიის პირველი ნაწილი, სადაც საუბარი ცხინვალსა და თბილისში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხებოდა, მალე საჯარო გახდება და დისკუსიის ჩანაწერი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. შეხვედრის ორგანიზატორი, მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი, სიუზან ალენ ნანი, ამბობს, რომ ეს შეხვედრები მონაწილეებს აძლევს საშუალებას უშუალოდ გაუგონ ერთმანეთს და მიიღონ ინფორმაცია ორივე მხარეს არსებული ვითარების შესახებ, რათა გაუმჯობესდეს ადამიანების ცხოვრება, აღმოიფხვრას წარმოქმნილი პრობლემები და, უბრალოდ, განმტკიცდეს ნდობა.

„სამი წლის შემდეგ პროგრესის ნიშნები აშკარაა. მახსოვს დასაწყისში ჩვენი შეხვედრების შესახებ საჯარო არაფერი იყო. ახლა უკვე გვაქვს პრესრელიზი. ახლა უკვე აღარავინ მალავს რომ ხვდებიან ერთმანეთს. ყოველთვის გაკვირვებული ვარ, რადგან შეხვედრის დასაწყისში არ ვიცი რა იდეები იქნება, მაგრამ ბოლო დღეს უკვე შემოქმედებითი პროცესია ადამიანებს შორის და აქაც მესამე დღეს უკვე აღმოვაჩინეთ მიმართულება მომავლისკენ“, – აცხადებს სიუზან ალან ნანი.

შეხვედრაზე გაჩნდა იდეა, რომ სამოქალაქო დიალოგის ერთი რაუნდი, ერგნეთში ეგრეთწოდებულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარდეს, რაც მომავალში სამოქალაქო დიალოგის ახალ ფორმატს ჩაუყრის საფუძველს, თუმცა ამ იდეის განხორციელებისთვის პოლიტიკური ნებაც საჭიროა და ეს მხოლოდ ქართული და ოსური საზოგადოების სურვილით ვერ განხორციელდება.

სტამბულის შეხვედრის ჩატარება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და მშვიდობის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

 ორიგინალი

ახალი ამბები