კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ელიტ-ელექტრონიქსის“ საქმე - როგორ იქცა წარმატებული ბიზნესმენი რიგით პატიმრად

22 მაისი, 2012

ალექსი ბეჟანიშვილი

„ელიტ-ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ანზორ ქოქოლაძის წინააღმდეგ აღძრულმა სისხლის სამართლის საქმემ და მასთან დაკავშირებულმა გარემოებებმა არაერთხელ მიიქცია მედიის ყურადღება. ამჟამად ანზორ ქოქოლაძე სასჯელს იხდის და თანაც მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმეა აღძრული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შესაძლოა, კიდევ დაუმატონ ციხეში გასატარებელი წლები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ანზორ ქოქოლაძის საქმით დაინტერესდა. პატიმარი აცხადებს, რომ იგი ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის, შემდგომში - თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მხრიდან დევნის მსხვეპრლია. მისი ინფორმაციით, „ელიტ ელექტრონიქსი“ შემდგომში სწორედ კეზერაშვილთან ასოცირებულმა ჯგუფმა ჩაიგდო ხელში.

ანზორ ქოქოლაძე ხელისუფლებასთან ალიანსში „თიბისი ბანკსაც“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისმა მოწინააღმდეგეებმა „ელიტ ელექტრონიქსის“ ხელში ჩაგდება „თიბისი ბანკის“ საშუალებით მოახერხეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის უცნობია „თიბისი ბანკის“ ვრცელი განმარტება ამ საქმესთან დაკავშირებით. ინტერნეტში მხოლოდ მოკლე განცხადებები გვხვდება. მაგალითად, გაზეთ „რეზონანსის“ ინფორმაციით, ანზორ ქოქოლაძის ბრალდებებთან დაკავშირებით „თიბისი ბანკმა“ მედიისთვის ასეთი განმარტება გაავრცელა: „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი მენეჯმენტი სწრაფი და ეფექტური ანტიკრიზისული პროგრამით გეგმავს დაუბრუნოს კომპანიას ძლიერი ფინანსური პოზიციები. „ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა ბანკის აქციონერთა რიგებში კრედიტორი ბანკების - „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ბანკი რესპუბლიკა“ შესვლით და მათ მიერ კომპანიის მართვაში უშუალო მონაწილეობით. მაღალ კვალიფიკაციასთან ერთად, აქციონერების ნდობით აღჭურვილი ახალი მენეჯმენტი უზრუნველყოფს საჭირო ინვესტიციების მოზიდვას, რაც აუცილებელია კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის. ამ ინვესტიციების მოზიდვა მოხდება, როგორც ქართული ბანკებისგან, ისე - უცხოეთიდან“.

გარდა ამისა, „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ელიტ ელექტრონიქსის“ ხელმძღვანელმა ანზორ ქოქოლაძემ კრედიტორი ბანკებისგან მიიღო შეთავაზება, გახდეს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მიიღოს კომპანიის 25% და მიეცეს უფლება, ვალდებულებების დაფარვის შემთხვევაში, გამოისყიდოს კომპანიის 100% კრედიტორი ბანკებისგან, რაზეც მან უარი განაცხადა.

ვიდრე ადამიანის უფლებათა ცენტრი საქმეს დეტალურად შეისწავლის და თავის პოზიციას გამოხატავს, humanrights.ge საზოგადოებას სთავაზობს ინტერვიუს ანზორ ქოქოლაძესთან, რომელმაც ჩვენს კითხვებზე პასუხები წერილობით მოგვაწოდა.

- ბატონო ანზორ, დღევანდელი გადასახედიდან, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, შევახსენოთ, როდის და როგორ დაიწყეთ საქმიანობა, როგორ გაჩნდა „ელიტ-ელიქტრონიქსი“ და რა პერიოდში გახდა მომგებიანი თქვენი ბიზნესი?

- 1996 წელს 200 ლარით დავაფუძნე „ელიტ ელექტრონიქსი“. თავდაპირველად, ბათუმის ბაზრობის სავაჭრო დახლიდან აუდიო–ვიდეო კასეტებს ვყიდდით. შემდგომში ეს მცირე ბიზნესი ეტაპობრივად განვავითარეთ და იმავე წელს ბათუმში აუდიო–ვიდეო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის პირველი პატარა მაღაზია გავხსენით.

კომპანიის ყოველდღიური განვითარების შედეგად 2008 წელს ელიტ ელექტრონიქსი გახდა ლიდერი აუდიო–ვიდეო, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მობილური ტელეფონების მიმართულებით და უკვე ფლობდა 59 მაღაზიას, 4000–ზე მეტი პირდაპირ თუ ირიბად   დასაქმებული თანამშრომლით. „ელით ელექტრონიქსი“ წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე მზარდ კომპანიას, რომელმაც მარტო 2007–2008 წლებში ბიუჯეტში 46 მლნ. ლარი შეიტანა გადასახადების სახით. იმითაც ვამაყობ, რომ „ელიტ ელექტრონიქსის“ სახელთან მრავალი საქველმოქმედო და საგანმანათლებლო  პროექტია დაკავშირებული.

- 2007 წელს კომპანია შეამოწმა ფინანსურმა პოლიციამ, რომელსაც იმ დროს ხელმძღვანელობდა დავით კეზერაშვილი. ცნობილია, რომ კომპანიის პრობლემები სწორედ ამ დროიდან იწყება. რატომ დაარიცხა ფინანსურმა პოლიციამ „ელიტ-ელქტრონიქსს“ 14 მლნ დავალიანება და შემდგომში ამ საკითხზე როგორ წარიმართა კომპანიისა და ფინანსური პოლიციის დავა სასამართლოში?

- 2007 წლის 4 აპრილს  სს „ელიტ ელექტრონიქსში“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი  მე გახლდით, „შემოწმების მიზნით“ უკანონოდ შემოვიდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების საგამოძიებო სამსახური, რომელსაც იმ პერიოდისთვის ხელმძღვანელობდა დავით კეზერაშვილი. კომპანიას დაერიცხა 14 145 845 ლარი ჯარიმა საურავების გათვალისწინებით აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უკანონოდ. ამაზე დღესდღეობით არსებობს საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა, რომელსაც ხელისუფლებაში ყურადღებას არავინ აქცევს. კომპანიამ გაასაჩივრა უკანონოდ თანხის დარიცხვა, საიდანაც ფინანსთა სამინისტროს  დავების განხილვის საბჭომ 7 მლნ. ლარის დარიცხვა გააუქმა უსაფუძვლობის მოტივით. თუმცა, ანალოგიური ტიპის დაახლოებით 7 მლნ. ლარის უკანონოდ დარიცხვა დაუსაბუთებლად ძალაში დატოვა. ეს გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად გასაჩივრდა სასამართლოში, მაგრამ არც საქალაქო სასამართლოს და არც სააპელაციოს მოსამართლეებმა არ გაითვალისწინეს „ელიტ ელექტრონიქსის“ ფინანსისტებისა და ადვოკატების დასაბუთებული მტკიცებულებები. მათ დარიცხული თანხა ძალაში დატოვეს. 2009 წლის ივნისში გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ უზენაეს სასამართლოში. თუმცა პროცესის ჩანიშვნამდე „თიბისი ბანკმა“ უკანონოდ მოიპოვა სს „ელიტ ელექტრონიქსის“ მართვის უფლება. ამ უფლებით მან სარჩელი უზენაესი სასამართლოდან გამოიტანა და უარი თქვა გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.

- 2007 წლის აგვისტოში დააპატიმრეს კომპანიის საწყობის მენეჯერი და იმავე საღამოს საწყობში გაჩნდა ხანძარი. ხანძრის გამომწვევი მიზეზებზე გამოძიება თუ წარიმართა და თქვენ თვითონ რას უკავშირებთ ამ ხანძარს, თანაც - ზუსტად იმ დღეს, როცა საწყობის მენეჯერი დააკავეს.  

- 2007 წელს, საგადასახადო შემოწმების პარალელურად,  სახელმწიფო მიზანმიმართულად უშლიდა ხელს კომპანიას და ცდილობდა მის დასასუსტებას. 2007 წლის 24 აგვისტოს აპატიმრებენ კომპანიის  სამ თანამშრომელს, მათ შორის - საწყობის მენეჯერს.  იმავე ღამით, ამ გადასახედიდან  საეჭვო ვითარებაში ხანძარი უჩნდება სს „ელიტ ელექტრონიქსის“ ცენტრალურ საწყობს, რა დროსაც წარმოშობილმა პირდაპირმა თუ ირიბმა ზარალმა 11 მლნ ლარს გადააჭარბა. საბაჟოზე ერთი წლით გაგვიჩერეს ტექნიკით დატვირთული 8 კონტეინერი. ამ გადასახედიდან, ვფიქრობ, შეგნებულად ხდებოდა ეს ხელის შეშლა, რათა ჩაშლილიყო მოლაპარაკება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეეშალა საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას, რომელსაც ახორციელებდა აუდიტორული კომპანია „კეიპიემჯი“.

- როდის და როგორ აღმოჩნდით საპატიმროში პირადად თქვენ და ამ საქმეზე ეროვნულ სასამართლო ინსტანციებში დავა ამჟამად რა ეტაპზეა? თუ აპირებთ მიმართოთ სტრასბურგის სასამართლოს?

- მე დამაპატიმრეს 2010 წლის 3 აგვისტოს. ბრალად წამიყენეს სსკ ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“,“ ბ“ და 362–ე მუხლს მეორე  ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - თაღლითობა და დოკუმენტაციის გაყალბების წაქეზება. 2011 წლის აპრილში 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. უზენაეს სასამართლომ  განაჩენი ძალაში დატოვა. ახლა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამზადებს საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაგზავნად. 

მოგვიანებით, კერძოდ, 2011 წლის 13 დეკემბერს, ზეწოლის მიზნით, მე და ჩემი  ოჯახის წევრებს - მალხაზ და თენგიზ ნაგერვაძეებს, ასევე - ლევან დუმბაძეს  სისხლის სამართლის კოდექსით ახალი ბრალი წაუყენეს - თაღლითობა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ანუ ე.წ. ფულის გათეთრება. საქმის განხილვა პირველი ინსტანციის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევენ. 

ჩემი პატიმრობა და ჩემს მიმართ წაყენებული ბრალდებები განპირობებულია არა იმით, რომ მე რაიმე სახის დანაშაული ჩავიდინე. ეს არის იმ უკანონო, თაღლითური გეგმის გაგრძელება, რომელიც „ელიტ ელექტრონიქსის“ საქმიანობის მიზანმიმართული ხელის შეშლით დაიწყო,  შემდეგ  კი გაგრძელდა „ელიტ ელექტრონიქსის“  თაღლითური გზებით დაუფლებით,  აბსურდული ბრალდებებით და ჩემი დაპატიმრებით. ამ გზით სრულად ჩამომაცილეს ჩემს ბიზნესს. მალხაზ ნაგერვაძის, თენგიზ ნაგერვაძისა და ლევან დუმბაძის დაპატიმრებაც ჩემზე  ზეწოლას ემსახურება. მათ ჩემ წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ. ისინი დღესეობით რეალურად სინდისის პატიმრები არიან, რადგან ცრუ ჩვენების მიცემას არ დათანხმდნენ და სანაცვლოდ ციხეში სხედან.

- რა ეტაპზე და როგორ ჩაერთო „თიბისი ბანკი“ კომპანიის მართვაში, როგორც მოწილე?

- 2008 წელს „ელიტ ელექტრონიქსს“ 15 მილიონი კრედიტი ჰქონდა „თიბისი ბაკისგან“, რომელიც წინასწარ განსაზღვრული და შეთანხმებული გრაფიკით იფარებოდა. 2009 წლის სექტემბრისთვის 6 მლნ გვქონდა დარჩენილი, რომელიც ასევე ვადის დარღვევის გარეშე იფარებოდა. თუმცა, ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით და მონაწილეობით „თიბისი ბანკმა“ უკანონოდ მოიპოვა „ელიტ ელექტრონიქსის“ მართვის უფლება. შემდეგ ამ უფლებით დაითხოვა  ჩვენი მენეჯმენტი. ხოლო საკუთარი ანუ უშუალოდ „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტით განზრახ დაარღვია კრედიტის გადახდის გრაფიკი, შემდეგ კი ფარულად, 116 000 ლარად გადაიფორმა „ელიტ ელექტრონიქსის“ საკონტროლო პაკეტი. „თიბისი ბანკმა“ „ელიტ ელექტრონიქსის“ აქციების საკონტროლო პაკეტი ჯერ არაკეთილსინდისიერი გეგმით დაისაკუთრა შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სიმბოლურ ფასად გადაუფორმა დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორების - იოსებ მგელაძისა და მიხეილ ბენიამინის მიერ დაფუძნებულ „ ელიტ ელფლაიენსს“ და „უნივერსალ კაპიტალ გრუპს“, ბოლოს კი - თითქოსდა ებრაულ კომპანია „ბრიმაგის ჯგუფს“. ყველაფერი  შენიღბვის მიზნით ხდება. სინამდვილეში ამ კომპანიების სახელების უკან დგანან რეალური მფლობელები - მამუკა ხაზარაზე  და დავით კეზერაშვილი, მათ  უკან კი - ხელისუფლება.

- 2009 წელს ელიტ-ელექტრონიქსს შეეხო კანონი, რომლის თანახმად, კომპანიას წინასწარ უნდა გადაეხადა სადავო თანხა, იმის მიუხედავად, შემდგომში მოიგებდით თუ წააგებდით სასამართლო პროცესს. როგორ შეაფასებდით ამ კანონს და რა ზემოქმედება მოახდინა მან კონკრეტულ დავაზე?

- 2009 წლის 10 აგვისტოს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, კერძოდ – საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს, დარიცხული თანხების გასაჩივრების მიუხედავად, მიეცათ უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების უფლება. დავის მოგების შემთხვევაში თანხები კომპანიას უკან დაუბრუნდებოდა. ამ დროს „ელიტ ელექტრონიქსის“ დავალიანებებთან დაკავშირებით სასამართლომ დავები გრძელდებოდა და არ იყო დასრულებული. კანონის ცვლილებიდან მეორე დილითვე   კომპანიის ანგარიშებს დაედო ინკასო. ეჭვი მაქვს, რომ ეს საგადასახადო ცვლილება სპეციალურად „ელიტ ელექტრონიქსის“ გამო მიიღეს. თუმცა,  კომპანია მაინც აგრძელებდა მუშაობას. 21 აგვისტოს კი უკვე დაიწყო სავაჭრო ობიექტებიდან ნაღდი ფულის ამოღების პროცესი, რის გამოც კომპანიას ობიექტურად მოუწია საქმიანობის დროებით შეჩერება. სწორედ აქ ჩნდება ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა, რომელმაც დაასწრო „თიბისი ბანკს“ და პროტესტზე გამოსულ თანამშრომლებთან შეხვედრისას „ელიტ ელექტრონიქსის“ მენეჯმენტი სისუსტეში დაადანაშაულა. იქვე განაცხადა კომპანიის მართვას ბანკები გააგრძელებენო, მიუხედვად იმისა, რომ ქალაქის მერს წარმოდგენაც არ ქონდა არც მენეჯმენტის და არც ზოგადად გუნდის კვალიფიციურობაზე.

ყოველნაირად ვცდილობდით, რომ კომპანიას არ შეშლოდა სამუშაო პროცესში ხელი. მიუხედავად იმისა, რომ უკანონოდ იყო დარიცხული 7 მლნ ლარი, მაინც გავმოხატავდით მზადყოფნას, გადაგვეხადა ეს თანხა 3 წელზე გაწერილი გრაფიკით. მაგრამ ასე არ უნდოდათ. ჩვენ წერილობითაც მივმართეთ ხელისუფლებას - თუ ხელს არ შგვიშლიდნენ, შევძლებდით :
 
1) ყოველწლიურად დამატებით 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას;

2) ყოველწლიურად დამატებით 10–15 მლნ. დოლარის ოდენობის უცხოური ინვესტიციის მოზიდვას;

3) 2010–2011 წელს ტელევიზორების, მაცივრებისა და გაზქურების ქარხნის შექმნას;

4) ყოველწლიურად 10–10 მლნ ლარით ბიუჯეტში შენატანის ზრდას.

მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს და გააგრძელეს უკანონოდ და უსაფუძვლოდ „თიბისი ბანკის“ საშუალებით „ელიტ ელექტრონიქსის“ დასაკუთრება.

- როგორ დაარსდა „ტექნო ბუმი“?

- „ტექნო ბუმი“ ჩემს დაპატიმრებამდე სამი თვით ადრე გაიხსნა. როგორც იცით, „თიბისი ბანკის“ სპეცოპერაციის დროს „ელიტ ელექტრონიქსის“ არსებული მენეჯმენტი გათავისუფლდა სამსახურიდან. ჩემთან  ერთად კომპანიის წამყვანმა 180-მა თანამშრომელმა დატოვა მაშინ „ელიტ ელექტრონიქსი“. ეს ის მღალკვალიფიციური ადამიანები იყვნენ, რომელთა  განსაკუთრებული დამსახურება იყო „ელიტ ელექტრონიქსის“ განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაასწრო „თიბისი ბანკს“ და პროტესტზე გამოსულ თანამშრომლებთან შეხვედრისას მენეჯმენტი სისუსტეში დაადანაშაულა, ვფიქრობ, ახალი კომპანიის შექმნა და განვითარება არ წარმოადგენდა პრობლემას იმ გუნდისთვის, რომელმაც „ელიტ ელექტრონიქსი“ არაფრისგან შექმნა და საქართველოში ყველაზე დიდ ტექნიკის ქსელად აქცია.

მართლაც „ტექნო ბუმის“ შექმნიდან მინიმალურ დროში მოხერხდა  ბაზარზე კონკურენტუნარიანი კომპანიის დამკვიდრება. სწორად დაგეგმილი სტრატეგიით, მომწოდებლების მხარდაჭერით და საზოგადოების დიდი სიყვარულით  „ტექნო ბუმი“ ბაზრის ერთ ერთი წარმტებული კომპანიაა, მიუხედავად ჩვენს გარშემო განვითარებული უამრავი ხელის შეშლისა და დაპატიმრებებისა.

ფინანსურმა პოლიციამ შეამოწმა „ტექნო ბუმი“, სადაც ვერც ერთი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. თანამშრომლებს სამი თვის მანძილზე იბარებდნენ ფინანსურ პოლიციაში, აშინებდნენ და აიძულებდნენ, ჩემს წინააღმდეგ მიეცათ ჩვენება. თუმცა, ცრუ ჩვენების მიცემა არავინ  ისურვა. ზეწოლის მიზნით მაინც დააპატიმრეს მალხაზ ნაგერვაძე, თენგიზ ნაგერვაძე და ლევან დუმბაძე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

- თქვენი გუნდის წამოსვლის შემდეგ რა ხდება „ელიტ ელექტრონიქსში“?

- მიუხედავად იმისა, რომ „ელიტ ელექტრონიქსის“ 15%-ს აქამდეც ვფლობდი, არაერთი წერილობითი თხოვნის მიუხედავად, ვერც ერთი ფინანსური მაჩვენებელი ვერ მივიღე „ელიტ ელექტრონიქსიდან“. არადა, ეს ვალდებულება მათ კანონით ეკისრებათ. ამასთან დაკავშირებით სასამართლოსაც მივმართე, მაგრამ ქართული  სასამართლო ყველა გადაწყვეტილებას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მათ სასარგებლოდ იღებს. მე არაერთხელ გავავრცელე განცხადება, სადაც ვაცხადებ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი თაღლითური გეგმა, რომელიც ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფმა „თიბისი ბანკმა“ განახორციელა ფინასური ინსტრუმენტებისა და სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით.

ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფმა „თიბისი ბანკმა“ „ელიტ ელექტრონიქსის“ აქციების საკონტროლო პაკეტი ჯერ არაკეთილსინდისიერი თაღლითური გზით დაისაკუთრა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სიმბოლურ ფასად გადაუფორმა დავით კეზერაშვილის ბიზნეს-პარტნიორების - იოსებ მგელაძისა და მიხეილ ბენიამინის  მიერ დაფუძნებულ „ელიტ ელფლაიენსს“ და „უნივერსალ კაპიტალ გრუპს“, ხოლო ბოლო დღეებში  „ბრიმაგის ჯგუფს“. ეს ყველაფერი  შენიღბვის მიზნით ხდება. სინამდვილეში კი კომპანიის რეალური მფლობელები მამუკა ხაზარაძე  და დავით კეზერაშვილი არიან. მათ  უკან კი ხელისუფლება დაგას . ჩემი გრძელვადიანი პატიმრობაც სწორედ მათ ინტერესში შედის. თუმცა, პატიმარიც ვაგრძელებ ბრძოლას და გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, როგორც შიდასახელმწიფოებრივ ისე საერთაშორისო დონეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ჩათვლით. ამ გზით ვაპირებ უკანონოდ დარღვეული უფლებებისა და ჩემი კანონიერი ინტერესების დაცვას.

- ხომ არ შემოგთავაზათ პროკურატურამ საპროცესო გარიგება, როგორც ხდება ხოლმე მსგავს საქმეებთან დაკავშირებით?

- დღეს საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი შეუძლებელია, რადგანაც ჩემს პირველ საქმეზე ქართულ სამართლებრივ სივრცეში ყველა ეტაპი ამოწურულია. ასეც რომ არ იყოს, საპროცესო შეთანხმება ხდება მხოლოდ მაშინ, თუ ბრალდებული ბრალს აღიარებს. მე უკანონო პატიმარი ვარ და ბრალს არ ვაღიარებ.

ახალი ამბები