06:35, Wednesday, 21.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თიანეთის პოლიციაში ჟურნალისტის შეთრევის ფაქტს კიდევ ორი მოწმე ადასტურებს

30.05.2012
კიდევ ორი მოწმე ადასტურებს 20 მაისს, თიანეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის დაკავებისა და პოლიციის შენობაში შეთრევის ფაქტს. თვითმხილველებმა ახსნა - განმარტებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებს მისცეს.

როგორც ორგანიზაციის იურისტმა ზურაბ გველესიანმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ორივე მოწმეს ცალკე გაესაუბრნენ, თუმცა ორივეს მონათხრობი ერთმანეთს ემთხვევა.

„ჩვენ თავიდან გავესაუბრეთ ქალბატონ რუსუდან სისაურს, რომელიც ამ ამბის თვითმხილველია თავიდან ბოლომდე. ასევე, გავესაუბრეთ ორ ადამიანს, რომლებსაც შიშის ფაქტორის გამო არ სურთ საკუთარი ვინაობის გამჟღავნება, თუმცა ისინი ჩვენთან საუბარში ადასტურებენ მთივლიშვილის მონათხრობს“, - აღნიშნავს ზურაბ გველესიანი.

მისივე თქმით, მათ თიანეთში ვერ ნახეს ადამიანი, რომელიც მთივლიშვილის მონათხრობის საპირისპიროს ეტყოდათ.

„ჩვენს მიერ მოძიებული ერთი მოწმე ადასტურებს, რომ მთივლიშვილი შეათრიეს შენობაში, მეორე კი იხსენებს, როგორ მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები მასთან და როგორ დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა. თუმცა, მათ უკვე არ აქვთ ინფორმაცია რა ხდებოდა პოლიციის შენობაში. ასევე, ერთ-ერთი მოწმე ადასტურებს, რომ პოლიციის თანამშრომელი მობილურზე საუბრობდა და ინსტრუქციებს ვიღაცისგან იღებდა. ჩვენ მესამე მოწმესაც მივაკვლიეთ, რომელმაც ბოლო მომენტში შიშის ფაქტორის გამო ჩვენთან გასაუბრება გადაიფიქრა“, - აცხადებს იურისტი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის განცხადებით, ორგანიზაციამ თიანეთში იურისტები იმის გამო გაუშვა, რომ ხელისუფლების კითხვები დაეკმაყოფილებინა. ხატისკაცი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთი მოწმის მონათხრობი არ აკმაყოფილებდათ.

„ჩვენ გავგზავნეთ იურისტები, რათა გაერკვიათ სიტუაცია და ენახათ დამატებით მოწმეები. იურისტებმა მოიძიეს კიდევ ორი მოწმე, თუმცა მათ არ სურთ ვინაობის გამჟღავნება. ჩვენ გვინდოდა, რომ სხვა მოწმეებიც გვენახა, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ, რომ სხვა ადამიანებიც დაკითხეთ, ვისაც განსხვავებული პოზიცია ექნებაო, თუმცა ჩვენ ასეთი მოწმეები ვერ ვნახეთ. სამწუხაროა, რომ ჩვენს მიერ მოძიებული ორი მოწმე ღიად ვერ საუბრობს შიშის გამო“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნინა ხატისკაცმა.

შეგახსენებთ, რომ 20 მაისს, თიანეთის პოლიციის შენობის გადაღების დროს კახეთის და მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრების ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დააკავეს. პოლიციელებმა ჟურნალისტი პოლიციის შენობაში ფიზიკური ძალის გამოყენებით შეათრიეს, რამდენჯერმე დაარტყეს, კამერა წაართვეს, ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა წაუშალეს და ერთი საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ. მთივლიშვილის დაკავების პროცესს თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილე მამუკა შალამბერიძე ხელმძღვანელობდა. ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფაც მან მიაყენა. ჟურნალისტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თიანეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, სადაც მას თხემის არეში დაჟეჟილობის და ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. მომხდართან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.

ლანა ბერიძე, კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის, თბილისი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC