კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის გაფრთხილების მიუხედავად, ექიმები ხელფასებს ვერ იღებენ

31 მაისი, 2012

„მინდა, მკაცრად გავაფრთხილო სადაზღვევო კომპანიები. საავადმყოფოებში ხელფასების ერთი დღით დაგვიანებასაც არ ავიტან. როგორც უნდათ, ყურებზე იარონ თუნდაც, მაგრამ ხალხმა ხელფასები მიიღოს დროზე“, - ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 თებერვალს გააკეთა. დღეს 29 მაისია. გურჯაანის და საგარეჯოს სამედიცინო ცენტრების თანამშრომლებს ამ დრომდე აპრილის ხელფასი არ მიუღიათ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანში სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგის“ მიერ აშენებული ახალი მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი 24 აპრილს გახსნა.

„ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნის შემდეგ ხელმძღვანელობა შეიცვალა, შტატები შეამცირეს. ოცზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს. ეს ყველაფერი ოპტიმიზაციით ახსნეს და დაგვპირდნენ, რომ ხელფასებს დროულად ავიღებდით. აპრილის თვის ხელფასი ამ დრომდე არ მიგვიღია, არადა 2012 წლიდან „ჯეო ჰოსპიტალსის“ მართვაში ვართ“, - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა.

აპრილის თვის ხელფასი არ მიუღიათ არც საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს. უფრო მეტიც, რამდენიმე ექთანმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, რომ ზოგიერთ მათგანს მარტის თვის ხელფასიც მისაღები აქვს. ორივე სამედიცინო ცენტრს შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ ფლობს, რომელიც სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა.

„ისედაც მიზერული ხელფასები გვაქვს. 150 – 200 ლარს ვერ ვცდებით და იმასაც არ გვაძლევენ დროულად. მომართვიანობა მაღალია, მაგრამ იმ ავადმყოფებსაც კი, რომლებსაც სტაციონარში მოთავსება სჭირდებათ, ამბულატორიულ მკურნალობას უნიშნავენ, რომ სადაზღვევო კომპანიამ ხარჯები შეამციროს“, - აღნიშნეს ექთნებმა.

შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონული მენეჯერი იოსებ მგალობლიშვილი ადასტურებს, რომ გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმებს აპრილის თვის ხელფასი არ მიუღიათ, თუმცა მისი თქმით, კომპანიას ხელფასების დაგვიანების სერიოზული მიზეზი აქვს.

„თუ ობიექტური მიზეზი არ არსებობს, მაშინ უნდა დაისაჯონ სადაზღვევო კომპანიები, მაგრამ მე როგორც ვიცი, ამ შემთხვევაში არსებობს ხელფასების დაგვიანების ობიექტური მიზეზი. რაც შეეხება დეტალებს, მე კომპეტენტური არ ვარ“, - აღნიშნა იოსებ მგალობლიშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორს დავით ჯორბენაძესაც დაუკავშირდა, თუმცა მოუცლელობის მიზეზით მან კომენტარი არ გააკეთა. კომენტარი არც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გააკეთეს.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ მას შემდეგ, რაც ეს საავადმყოფოები ამუშავდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსად, არცერთი დღით არ იყოს ხელფასის დაგვიანება. მინდა მკაცრად გავაფრთხილო სადაზღვევო კომპანიები, როგორც კი სადმე, ოდნავ მაინც იქნება ხელფასების დაგვიანება, მათ მიმართ გამოყენებული იქნება უმკაცრესი სანქციები. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ექიმებსაც და მითუმეტეს უმცროს სამედიცინო პერსონალს მუდმივად გაეზარდოს ხელფასი. ხელფასების ერთი დღით დაგვიანებასაც არ ავიტან. როგორც უნდათ, ყურებზე იარონ თუნდაც, მაგრამ ხალხმა ხელფასები მიიღოს დროზე,“ - ეს განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის 9 თებერვალს თეთრიწყაროში, საავადმყოფოს გახსნისას გააკეთა.

პრეზიდენტის გაფრთხილების მიუხედავად, ექიმები უხელფასოდ არიან დარჩენილები. სამსახურიდან გათავისუფლების შიშით ისინი ხმამაღლა საუბარსაც ვერ ბედავენ.

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები