საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, რომელიც მაუწყებლის სააპელაციო ორგანოსაც წარმოადგენს, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა. საბჭოს 28 მაისის გადაწყვეტილებით „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“ ჟურნალისტმა მიუკერძოებლობის პრინციპი დაარღვია.
საქმე ეხება 2012 წლის 14 თებერვალს „მოამბეში“ 20:00 საათზე გასულ სიუჟეტს, რომელიც „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევას ეხებოდა. როგორც Media.Ge-ს ფონდის იურისტმა, თამარ კორძაიამ განუცხადა, სიუჟეტში გრანტიორი კომპანია და ფონდი კვლევის არაკომპეტენტურად ჩატარებაში იყო დადანაშაულებული.
„სიუჟეტში არ აღუნიშნავთ, რომ ფონდი პასუხისმგებელი არ არის კვლევის შინაარსზე. პირიქით, ჟურნალისტის თქმით, ფონდი არაკვალიფიციურ კვლევებს აფინანსებს. კვლევის ხარისხზე ფონდისთვის არაფერი უკითხავთ, რითაც დაარღვიეს მიუკერძოებლობის პრინციპი“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.
ამის გამო ფონდმა მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში იჩივლა და გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება მაუწყებლის ვებ-გვერდზე მოითხოვა. თვითრეგულირების ორგანოს გენერალური დირექტორი გია ჭანტურია ხელმძღვანელობს, მან საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც ფონდმა სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრა. სამეურვეო საბჭომ კი გენერალური დირექტორის გადაწყვეტილება გააუქმა და დაადგინა, რომ სადაო სიუჟეტში დაირღვა მიუკერძოებლობის პრინციპი, ვინაიდან, არ წარმოჩინდა ფონდის პოზიცია. ფონდის მოთხოვნისამებრ აღნიშნული გდაწყვეტილება მაუწყებლის ვებ გვერდზე GPB.ge გამოქვეყნდა.
Media.ge