კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა ივანიშვილისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიწერ-მოწერა

31 მაისი, 2012

Media.ge

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. წერილში, რომელიც ივანიშვილის პრესსამსახურმა 29 მაისს გაავრცელა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ცილისწამებაზე საუბრობს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით ჩემ მიერ გამოთქმულ შენიშვნებს ამ ტელევიზიის მესვეურთა მხრიდან პასუხად მოჰყვა ცილისწამება, თითქოს, მე, მედიაზე და, კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე „ზეწოლის“ კამპანია მაქვს გაშლილი და საზოგადოებრივ მაუწყებელს ვაშანტაჟებ, როცა ვაცხადებ, რომ საზოგადოების ფულით დაფინანსებული ტელევიზია თავის სათანადო მოვალეობას უნდა ასრულებდეს და არ უნდა ემსახურებოდეს ტყუილის შექმნასა და ტირაჟირებას. ჩემი შენიშვნა ეხებოდა მხოლოდ იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს საზოგადოების ინტერესების გამომხატველი და არა რომელიმე ხელისუფლების ნების აღმსრულებელი და მსახური“, - აღნიშნავს ივანიშვილი.

ამავე წერილში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ქართულ საზოგადოებას ჰპირდება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხალხის სამსახურში ჩაყენებას და უზრუნველყოფს მის სარედაქციო დამოუკიდებლობას. 

„ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა თითოეული ჟურნალისტი იყოს თავისუფალი, დაცული, ვეღარავინ აიძულოს ისინი მხოლოდ დიქტორის როლში ყოფნა და აღარ მოუწიოთ რომელიმე ერთი პოლიტიკური გუნდის ინტერესების გატარება.

ჩვენ პირობას ვაძლევთ ჩვენს ხალხს, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ამ მაუწყებლისადმი ნდობა,  იგი რეალურად გახდეს საზოგადოების ყველა ფენის ინტერესების გამომხატველი და  იყოს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - აღნიშნულია წერილში.

ივანიშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 28 მაისს იგი სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევასა და ზეწოლაში დაადანაშაულა.

28 მაისს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მოძრაობა „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლას განარძობს.  მაუწყებელი მის მიერ გავრცელებულ წერილში საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებებს და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს ჯეროვნად შეაფასონ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ მედიაზე ზეწოლის ფაქტები.

„დღეს ჩვენ შევიტყვეთ, რომ თუ „არ გადავაწყობთ რიტორიკას“ და არ ვიქნებით აბსოლუტურად ლოიალურები ივანიშვილის მიმართ, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუციის მომავალი ეჭვქვეშ დადგება“, - აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში. აქვე მითითებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობა და მისი სარედაქციო, ან ფინანსური დამოუკიდებლობა საქართველოს მონაპოვარია.

„ჩვენი დაფინანსება არაა დამოკიდებული პარლამენტის და, მითუმეტეს, მთავრობის ნება-სურვილზე და წარმოადგენს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.12%-ს. ყველა საერთაშორისო ექსპერტისა და პროფესიონალის ერთსულოვანი აზრით, ეს სისტემა ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულია და უზრუნველყოფს მაუწყებლის სრულ, მათ შორის - სარედაქციო დამოუკიდებლობას. სხვათა, შორის მაუწყებლის, როგორც საქართველოში ყველაზე დაბალანსებული და მიუკერძოებელი ტელერადიოკორპორაციის საქმიანობა არაერთხელ დაადასტურა ეუთოს, გაეროს, ევროკავშირის, ,,ბიბისის“ და სხვა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა“, - მითითებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის წერილში.

ამ წერილს წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერმა 28 მაისის პრესკონფერენციაზე გააკეთა. ივანიშვილმა კონკრეტულად საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში 27 მაისს გასული გადაცემა „აქცენტების“ წამყვანის, ეკა კვესიტაძის პოზიცია არ მოიწონა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საზოგადოება შეიცვლება და აღარ დააფინანსებს ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორიც დღეს არის.

„ჩვენ როცა მოვალთ ხელისუფლებაში, საზოგადოებრივი არხის წარმომადგენელს არ გადაუხდის საზოგადოება ხელფასს, თუ ესე საწინააღმდეგო განწყობა ექნება საზოგადოების წინააღმდეგ, რომელიც გუშინ ვერ დამალა კვესიტაძემ“, - აღნიშნა ივანიშვილმა 28 მაისს გამართული პრესკონფერეციისას - „თუ ვერ მოახერხებენ, ვერ გადაეწყობიან და ვერ მოერგებიან საზოგადოებას, ისინი ვერ დაფინანსდებიან. დღეს როგორც ფინანსდება ეს სიცრუის არხები, ხომ ყველამ კარგად ვიცით?! მათი ხელმძღვანელები საზოგადოებისგან იპარავენ ფულს, პირდაპირი მნიშვენლობით და საზოგადოების წინაშე სიცრუეს აფინანსებენ. დღევანდელი მედიის 80 პროცენტი სიცრუეზეა აგებული“.

ივანიშვილის ეს სიტყვები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაუწყებლის დაფინანსების წესის თვითნებური შეცვლის მცდელობად, დაუფარავ შანტაჟად და სარედაქციო პოლიტიკაში წინასარჩევნოდ უხეშ ჩარევად მიიჩნია.

„როგორც ჩანს, ივანიშვილს სურს საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად მისი პოლიტიკური მიზნების სამსახურში იხილოს, რაც ეწინააღმდეგება, ზოგადად, მედიის თავისუფლების და, კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეას“, - აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

წერილის დასასრულს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა ივანიშვილს რამდენიმე განმარტებაც მისცეს: „ბატონო ბიძინა, განმარტებისათვის: 1. საავტორო გადაცემის წამყვანი ,,დიქტორი“ არ გახლავთ (ივანიშვილმა ეკა კვესიტაძე მოიხსენია, როგორც დიქტორი) 2. კომერციული რეკლამა გარდა კანონით გათვალისწინებული ერთეული შემთხვევებისა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2011 წლიდან აიკრძალა“.

წყაროები:

ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებას ცილისწამებას უწოდებს

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხი ბიძინა ივანიშვილს

 

ახალი ამბები