კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტთან ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივისტები დააკავეს

31 მაისი, 2012

თამთა ბელიაშვილი

29 მაისს სამართალდამცველებმა პარლამენტთან, მოძრაობა „7 ნოემბრის“, „სამოქალაქო ფრონტისა“ და „მარო მაყაშვილის ქალთა ორგანიზაციის“ აქტივისტები დააკავეს. პარლამენტთან აღნიშნული ორგანიზაციების აქტივისტები აქციას მართავდნენ, რა დროსაც აპროტესტებდნენ 26 მაისს, გელათთან, პოლიციის მიერ მათი მეგობრების დაკავებას.

როგორც ჟურნალისტებს მოძრაობა „7 ნოემბრის“ ლიდერმა ირაკლი ბერაიამ განუცხადა, 26 მაისს მოილოცეს გელათი და როდესაც ბრუნდებოდნენ, პოლიციამ რამდენიმე მათი მეგობარი უკანონოდ დააკავა. მისი თქმით, შვიდ აქტივისტს 400-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, სამი კი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, 29 მაისის აქციით პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ახალგაზრდები 26 მაისს დაკავებული მეგობრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციაში ათზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა. აქციის დასრულების შემდეგ ისინი გადავიდნენ სავალ ნაწილზე და გამყოფ ზოლზე გაჩერდნენ. სამართალდამცველებმა ყველა მათგანი მანქანებში ჩასვეს და წაიყვანეს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევდნენ.

ინციდენტისას გზა გადაკეტილი იყო დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, რომლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგა.

პარლამენტთან დაკავებულთა შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა. „29 მაისს თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის წევრებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ისინი არ დაემორჩილენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გაენთავისუფლებინათ ავტომანქანის სავალი ნაწილი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს. რის საფუძველზეც პოლიციამ აქციის წევრები დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე მაია მახაშვილი, ქეთევან გოგინაშვილი და ლია გამრეკელი 400-400 ლარით დააჯარიმა. ზაზა სვანაძეს, ირაკლი ბერაიას და ირაკლი ყაჭიურის 30-დღიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო სერგო კიღურაძეს და აკაკი ომალაძეს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულები ადმინისტრაციული წესით გაასამართლა. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრს ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, დაკავებულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არა მარტო 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით, არამედ 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლითაც  გაასამართლეს. დაკავებულთა ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ახალგაზრდები უკანონოდ გაასამართლეს და უკანონოდ შეუფარდეს ჯარიმა.

გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, აქტივისტები 26 მაისს დაკავებული მეგობრების გათავისუფლების მოთხოვნით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. ახალგაზრდები სავალი გზის გამყოფ ზოლზე აპირებდნენ დადგომას ისე, რომ ავტომანქანების მოძრაობისთვის ხელი არ შეეშალათ. სწორედ ამ დროს, შუა გზაზე, საპატრულო პოლიციამ ყველა მათგანი მანქანაში ჩასვა და დააკავა.

ადვოკატის თქმით, პოლიციელებმა განაცხადეს, რომ 8 ადამიანმა - სამმა გოგონამ და ხუთმა ბიჭმა 2 წუთის განმავლობაში გზა გადაკეტეს და მოძრაობა შეაფერხეს. ამის გამო, აქტივისტებისთვის შესაფარდებლად, თავდაპირველად, პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს ორთვიანი პატიმრობა მოუთხოვია. აქციის მონაწილეთა ჩვენებებიდან კი ირკვევა, რომ გზის გადაკვეთა სულ რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდებოდა. ერთ-ერთ პოლიციელს ისიც უთქვამს, გზა 15 წუთით გადაიკეტაო, რისი დამამტკიცებელი საბუთებიც, გელა ნიკოლაიშვილის თქმით, არ წარმოუდგენია.

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის შეფასებით, სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო - პოლიციელებს მიემხრო და არ გაითვალისწინა დაკავებულების ან მოწმეების ჩვენებები.

გელა ნიკოლაიშვილმა 26 მაისს გელათში დაკავებული ახალგაზრდების შემთხვევაც შეაფასა. მან განაცხადა, რომ პოლიციას, როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, თითქოსდა ისინი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ჩაშლას გეგმავდნენ - საჯაროდ უნდა დაესვათ მისთვის უსიამოვნო შეკითხვები. თუმცა, პრეზიდენტი იქ არ მისულა. ადვოკატის თქმით, ახალგაზრდები გელათამდე არც მიუშვეს და პირდაპირ განუცხადეს, რომ ისინი არ ემორჩილებოდნენ პოლიციის თანამშრომლებს, შემდეგ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გამოუწერეს ჯარიმები.

პალიტრა ტვ-ს ვიდეო

ახალი ამბები