კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მატანის სკოლის დირექტორმა პედაგოგებს „გლობალ TV“-ის ანტენების დაყენება აუკრძალა

31 მაისი, 2012

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის #1 საჯარო სკოლისდირექტორმა ნელი ტერტერაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა და პედაგოგებს „გლობალ TV“-ის ანტენების დაყენება აუკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა.

„გუშინ სამასწავლებლოში რომ შევედი დირექტორი მასწავლებლებს ეუბნებოდა, ვინც ბიძინა ივანიშვილისგან სატელიტურ ანტენას მიიღებს, სახლში წავაო. ჯერ ვერ მივხვდი რაზე იყო საუბარი და თანამშრომელს ვკითხე, სახლში წავა რას ნიშნავს მეთქი. მან მითხრა, გვემუქრება რომ სამსახურიდან გაგვათავისუფლებსო. უკვე ყველა კანკალებდა, ყველა ამბობს, რომ უარს იტყვიან ანტენების დამონტაჟებაზე. ეს  ჩვეულებრივი ამბავია აქ და თან ჩვენი სკოლის დირექტორისგან, დაზაფრა ხალხი. სკოლაში ისეთი სიტუაციაა, რომ „ქართულ ოცნებაზე“ ხმას საერთოდ ვინ ამოიღებს. თუ ვინმე გაბედავს და შემეწინააღმდეგება იმ წუთში დატოვებს სკოლასო. მხოლოდ ორმა მასწავლებელმა გაბედა ეთქვა, რატომ არ უნდა ავიღოთ ანტენები, გვაინტერესებსო. იცის რომ პატრონი ჰყავს და რასაც უნდა იმას იტყვის. ისე მოიყვანა და დასვა გამგებელმა კობა მაისურაძემ, რომ გამოცდებიც არ ჩაუბარებია“, - აღნიშნა პედაგოგმა.

მისივე თქმით, მასწავლებლებზე ზეწოლას დირექტორის მოადგილეც ახდენს.

„დირექტორის მოადგილემ ფატი ჭილაშვილმა უთხრა ერთ მასწავლებელს, შენ ზედმეტი რაღაცეები გილაპარაკია, არჩევნებზე რომ მიხვალ 5-იანი უნდა შემოხაზო და ყველას აჩვენო, იმიტომ, რომ ეჭვმიტანილი ხარო,“ - განაცხადა პედაგოგმა.

სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე მასწავლებლის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.

„არა გენაცვალე, მცდარი ინფორმაცია გაქვთ, მაგ თემაზე საუბარი არ ყოფილა, პირველად მესმის, მითხარით, რომელმა გითხრათ? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მაგ თემაზე არ გვისაუბრია, რა ანტენაზეა საუბარი ეგეც პირველად მესმის, გულწრფელად გეუბნებით“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნელი ტერტერაშვილმა.

„მე ვუთხარი? როგორ გეკადრებათ, მსგავსი რამ არავისთვის მითქვამს. არასწორია გენაცვალე, მტკნარი სიცრუე და ცილისწამებაა“, - აღნიშნა ფატი ჭილაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები