კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბობოხიძე: „ევროპას უნდა, საქართველო მგლების საარსებო არეალად აქციოს“

4 ივნისი, 2012

ნინო კახიშვილი, ნეტგაზეთი

31 მაისს პარლამენტში პირველი მოსმენით „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში იმ ცვლილებების პროექტს დაუჭირეს მხარი, რომელიც თავისი არსით საერთაშორისო კონვენციებს ეწინააღმდეგება.

„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის შესაბამისად, კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიიდან 842. 4 ჰექტარი დაცულ ტერიტორიად აღარ ჩაითვლება და სახელმწიფო იქ ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს.
 
საუბარი ჯერჯერობით ფოთი-ანაკლიის შემაერთებელ მაგისტრალზეა, რომელიც, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განმარტებით, საქართველოს საზღვაო აკვატორიას ერთ მთლიან საკურორტო ინფრასტრუქტურად აქცევს.
 
უმრავლესობის წევრები, რომლებიც საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ, აღნიშნული ცვლილების მნიშვნელოვნებას იმით ხსნიდნენ, რომ ფოთი-ანაკლიის შემართებელი მაგისტრალი საგრძნობლად შეამცირებს გზას ბათუმიდან ანაკლიამდე, რაც საკურორტო ზონის განვითარებას ხელს შეუწყობს.
 
ერთადერთი, ვინც ცვლილებას მხარი არ დაუჭირა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე იყო.
 
„კანონში ინიცირებული ცვლილება გულისხმობს დაცული ტეროტორიიდან 842 ჰა მიწის გამორიცხვას. ეს არის ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება რამსარის კონვენციას. საერთაშორისო კანონმდებლობა კი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეროვნული. ამ ქმედებით ხელყოფენ კოლხეთის დაბლობის უნიკალურ ეკოსისტემას, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს. მე ვითხოვ ფორმალურ საფუძვლებს, რაზეც პასუხი არა აქვს უმრავლესობას, რადგან ეს არის ერთი ადამიანის თავში მოხარშული იდეა“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
 
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომის შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, გოჩა მამაცაშვილი აღნიშნული ქმედებისთვის სამართლებრივი საფუძვლის მინიჭებას იმით ხსნის, რომ ინვესტორები უფრო თამამად შეძლებენ ინვესტირებას აღნიშნულ ტერიტორიაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო განავითარებს.
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ბობოხიძეს არ მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით ქვეყანა იმ  საერთაშორისო კანონმდებლობას დაარღვევს, რომელსაც 1996 წელს შეუერთდა.
 
„ბუნებრივია, არ ვარღვევთ იმიტომ, რადგან არსად არ წერია, რომ შეთანხმებები არის დროში უცვლელი, დინამიკას არ ითვალისწინებს და რომ ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება მუდმივად ურყევი უნდა დარჩეს. არ შეიძლება მსოფლიოში ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ იქნება მომავალში შეცვლილი. და თუ მაინც მიიჩნევენ, რომ დაირღვა, მაშინ გამოგვრიცხავენ და ეგ იქნება. რომც გვემუქრებოდეს რაიმე სანქცია, ეს იქნება ერთჯერადი“, - განაცხადა ბობოხიძემ.
 
კოლხეთის დაცული ტეროტორიიდან 842,4 ჰა ფართობის ამოღების ინიციატივა საქართველოში გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მის პირველ მოსმენამდე სოციალურ ქსელებში უკვე გააკრიტიკეს და თქვეს, რომ „კანონპროექტი ეწინააღმდეგება რამსარის, ბერნის და ორჰუსის კონვენციებს, ასევე, ევროკავშირის ჰაბიტატების დირექტივას, ფრინველების დირექტივას და გარემოზე ზემოქმედების შესახებ დირექტივას“.
 
გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მხრიდან პროტესტს ბუნებრივად მიიჩნევს აკაკი ბობოხიძე. „ბუნებრივია, რომ მათი და საერთაშოროისო ორგანიზაციების მხრიდან უკმაყოფილება იქნება. მათთვის ეს მტკივნეული თემაა. სხვას რომ თავი დავანებოთ, ისინი დაფინანსებას სწორედ იმაში იღებენ, რომ ბუნება დაიცვან. მათთვის ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები მეორეხარისხოვანია. ჩვენ არა ვართ გარემოსდაცვითი ორგანიზაცია და კომპლექსურად ვითვალისწინებთ ბუნებისა და მოქალაქეების ინტერესებს“, - ამბობს ბობოხიძე.
 
საერთაშორისო კონვენციებზე საუბრის დროს ბობოხიძე ევროპასაც ადანაშაულებს.
 
„ევროპას უნდა, საქართველო მგლების საარსებო არეალად იქცეს. ევროპას, რომელსაც მგელი არ ჰყავს, იცავს მგელს საქრთველოში. არაერთხელ მითქვამს - გავუგზავნით, თუ ასე ძალიან უნდათ. ჩვენ კი საქართველო, პირველ რიგში, ადამიანებისთვის გვინდა, რომ ბუნება და ადამიანი ჰარმონიულად თანაარსებობდეს. საქართველოში ნებისმიერ ხელისუფლებას, იმის მიუხედავად, ვინ იქნება, აუცილებლად მოუწევს, გადახედოს არა მხოლოდ დაცულ ტეროტორებს, არამედ სხვა პროექტებსაც“, - ამბობს ბობოხიძე.

ორიგინალი

ახალი ამბები