კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თბილისის მიკროავტობუსი“ ყვითელ „მარშუტკებში“ მგზავრებს რადიოს მოსმენას უკრძალავს

7 ივნისი, 2012

ალექსი ბეჟანიშვილი

6 ივნისს კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ სამარშრუტო ტაქსებში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალები გათიშა. მძღოლებს, რომლებსაც ღამით სამარშრუტო ტაქსები ღია დაატოვებინეს, დილით რადიოები მანქანებიდან ამოგლეჯილი დახვდათ. სამარშრუტო ტაქსებში უმეტესად თავისუფალ რადიოარხებს - „პალიტრას“, „მაესტროს“, „უცნობს“ და „თავისუფლებას“ უსმენდნენ.

„თბილისის მიკროავტობუსმა“ სარეკლამო კომპანიის პრეტენზია მიკროავტობუსებში რადიოსიგნალის გათიშვით მოაგვარა. როგორც მიკროავტობუსებში დამონტაჟებული მონიტორების მფლობელი სარეკლამო კომპანია elipentys გენერალური დირექტორი ზაზა ბულისკირია აცხადებს, „მასთან სარეკლამო დამკვეთებს პრეტენზია ჰქონდათ, რადგან რადიოს ხმა რეკლამის ხმას ფარავდა“.

„სარეკლამო დამკვეთები მსაყვედურობდნენ, რომ რეკლამა, რომელიც მონიტორზე გადიოდა, უხმო იყო. სწორედ ამიტომ, თხოვნით მივმართე თბილისის მიკროავტობუსს, რომ რაიმე გამოსავალი ეპოვათ. მათ კი გამოსავალი რადიოს გათიშვით იპოვეს. ჩემთვის მთავარია, ჩემი დამკვეთი კმაყოფილი იყოს. რაც შეეხება მგზავრების პროტესტს, ეს უკვე ჩემი საქმე არ არის“, - განაცხადა ბულისკირიამ.

შეგახსენებთ, რომ „თბილისის მიკროავტობუსის“ გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსებში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალები გაითიშება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „პირველს“ „თბილისის მიკროავტობუსიდან“ აცნობეს, კომპანიებს, რომლებიც ქალაქ თბილისში მგზავრთა გადაყვანას ახალი ყვითელი მიკროავტობუსებით უზრუნველყოფენ, ხელშეკრულება დამოუკიდებელ იურიდიულ პირთან სარეკლამო მომსახურების თაობაზე აქვთ გაფორმებული“. 

„ხელშეკრულების მიხედვით, სარეკლამო კომპანია ვალდებულია, მიკროავტობუსებზე გარე რეკლამის განთავსება, ხოლო სამარშრუტო ტაქსების სალონში მონიტორების დამონტაჟება უზრუნველყოს, სადაც სხვადასხვა ხმოვანი სარეკლამო რგოლები განთავსდება. თავის მხრივ, ზემოთაღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელმა სატრანსპორტო კომპანიებმა სარეკლამო რგოლების მომხმარებლისთვის შეუფერხებლად მიწოდება, მათი გარჩევადობა და სმენადობა უნდა უზრუნველყონ“, - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, მიკროავტობუსებში მონიტორების მონტაჟი უკვე მიმდინარეობს და აღმოჩნდა, რომ ხმოვანი სარეკლამო რგოლის ეკრანზე განთავსებას ხელს სამარშრუტო ტაქსებში გამოყენებული რადიოსაშუალებები უშლის.

„აღნიშნული პრობლემის მოგვარების უზრუნველსაყოფად, სარეკლამო კომპანიამ მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიებს წერილობითი მოთხოვნით მიმართა. რათა მათ დამკვეთი კომპანიების წინაშე აღებული ვალდებულება სრულყოფილად შეასრულონ და სარეკლამო რგოლი მონიტორებზე შეუფერხებლად გაუშვან. შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ ტექნიკური სამსახურის გადაწყვეტილებით პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი გახდა მიკროავტობუსებში რადიო საშუალებებზე ხმოვანი სიგნალების გათიშვა“, - აცხადებენ კომპანიაში.

რადიომაუწყებლები მიკროავტობუსებში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალების გათიშვას არაერთგვაროვნად აფასებენ.

ტელერადიო კომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი მიკროავტობუსებში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალების გათიშვის გადაწყვეტილებას „ჰიტლერული გერმანიის იდეოლოგიად“ აფასებს.

„რომ არ გავაზვიადო, ესაა ფაშისტური გერმანიის იდეოლოგია. ისიც კი ვერ მოიფიქრებდა ამას. ესაა საშინელი ფაქტი. ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია მიკროავტობუსში იქნება ის თუ ტაქსიში“, - განუცხადა მამუკა ღლონტმა „ინტერპრესნიუსს“.

მისივე შეფასებით, მომხდარი ადასტურებს, რომ ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. „კარგი იქნებოდა, გამოკითხვა მაინც რომ ჩაეტარებინათ იმასთან დაკავშირებით, რა უფრო ურჩევნიათ მოქალაქეებს – რადიოს მოსმენა თუ „ნაციონალური მოძრაობის“ რეკლამების ყურება?“ - დასძინა ღლონტმა.

რადიო „პალიტრის“ გენერალური დირექტორი ნინო ქვარიანი „თბილისის მიკროავტობუსის“ გადაწყვეტილებას მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვის მცდელობად აფასებს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიკროავტობუსის მძღოლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას რადიოს მეშვეობით იღებდნენ და აღმოჩნდება, რომ მათ ამის საშუალება აღარ ექნებათ.

„ამ გადაწყვეტილებას აქვს მეორე მხარეც, ეს არის კერძო კომპანიის გადასაწყვეტი, თუ ის თვლის, რომ ეს მარკეტინგულად და ფინანსურად, ბიზნეს თვალსაზრისით მომგებიანია ჩვენ არ გვაქვს უფლება ავუკრძალოთ, თუმცა ჩვენთვის, როგორც რადიო მაუწყებლისთვის არ არის სასიამოვნო ფაქტი“, - აცხადებს ქვარიანი. მისივე თქმით, რადიო „პალიტრას“ არაერთ მიკროავტობუსში ჰყავს თავისი მსმენელი.

რადიო „იმედის" გენერალური დირექტორი კი „თბილისის მიკროავტობუსის“ გადაწყვეტილებაში ტრაგედიას ვერ ხედავს. როგორც ნინო გაბრიაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ნებისმიერ კერძო მფლობელს თავისი მარკეტინგული მიდგომა აქვს.

„ისევე, როგორც მე, როგორც ხელმძღვანელს, ვერავინ მიკარნახებს როგორ მოვიქცე, ისე მე ვერ ვუკარნახებ ვერავის. ეს ჩვეულებრივი ბიზნესის კანონებია, რომელსაც ყველა უნდა დავემორჩილოთ“, - აღნიშნა ნინო გაბრიაძემ.

მისივე თქმით, რადიოსიგნალების გათიშვა სამარშუტო ტაქსებში ტრაგედიას არც მსმენელების შემცირების კუთხით გამოიწვევს, რადგან ერთგულ მსმენელს საკუთარი რადიომიმღები მაინც აქვს. "მე ამას დიდ ტრაგედიად ვერ აღვიქვამ. მათ თავიანთი ბიზნესხედვები აქვთ, რაშიც მე ვერც რჩევას მივცემ და ვერც წინააღმდეგობას გავუწევ, რადგან ეს მათი საქმეა. კერძო კომპანიის საქმეებში ჩარევა ჩემი მხრიდან უხერხული იქნება და დანარჩენმა რადიოსადგურებმა თავად გადაწყვიტონ, როგორ მოიქცევიან", - აღნიშნა რადიო „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველისა“ და „ინტერპრესნიუსის“ მიხედვით

ახალი ამბები