კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა ივანიშვილი 148 650 131 ლარით დაჯარიმდა

12 ივნისი, 2012

ალექსი ბეჟანიშვილი

11 ივნისს ერთი საათის შუალედში თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ჯერ 126 მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა, შემდეგ კი მილიარდერი პოლიტიკოსი დამატებით 22.42 მილიონი ლარით დააჯარიმა. საერთო ჯამში, „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ივანიშვილმა 148 650 131 ლარი უნდა გადაიხადოს.

თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა კონტროლის პალატის გადაწყვეტილება, რომელიც ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს 126.22 მილიონი ლარის ჯარიმას აკისრებს.

„სივილ ჯორჯიას“ ცნობით, 126.22 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა ივანიშვილს იმ საქმესთან დაკავშირებით დაეკისრა, რომელიც კონტროლის პალატის მტკიცებით, „გლობალ TV“-ის მიერ „ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენების დარიგების“ ფაქტს ეხება.

კონტროლის პალატის თქმით, „გლობალ TV“-ის მიერ ივანიშვილის ფინანსების გამოყენებით სატელიტური ანტენების უფასოდ დარიგება ასევე წარმოადგენს პარტიების შესახებ კანონის დარღვევას. კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ამ ქმედებით ამომრჩევლებს 12 662 019 ლარის ღირებულების საჩუქრები დაურიგდათ და ამ თანხის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრება მოითხოვა. თუმცა, შემდეგ ეს თანხა 126.22 მილიონ ლარამდე გაორმაგდა, ვინაიდან, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ეს კანონი ივანიშვილმა განმეორებით დაარღვია.

ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

„სივილ ჯორჯიას“ ინფორმაციით, მეორე ჯარიმა ეხება „ქართული ოცნებისთვის“ ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების „ბურჯის“ და „ელიტა ბურჯის“ მიერ „239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანებით შეღავათიანი მომსახურების“ გაწევის ფაქტს. კონტროლის პალატამ გაწეული მომსახურება 2 242 994 ლარად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ივანიშვილის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ უკანონო შემოწირულობის განხორციელებას წარმოადგენს. ამ თანხის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა კიდევ გაორმაგდა, ვინაიდან კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ივანიშვილმა პარტიების შესახებ კანონი არაერთგზის დაარღვია.

ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი სასამართლოს ორივე გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებენ. თუმცა, ასევე მიანიშნეს, რომ მათ სარჩელს წარმატების შანსი არა აქვს და სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულეს.

ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ გასულ კვირას მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ კონტროლის პალატის ქმედებები „მიმართულია მხოლოდ ერთი მიმართულებით - როგორმე ანტენების გავრცელება შეჩერდეს“.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ რეგიონებში ანტენების გავრცელებით თქვენი ტელევიზიაც და სხვა ობიექტურად გამშუქებელი ტელევიზიები მოახერხებენ, რეგიონებში ინფორმაცია შეიტანონ. შესაბამისად, სააკაშვილის ტელევიზიების სიცრუე დაკნინდება და ეს არის მათთვის დამღუპველი“, – განაცხადა მან.

„ქართული ოცნების“ პასუხი კონტროლის პალატას

„ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა საპასუხო განმარტება საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც  1 ნოემბრიდან 1-ელ ივნისამდე  ფინანსური ანგარიშგებების წარმოდგენას ეხება.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დამფუძნებლებს წარმოადგენენ სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფი“ და კანადის მოქალაქე გბეგო ტოსსა აჰოგნიბო ჟილბერი.

„აღნიშნული მონაცემის უტყუარობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემთა ბაზაში. გამომდინარე ზემოთქმულიდან, თქვენს წერილში აღნიშნული ვარაუდი იმის თაობაზე, თითქოს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ წარმოადგენს ფიზიკური პირის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ორგანიზაციას, არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განმარტებულია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 14 თებერვლიდან საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარეს წარმოადგენს ნიკოლოზ ჩხეტიანი. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მისი, როგორც პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრის წარდგენა მოხდა ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.

„შესაბამისად, ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს თქვენს წერილში გამოთქმული მეორე ვარაუდი, თითქოს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დირექტორს (გამგეობის თავმჯდომარეს) წარმოადგენს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება კონტროლის პალატის მიერ 1 ნოემბრიდან 1 ივნისამდე პერიოდის ფინანსური ანგარიშგებების წარმოდგენის მოთხოვნას, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ, პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭირვალობაზე მონიტორინგის განხორციელების ფუნქცია 2011 წლის 28 დეკემბრიდან მოიპოვა, როცა ძალაში შევიდა შესაბამისი ცვლილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში. აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური არ არის უფლებამოსილი, ვინმესგან მოითხოვოს მასალები, რომლებიც შეეხება 2011 წლის 28 დეკემბრამდე არსებულ პერიოდს.

„მიუხედავად აღნიშნულისა, ხაზს ვუსვამთ რა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მრავალწლიან რეპუტაციასა და საქმიანობის სრულ ტრანსპარენტობას, გიგზავნით თქვენ მიერ მოთხოვნილი პერიოდის ამსახველ ფინანსურ ანგარიშს. ცალკე აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია, კანონმდებლობის შესაბამისად, სისტემატურად აქვეყნებდა თავისი საქმიანობის ამსახველ ფინანსურ ანგარიშებს. 2011 წლის სრული ფინანსური ანგარიში გამოქვეყნდა „საერთო გაზეთის“ 31.03.2012 ნომერში. გარდა ამისა, ფონდის საქმიანობის სისტემატურ აუდიტს ატარებს საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „დელოიტი და ტუში“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის 341-ე მუხლის მეორე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი უფლებას აძლევს კონტროლის პალატას, გამოითხოვოს პირისგან ფინანსური ანგარიში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე.

„გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ თქვენს წერილში აღნიშნული არც ერთი ვარაუდი არ შეესაბამება სინამდვილეს, გთხოვთ, წერილობით გვაცნობოთ, თუ რა სახის დასაბუთება გააჩნდა თქვენს სამსახურს ჩვენ მიმართ რაიმე სახის ვარაუდის გაჩენისთვის და კონკრეტულად მიგვითითოთ 261 მუხლით გათვალისწინებული რომელი გარემოების არსებობას გულისხმობთ საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთან“ მიმართებაში“, - ანიშნულია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა წერილობით მიმართა ფონდ „ქართუსა“ და ასოციაცია „ატუს“ 2011 წლის 1 ნოემბრიდან 1 ივნისამდე პერიოდის ფინანსური ანგარიშგებების წარმოდგენის შესახებ. როგორც კონტროლის პალატაში აცხადებენ, აღნიშნული მიმართვა ეფუძნება დასაბუთებულ ვარაუდს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე. ფონდ „ქართუს“ შემთხვევაში, ეს უკავშირდება იმ ფაქტებს, რომ იგი წარმოადგენს გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირის - ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ორგანიზაციას და ამავდროულად, ფონდის დირექტორი (გამგეობის თავმჯდომარე) ირაკლი ღარიბაშვილი გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პოლიტიკური ორგანიზაციის - კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო ასოციაცია „ატუ“-ს შემთხვევაში, დგინდება მისი ეკონომიკურ-ფინანსური კავშირი შპს „ბურჯთან“ და შპს „ელიტა ბურჯთან“, რომლებიც კონტროლის პალატის განცხადებით, ასევე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიებია, რომელთა მეშვეობით განხორციელებული პოლიტიკური დაფინანსების კანონსაწინააღმდეგო ფაქტი გამოვლენილია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რაზედაც სამართალწარმოება მიმდინარეობს სასამართლოში“.

კონტროლის პალატის განმარტებით, ფინანსური ანგარიშგებების გამოთხოვა მიმართულია მონიტორინგის კომპეტენციაში შემავალ საკითხზე გარემოებების სრულად და ობიექტურად გამოკვლევისკენ და კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიღებას ემსახურება.

ყადაღის საფრთხე

ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აღსრულების ღონისძიების სახით ყადაღის გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ლელა ტალიურმა განუცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნული საკითხი აღსრულებათა შესახებ კანონით რეგულირდება.

ტალიურის განცხადებით, ივანიშვილს შეუძლია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 48 საათის განმავლობაში გაასაჩივროს, თუმცა, როგორც იურისტი განმარტავს, ივანიშვილმა დავის მიმდინარეობის დასრულებამდე ჯარიმის თანხა უნდა გადაიხადოს, იმის მიუხედავად, თუ რა დროის განმავლობაში გაგრძელდება დავა.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი ერთადერთი გამონაკლისია, როცა გასაჩივრება აღსრულებას არ აჩერებს“, - აღნიშნა ლელა ტალიურმა.

ახალი ამბები