კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყალბი მონაცემები ნაციონალური მოძრაობის ფინანსურ ანგარიშში

12 ივნისი, 2012

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2010 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო კამპანიის ფონდში შემოწირულობა 279 იურიდიული პირისგან და 171 ფიზიკური პირისგან მიიღო. კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ანგარიშში შეყვანილმა რამდენიმე ფიზიკურმა პირმა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხის გადარიცხვის ფაქტი უარყო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშში მითითებულია, რომ ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრებმა გიგო ელანიძემ, „ნაციონალურ მოძრაობის“ საარჩევნო ფონდში, 2010 წლის 29 მარტს 1000 ლარი შეიტანა. „ასეთი ფაქტი, რომ მე პირდაპირ ჩამერიცხოს ვინმესთვის თანხა, არ ყოფილა“, – განუცხადა გიგო ელანიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

- პირდაპირ არ ჩაგირიცხავთ რას ნიშნავს?

- არ ჩამირიცხავს კაცო არავისთვის არაფერი. ვინ გითხრათ ეგ საერთოდ? ნამდვილად არ ჩამირიცავს არავისთვის არაფერი, არცერთი პარტიისთვის, მე პარტიის წევრი არ ვარ.

გიგო ელანიძეს აქვს დიდი, ორსართულიანი სახლი, რომელიც ვიზუალურად კარგ მდგომარეობაშია. ქვემო ალვანში ფლობს მეტალოპლასტმასის და მინის საამქროებს.

ანგარიშის მიხედვით, თელავში, ქეთევან წამებულის N5-ში მცხოვრებმა შოთა ბინიაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ 2010 წლის 15 მარტს 1000 ლარი შეწირა. „რა თქმა უნდა არ გადამირიცხავს. რატომ უნდა გადამერიცხა? ვის ჩავურიცხე, „ნაციონალურ მოძრაობას?“ კიდევ კარგი „ქართული ოცნებისთვის“ არ ჩამირიცხავს,“ – აღნიშნა ბინიაშვილმა.

შოთა ბინიაშვილს თელავში, ერეკლე II–ს ქუჩაზე ფოტო ატელიე აქვს, სადაც ტელეფონებს, ფოტოაპარატებს და სხვა ტექნიკას ყიდის. იგი ორ ბინას ფლობს თელავის ერთ – ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ქეთევან წამებულის N5–ში, აქედან ერთი ბინა გაქირავებული აქვს.

სახელისუფლებო პარტიის ანგარიშში მითითებულია, რომ თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრებ ლევან ფეიქრიშვილსაც 1000 ლარი აქვს გადარიცხული 2010 წლის 16 მარტს. ლევან ფეიქრიშვილი სამუშაოდ თურქეთშია წასული. მისმა მეუღლემ და შვილმა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხის გადარიცხვის ფაქტი კატეგორიულად უარყვეს. „რას ამბობთ, რამდენი ხანია უმუშევარია, რატომ უნდა შეეწირა ფული ან საიდან? ახლახანს თურქეთში წავიდა სამუშაოდ,“– აღნიშნა ლევან ფეიქრიშვილის მეუღლემ ნონა ფეიქრიშვილმა. ფეიქრიშვილების ერთსართულიანი სახლი ვიზუალურად საკმაოდ ცუდ  მდგომარეობაშია.

გიორგი ბოტკოველი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის კოორდინატორი: „ეგ გადარიცხვები ცენტრალიზებულად ხდება. მაგ საკითხზე მე პასუხს ვერ გაგცემთ. თანაც, 2010 წელს მე საარჩევნო შტაბის უფროსი არ ვიყავი“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის ერთ - ერთ ლიდერს ზურაბ მელიქიშვილს ვერ დაუკავშირდა. სატელეფონო ზარებს არც მიხეილ მაჭავარიანმა უპასუხა.

როგორც ცნობილია, 2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე, პოლიტიკურ პარტიებს შორის  ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაზე დიდი თანხა - 14 113 411 ლარი დახარჯა, მაშინ როდესაც სხვა პარტიების დაფინანსება 100 000 ლარს არ აღემატებოდა. ორგანიზაციებმა ფულადი თანხა არჩევნებში მონაწილე პარტიებიდან მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაურიცხეს.

ერთ-ერთი კომპანია შპს „პატარძეულია“, რომელიც საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულშია განთავსებული. კომპანია კვერცხს აწარმოებს. შპს „პატარძეულს“ ოთარ მუჩიაშვილი ხელმძღვანელობს. „ნაციონალურ მოძრაობას“ 2010 წლის 24 თებერვალს მან 13 500 ლარი, ხოლო 25 თებერვალს კიდევ 6 500, საერთო ჯამში 20 ათასი ლარი ჩაურიცხა. მისი თქმით, ხელისუფლება ბიზნესის განვითარებას ცდილობს და კომპანია მის კურსს ამიტომაც უჭერს მხარს.

შპს „ბუნებრივ აირს“ კახეთის რეგიონში რამდენიმე ავტოგაზგასამართი სადგური აქვს. კომპანიის მეპატრონე შოთა დემინაშვილია. 2004 წელს დემინაშვილი ფინანსური დარღვევების ბრალდებით დააკავეს, თუმცა თანხის გადახდის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს. მას შემდეგ დემინაშვილს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ახლო ურთიერთობები აქვს. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შპს „ბუნებრივმა აირმა“ ნაციონალურ მოძრაობას 50 ათასი ლარი გადაურიცხა. ამავე პერიოდში, აღნიშნული კომპანიის დაფინანსებით ჩატარდა სარემონტო სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, სადაც კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაც არის განთავსებული. ოფიციალური ცნობით, სარემონტო სამუშაოებზე თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გახარჯული არ არის.

შპს „რუჯი“ ყვარელში, მარქსის N 20-შია რეგისტრირებული. კომპანიამ 2010 წლის 26 თებერვალს ნაციონალურ მოძრაობას 30 ათასი ლარი ჩაურიცხა. შპს „რუჯი“ იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელმაც „მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით“, საქართველოს პრემიერ მინისტრის განკარგულებით, 2009 – 2010 წლებში 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შეღავათიანი სესხი მიიღო. კომპანიას აღნიშნული თანხით ჭარბი ღვინო უნდა აეთვისებინა, თუმცა „რუჯის“ ღვინო ადგილობრივი ქარხნებისგან არ შეუძენია.

შპს საგზაო სამშენებლო კომპანია „სერპანტინი“ თელავში, ფალიაშვილის 27-შია რეგისტრირებული. კომპანიამ 2010 წლის 17 მარტს, ნაციონალურ მოძრაობის საარჩევნო ფონდში 50 ათასი ლარი გადარიცხა. 2010 წელს „სერპანტინს“ კახეთის რეგიონში არაერთი ტენდერი აქვს მოგებული. „სერპანტინის“ საკუთრებაშია თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მდებარე ქვის სამსხვრევი საამქროები და ასფალტის ქარხანაც.

ბიზნესმენმა გურამ ბერიკაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას წინასაარჩევნოდ 10 ათასი ლარი შეწირა. შპს „აისმა“ (გურჯაანის ნაყინი) სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდში თანხა 8 აპრილს გადარიცხა. გურამ ბერიკაშვილი ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია. ის „ნაციონალური მოძრაობის“ სიით, წინა და ამჟამინდელი მოწვევის საკრებულოს წევრია გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

100 ათასი ლარი შეწირა ნაციონალურ მოძრაობას შპს კომპანია „კონკორდმა“. კომპანია თელავში, ალაზნის გამზირზე, N4-შია რეგისტრირებული. კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

1000 ლარი გადაურიცხა ნაციონალურ მოძრაობას შპს „გზამშენი 2005“-მა; შპს „აიდინ ბოიქმა“ 2 000 ლარი; 11 000 ლარი შპს „არქსტუდია თელავმა“; შპს „თელავი ჯგუფმა“, შპს „ნოთამ“, შპს „ვესტერნ რეკორდმა“, შპს „ნასადგომარმა“, შპს „ფირმა გოლდმა“ და შპს „იმედმა“ – ათას - ათასი ლარი; შპს „აგროსფერო - გურჯაანმა“ 5 000 ლარი; შპს-მ „კომპანია ეითი“ 2 000 ლარი; საგარეჯოს აგრარულმა ბაზარმა 100 ლარი და ა.შ.

სხვადასხვა ორგანიზაციებმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნოდ თანხები არჩევნების შემდეგაც შეწირეს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საბოლოო ანგარიშის თანახმად, საგარეჯოში მდებარე შპს „კავკასავტომაგისტრალმა“ 2010 წლის 31 მაისს სახელისუფლო პარტიას 80 ათასი ლარი გადაურიცხა.

შპს „კავკასავტომაგისტრალი“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მრავალჯერ გამარჯვებული ორგანიზაციაა. კომპანია გზის სარეაბილიტაციო, გაზიფიცირების, სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოებს ახორციელებს და ძირითადად კახეთის რეგიონში მუშაობს. 

„კავკასავტომაგისტრალმა“ 2009 წელს 14 500 000 ლარი მიიღო კახეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 99 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად.

ახალი ამბები