კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა ივანიშვილი დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს

13 ივნისი, 2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ჯარიმების გადახდას არ აპირებს. „თანხის გადახდას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, რამდენადაც ეს უკვე აბსურდია. თქვენ უნდა ნახოთ სასამართლოსა და ადვოკატების საუბრის ჩანაწერები. ეს არის ყველაზე საინტერესო. სასამართლო დავიდა „რეალტივის“, „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ თუ გინდ „პირველი არხის“ დონეზე. როგორც ისინი ჭორაობენ, ისე ხდება სასამართლოშიც“, – განაცხადა ივანიშვილმა გაზეთ „გურია ნიუსთან“ საუბარში.

მისივე თქმით, მათი ტერმინოლოგიაც ლამის ერთმანეთს ემთხვევა. „როდესაც ადვოკატები უსვამენ კითხვას, გვაჩვენეთ კავშირი რაღაც ორგანიზაციასა და ივანიშვილს შორის, მოსამართლე პასუხობს, ეს ხომ ყველამ იცის! რას ნიშნავს ყველამ იცის? იურიდიულ პირთან მიმართებაში რომ სხვა კანონმდებლობა არსებობს და ფიზიკურთან სხვა, არაფერს ნიშნავს?! კავშირებს ჭორებით ადგენენ, ისე, როგორც სააკაშვილის ტელევიზიები, რომლებმაც თავიანთი ტერმინოლოგია სასამართლოში გადაიტანეს. მოსამართლე ვალდებულადაც აღარ თვლის, თავს ადვოკატს აუხსნას ვითარება იურიდიულად, კანონის საფუძველზე. ხსნიან მარტივად, ეს ხომ ყველამ იცის, ეს ხომ მისი ძმაა, ამ კომპანიასთან ხომ ადრე ჰქონდა რაღაც ურთიერთობა. ეს ისეთი აბსურდია, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

„გურია ნიუსის“ კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმებს არ გადაიხდის, ივანიშვილი განმარტავს, რომ ეს ხელისუფლებამ უნდა თქვას: „ეს უნდა ვკითხოთ ხელისუფლებას, რას აპირებენ შემდგომში. მე მინდა დავაწყნარო საქართველოს მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ესენი აგონიაში ჩავარდნილი ხალხია და ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე პროცესი შემოაბრუნონ. ეს ხალხი აბსოლუტურ ისტერიკაშია. უფრო სწორად, ერთი კაცია ისტერიკაში და ის კარგად ხვდება, რომ ყველაფერი მიდის დასასრულისკენ, ლოგიკური დასასრულისკენ. ამიტომ, მას უნდა, რომ წინააღმდეგობა გაწიოს, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი განვითარდება ლოგიკურად და ერთი კაცი ვერ შეძლებს საქართველოს მოსახლეობის შეჩერებას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2 დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებებით, „ქართული ოცნების“ ლიდერი მთლიანობაში 148 მილიონ 650 ათას 131 ლარით დაჯარიმდა. საქალაქო სასამართლომ ამ თანხით ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების გადაწყვეტილება კონტროლის პალატის მიერ მომზადებული ორი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე მიიღო.

კონტროლის პალატის ინფორმაციით, საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან „გლობალ კონსალტინგ გრუპის“ რესურსის გამოყენებით, საარჩევნო მიზნებისთვის ათეულობით ათასი სატელიტური ანტენების მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ და მასობრივად დარიგების ფაქტებს, რომელიც მონიტორინგის სამსახურმა გამოავლინა.

კონრტოლის პალატის ინფორმაციით, ამ ქმედებით ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა 12 622 000 ლარის შემოწირულობა. სასამართლომ „ქართული ოცნების“ ლიდერი ამ თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა.

მეორე შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს კონტროლის პალატა პირადი ანგარიშიდან კომპანიების „ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ რესურსების გამოყენებით „ქართული ოცნებისთვის“ 239 ავტომობილის შეღავათებით მიქირავების ბრალდებას უყენებდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები