კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძნელია, თბილისში იყო ბოშა

19 ივნისი, 2012

მარი ნიკურაძე, DFWatch

თბილისის ქუჩებში სეირნობისას რამდენიმე ადგილას შეხვდებით გახუნებულ, ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელში ჩაცმულ ბავშვებს ჭუჭყიანი ხელებითა და სახით, რომლებიც ფულს გთხოვენ.

ეს ბავშვები ქალაქის ბოშური დასახლებიდან არიან. მათ 18-22 წლის გოგოები ზედამხედველობენ და მითითებებს აძლევენ ან სჯიან, თუ ხალხს უხეშად მიმართავენ.

თქვენ ასევე ნახავთ ოთხ წლამდე ბავშვებს, რომლებიც თბილ ტანსაცმელში გახვეული მიწაზე წვანან; ასევე ფეხით სიარულის დროს შეიძლება ვინმე ფეხზე გწვდეს და არ გაგიშვას ვიდრე ფულს არ მისცემ. გამვლელები ზოგჯერ ბრაზდებიან და თავშიც კი სცემენ ვიდრე უფროსი გოგოები [ზედამხედველები] არ დაიწყებენ ყვირილს.

ბოშებს შეხვდებით ავტობუსში და მეტროში, ისინი ან მღერიან ან ლექსს ამბობენ და მერე მეტროს ვაგონში ჩამოივლიან ფულის შესაგროვებლად.

უფრო ქალები ყიდიან უამრავ რამეს ბაზარში რკინიგზის სადგურთან ან ლილოს ბაზართან თბილისის გარეუბანში. უმეტესობამ იცის, რომ ისინი სავარაუდოდ, მოპარულ ნივთებს ყიდიან და იწყებენ მათთან ვაჭრობას, რადგან შესაძლებელია, მათგან ნახევარ ან მესამედ ფასადაც კი შეიძინო სასურველი ნივთი.

მაგრამ აქ არ მთავრდება ისტორია. სტერეოტიპები და ჭორები ბოშებს საზოგადოებისგან იზოლაციაში აქცევს. ზოგს ისინი სძულს, ზოგს უბრალოდ, ეშინია მათი ან ეშინიათ, რომ შეიძლება ბოშებმა გაქურდონ. DF Watch გადაწყვიტა, გაერკვია, როგორია მათი ცხოვრება სინამდვილეში.

ბოშები დედაქალაქის რამდენიმე უბანში ცხოვრობენ. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სამგორის მეტროსადგურის ახლოს მდებარეობს. ქუჩაში გამვლელებს ვეკითხებოდით გზას ბოშების დასახლებისკენ და ისინი კითხვას გვიბრუნებდნენ: „რატომ ეძებთ, რამე მოიპარეს?“ „ბოშები? არ ვიცი, მაგრამ ვიცი „ციგნები“ სადაც ცხოვრობენ“. მთავარი ქუჩიდან პატარა მინდვრამდე ხეივანი მიდის სადაც ხალხი კერძო სახლებში ცხოვრობს. ვერასდროს იფიქრებთ, რომ გორაზე მდგარი საცხოვრებელი კორპუსების უკან, გარაჟებს შორის, არის ვიწრო გასასვლელი, რომელსაც ბოშებით დასახლებული ქუჩისკენ მივყავართ.

პატარა, ერთსართულიან, უფანჯრო სახლში რვა ბავშვი ცხოვრობს. სახლში მხოლოდ ერთი ოთახია და მასში სამი საწოლი დგას. მამამ შიგნით შეგვიპატიჟა; მისი ხუთი შვილი - ბიჭები და გოგოები, მოეწყვნენ საწოლზე ჩვენს მოსასმენად; აღტაცებულები არიან, რომ ოჯახში სტუმარი ყავთ.

არც ერთი მათგანი სკოლაში არ დადის. მამა ამბობს, რომ მან მხოლოდ ახლახანს დაარეგისტრირა შვილები დაბადების მოწმობის ასაღებად და მალე გეგმავს, რომ ბავშვები ახლოს მდებარე სკოლაში გაუშვას. უსაბუთოდ ბავშვებს სკოლაში არ იღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ოჯახია, ისინი არ იღებენ სოციალურ დახმარებას. არც ის იციან, სად უნდა მივიდნენ ამ დახმარების ასაღებად. თუმცა, არ წუწუნებენ. ცოლი ბაზარში ვაჭრობს და ეს არის მათი ძირითადი შემოსავალი.

ცხადი ხდება, რომ ამ ოჯახების ძირითადი პრობლემა უპასპორტობა და პირადობის დამადასტურებელი მოწმებების არქონაა, რაც მათ დაეხმარებოდა სოციალური დახმარების ან ვაუჩერების მისაღებად. ეს მიზეზები განსხვავდება. ზოგმა, უბრალოდ, არ იცის, სად წავიდეს, ვის მიმართოს, რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ; ზოგს ფული არა აქვს, რომ პასპორტი აიღოს, ზოგს უბრალოდ, დრო არ აქვს, ბავშვები მარტო დატოვოს სახლში.

სამოქალაქო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე მოთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პირადობის მოწმობა 33 ლარი ჯდება და პასპორტი კი 100 ლარი.

ეროვნული სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2002 წელს საქართველოში 472 ბოშა ცხოვრობდა. მას შემდეგ მათი რიცხვი გაიზარდა, ვინაიდან ევროპის უმცირესობათა ცენტრის 2008 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოში უკვე 1500 რეგისტრირებული [პასპორტის და პირადობის მოწმობის მქონე] ბოშა ცხოვრობს. შესაბამისად, მათი რეალური რიცხვი გაცილებით მეტი იქნება.

სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოშების აღრიცხვა  საქართველოში მხოლოდ 21-ე საუკუნეში დაიწყო.

სახალხო დამცველი წერს, რომ განათლების, დასაქმების, უფლებების დაცვის, პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივობის და ჯანდაცვის კუთხით ბოშები ერთ-ერთ მარგინალურ ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოში: „ხელისუფლების მიერ გატარებული ზომების მიუხედავად, ნათელია, რომ ამჟამინდელი პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს ბოშების ჩართულობას პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, რაც გამოიწვევს მათ იზოლაციას არა მარტო უმრავლესობისაგან, არამედ ეთნიკური უმცირესობებისგანაც კი“.

ანგარიშის მიხედვით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს საზოგადოების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, ასევე ბოშების მხრიდან ნაკლები სურვილი, ჩაერთონ სოციალურ ცხოვრებაში. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს უმრავლესობაში დამკვიდრებული სტერეოტიპები, რაც ბოშების ინტეგრაციას აფერხებს.

სამგორის დასახლებაში მეორე ალიმოვების ოჯახსაც ვესტუმრეთ. აქ 11 ბავშვი ცხოვრობს ისეთივე ერთოთახიან სახლში; ოჯახს პატარა სამზარეულოც აქვს. საწოლი ყველასთვის არაა საკმარისი. ასე რომ, მოზრდილები იატაკზე წვანან. სახლში ჩვენი დასაჯდომი ადგილი არაა.

ოჯახში მხოლოდ დედას აქვს პასპორტი. მისი დაც მათთან ცხოვრობს თავის ორ ბავშვთან ერთად; თვითონ უსახლკაროა - ათი წლის წინ ქობულეთში სახლი დაეწვათ.

„ჩვენ არაინაირ კომპენსაცია არ აგვიღია; საბუთებიც კი დაიწვა. ასე რომ, თბილისში ჩამოვედით და მას მერე აქ ვცხოვრობთ ქირით“, - თქვა დედამ და დაამატა, რომ ყოველდღიურად 10 ლარს იხდის, რომელშიც კომუნალური გადასახადებიც შედის.

მას პასპორტი აქვს, მაგრამ დრო არა აქვს, რომ სოციალური დახმარების ასაღებად მიაკითხოს შესაბამის უწყებას. მისი შვილები საბუთების არქონის გამო სკოლაში არ დადიან.

მათი შემოსავლის წყაროც ბაზარში ვაჭრობაა და ამით აღებული ფული პურის საყიდლად ძლივს ყოფნით. მისი ქმარი ავადმყოფია, მაგრამ ფული არა აქვს, რომ იმკურნალოს. „ათი წელია, აქ ვცხოვრობთ და მთავრობიდან ან რომელიმე ორგანიზაციიდან არასდროს არავინ მოსულა, არც სოციალური მუშაკი.“

ბოლო წლებში მთავრობამ მილიონამდე ოჯახს ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერი დაურიგა. მიუხედავად იმისა, რომ 11 შვილის დედას პასპორტი აქვს, მას ვაუჩერი არ აუღია.

საქართველოში მოქმედებს დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების შესახებ კანონი, რომელიც უზრუნველყოფს იმ ოჯახების მატერიალურ დახმარებას, სადაც 14 წლამდე ასაკის მინიმუმ სამი ბავშვია. ყოველი მომდევნო ბავშვისთვის დახმარება 100 ლარით იზრდება.

ჩვენ დავრეკეთ იუსტიციის სამინისტროში პირადობის მოწმობის არმქონე ბოშების სიტუაცია რომ გაგვერკვია. მათ ჩვენ სამოქალაქო რეესტრში გადაგვამისამართეს, რომელმაც თავისი მხრივ, გადაგვამისამართა არასამთავრობო ორგანიზაცია „იურიდიული განვითარებისა და კონსულტაციების ჯგუფში“, რომელიც რეესტრთან თანამშრომლობს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატო გაგნიძე აცხადებს, რომ ეს რეალური პრობლემაა და ისინი ამ პრობლემას იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ებრძვიან. გვესაუბრა პროექტის „მოქალაქეობის არმქონე პირების რიცხვის შემცირება და საქართველოში მოქალაქეობის არქონის პრევენცია“ შესახებ.

ამ პროგრამის ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფი ბოშებია. ამ პროგრამის ფარგლებში, ხალხს არ სჭირდება რომელიმე უწყებაში პირადობის დამადასტურებული მოწმობის ასაღებად მისვლა. პროგრამის მონაწილეები მიდიან ოჯახებში და ეხმარებიან მათ.

გაგნიძის განცხადებით, ზოგჯერ იქმნება პრობლემები, ვინაიდან ბოშები თავს არიდებენ კონტაქტს და ფიქრობენ, რომ კარგად ცხოვრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ეძებს უსაბუთო ხალხს და ეხმარება მათ.

ალიმოვის ოჯახში გვითხრეს, რომ საავადმყოფოში ბოშებს უფლება აქვთ მშობიარობის და მერე სახლში დოკუმენტების გარეშე ბრუნდებიან. ამიტომაც მათ შვილებს დაბადების მოწმობები არა აქვთ.

ნატო გაგნიძე ადასტურებს, რომ მსგავსი პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ეს 10 წლის წინ ხდებოდა - „2004 წლის შემდეგ მათ სახლში არავინ გაუშვებს უსაბუთოდ. არც საავადმყოფოში შეუშვებენ პასპორტის ან პირადობის მოწმობის გარეშე“.

ალბათ ესაა მიზეზი, რომ მესამე ოჯახში, რომელსაც ჩვენ სამგორში ვესტუმრეთ, დედამ თავისი თხუთმეტივე შვილი სახლში გააჩინა.

აფრიკის დასახლებისკენ მიმავალ გზაზე 11 წლის დარინას შევხვდით, რომელსაც კამერის დანახვა გაეხარდა და გვთხოვა, სურათები გადაგვეღო. მერე თავისი ძმა და და გაგვაცნო; იმათ სხვა ბავშვებიც მოიყვანეს ჩვენთან შესახვედრად.

94-ე საჯარო სკოლის უკან პატარა ბილიკი გადის. სკოლის უკან ახლადაშენებული სახლებია და ძნელად წარმოიდგენ, რომ აქ პატარა სახლიც შეიძლება იდგეს, რომელიც გადაყრილი ფიცრებითა და აგურითაა ნაშენები და ბრეზენტით გადახურული.

დედა ამბობს, რომ მას ბაღში ცოტა კარტოფილი მოყავს და ბაზარში სურსათს ყიდის, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ამიტომ მისი შვილები ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ. თავიდან გაგვიბრაზდა, როცა სურათებს ვიღებდით: „ჟურნალისტები მოდიან, სურათებს გვიღებენ და მერე რა? არაფერი. ჩემი ცხოვრება არ შეცვლილა; ჩვენ არავინ გვეხმარება“.

მაგრამ მერე დაგვიძახა და გვკითხა, რა არჩევანი აქვს; სად უნდა მივიდეს სოციალური დახმარების ასაღებად და რამდენი დაუჯდება სასკოლე ასაკის ბავშვების რეგისტრაცია.

სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოშებს ამ კუთხით ბევრი პრობლემა აქვთ. ისინი წერა-კითხვის უცოდინრები არიან, რადგან მათი შვილების უმეტესობა ქუჩაში მათხოვრობს; მათ არა აქვთ ინფორმაცია განათლების სისტემის შესახებ: „ამ საქმეების უმრავლესობა გამოწვეულია იმ ფაქტით რომ მშობლები ვერ აცნობიერებენ მათი შვილების განათლების აუცილებლობას. მათ საკუთარი მძიმე სოციალური პირობების გამო ურჩევნიათ შვილებმა ივაჭრონ ან იმათხოვორონ“.

დოკუმენტების არქონის პარალელურად, პრობლემას ქმნის წიგნებისა და ტანსაცმლის არ ქონა. დარინასაც უნდა თავისი ძმებისა და დების მსგავსად სკოლაში სიარული მაგრამ ამბობს რომ დრო არ აქვს. ეს ერთადერთი ოჯახი არაა სადაც ბავშვებს სწავლა უნდათ.

26 მაისს თბილისის მერიამ სამრეწველო აღლუმი მოაწყო თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე და იქ ჩვენ ბოშა ბავშვებს შევხვდით რომლებიც სპეციალურად მომზადებულ მაგიდებთან ისხდნენ ფანქრებითა და ფურცლებით. ზოგი ხატავდა, ზოგი გვთხოვდა გვესწავლებინა როგორ დაეწერათ საკუთარი სახელი ქართულად. მათ მთელი დღე სხვა ბავშვებთან ერთად გაატარეს, ხატავდნენ და წერდნენ. უფროსი დები არ აიძულებდნენ მათ იმ დღეს ემათხოვრათ.

კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ რომ 2002 წლის საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები 472 ბოშიდან 125 მუშაობს.

სახალხო დამცველი წერს, რომ სტერეოტიპები კვლავ იწვევს ბოშების იზოლაციას და ხალხს მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გააჩნიათ.

ხალხს ჰგონია, რომ ბოშები მხოლოდ მათხოვრები არიან.

„მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ბოშები კი არ მათხოვრობენ, ისინი ვაჭრობენ, მკითხაობენ და მისდევენ სოფლის მეურნეობას.“

ორიგინალი

ახალი ამბები