კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეზერვისტი – საფრთხეს 25 ოქტომბრის შემდეგ ელოდებიან

27 ივნისი, 2012

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ნებაყოფლობითი სამხედრო რეზერვის ერთ–ერთი „ლიდერი“ ჩაწერა. მათე მათეშვილის თქმით, ხელისუფლება საფრთხეს მიმდინარე წლის 25 ოქტომბრის შემდეგ ელოდება. რეზერვისტებს, რომლებმაც ხუთდღიანი წვრთნა გაიარეს, Gerber–ის ფირმის დანები დაურიგეს, საჭიროების შემთხვევაში კი ავტომატების დარიგებასაც დაპირდნენ.

- რა უნდა გავაკეთოთ და ახლა რუსები უნდა შევაშინოთ, თუ შეეშინდათ. თუ რუსი ან რაღაცა მტერი შემოვიდა, ყველამ თავის უბანი უნდა დავიცვათ იმიტომ, რომ ჩვენ აგვიხსნეს, როცა შევიდნენ აფხაზეთში ერთ–ერთი სოფელი ქართველებმა არ დატოვეს, იმიტომ რომ წინააღმდეგობა დახვდათ. ოსებშიც ეგრე მოხდა, ეგრე დარჩა თამარაშენი. იმიტომ გვაძლევენ ავტომატებს, რომ ჩვენ ჩვენი უბანი დავიცვათ, ჩვენი ხალხი დავიცვათ.

და როდის ელოდებიან ამ საფრთხეს?

– ამას ელოდებიან უფრო მიმდინარე წლის 25 ოქტომბრის შემდეგ.

რა გასწავლეს, რა გაჩვენეს, რა იარაღთან გქონდათ შეხება?

– ყუმბარმტყორცნები გვასროლინეს სამ–სამი – ტანკსაწინააღმდეგოა და კალაშნიკოვის ავტომატებია გადაკეთებული. მე რომ აფხაზეთში ვიბრძოდი, ის რომ არტყამდა, იმხელა დარტყმა მაგ კალაშნიკოვს არა აქვს. ეს უკვე გადაკეთებულია, დარბილებულია, ოღონდ იმაზე უფრო ზუსტად მიაქვს მიზანში ნასროლი და იმაზე უფრო კარგად მიაქვს.

თუ ომი დაიწყო და რუსეთი ჩვენს საწინააღმდეგოდ შემოვიდა, ჩვენ ჩვენი უბანი უნდა დავიცვათ. ყველა აქედან წასული ბიჭი, თავის უბანს, ქუჩას, სახლ–კარს, ცოლ–შვილს და შვილიშვილებს დაიცავს.

თუ ხანძარი ან წყალდიდობა იქნება, ასეთ შემთხვევაში რას იზამთ?

– რა თქმა უნდა, უნდა გამოვიდეთ და დავეხმაროთ მაშველთა კორპუსს.

როგორ უნდა დაეხმაროთ?

– ვისაც ცურვა შეუძლია, მძღოლია და ყველანაირად რა.

ლიდერი რას ნიშნავს, ლიდერებს რა ფუნქცია გაქვთ?

– მეც ვერ გავიგე, ლიდერად კი დამნიშნეს, მაგრამ, როგორც აფხაზეთის მონაწილეო. უფრო ხელმძღვანელი ვარ რა. მე უნდა წავიყვანო ბიჭები, ვასწავლო, ვამეცადინო სროლაში და ვინც საჭიროა, დავტოვო, ვინც არადა, ზოგს უკან ვუშვებთ, ყველას არ ვტოვებთ.

მწვრთნელები კიდევ რას გარიგებდნენ?

– ყველაფერს გვასწავლიან. ჩვეულებრივ ჯარის იმაში გავდივართ.

ეს დანები ვინ მოგცათ?

– ვინც კარგად ისროლა დანები იმას მისცეს.

რაში უნდა გამოიყენოთ?

– სუვენირებად მოგვცეს. ხომ არ გვეტყოდნენ, წადით ყელები დააჭერით და რაღაცა მოკალითო. თუ საჭიროა კიდეც და თუ დავინახე ჩემს შვილთან მიდის, არ იცი რომ ამ დანას ყველანაირად ვიხმარებ?

ვინ მიდის?

– აი, ვთქვათ ვიღაც მტერი მოვიდა... შენ კარგად იცი როგორ უბედურებას აკეთებდნენ აფხაზეთში, როგორ იბრძოდნენ. თავებს აჭრიდნენ და აქა–იქა ყრიდნენ.

დანებით უნდა იბრძოლოთ?

– დანით, ავტომატით, იარაღი გვაქვს. იმხელა ბაზაა თელავში. რა ვიცი, ღმერთმა არ ქნას ომი დაიწყოს და თუ დაიწყო კიდევ...

როდის შეიძლება დაიწყოს, არჩევნებადე თუ არჩევნების შემდეგო, რა გითხრეს?

– ოქტომბრის შემდეგ უკვე ელოდებიან რუსეთიდან რაღაცა დარტყმას.

არჩევნების დროს რა უნდა გააკეთოთ ეგ არ უთქვამთ?

– რასაც დაგვავალებენ იმას გავაკეთებთ.

ვინ დაგავალებთ?

– თუ ვინმემ რამე დაგვავალა, უფრო მუნიციპალიტეტზე ვართ ყველა დაყრდნობილი.

ვის ექვემდებარებით, ვის განკარგულებაში ხართ?

–სამხედრო გაწვევის სამსახურს.

რა დავალებაც არ უნდა მოგცენ, შეასრულებთ?

– მე ქართველს არ ვესვრი, ვერ შევასრულებ. თუ დავალება მისაღებია ჩემთვის, იმას შევასრულებ.

ხომ არ უთქვამთ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების ან წევრების აღრიცხვა უნდა მოახდინოთ?

– არა, ეგენი არ უთქვამთ.

შეგახსენებთ, რომ ნებაყოფლობით რეზერვში გაწვევა კახეთში მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ლეიტენანტი ნიკა ლომიძე კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებდა, რომ რეზერვს იარაღი განგაშის გამოცხადების შემთხვევაში დაურიგდებოდა და ხალხი თავის სოფლებს დაიცავდა. მისივე თქმით, განგაშში იგულისხმება საბრძოლო სიტუაციები, საგანგებო მდგომარეობა და ა.შ.

ნებაყოფლობით რეზერვთან დაკავშირებით 9 აპრილს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა. მისი თქმით, ვინც რეზერვისტთა იდეაზე ხელს აღმართავს ის საქართველოს მტერს ემსახურება.

ვიდეო

ახალი ამბები