კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

MDF - „ტელეჟურნალისტები არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და სიუჟეტის გმირების პირად ცხოვრებაში ერევიან“

3 ივლისი, 2012

ნატა ძველიშვილი, media.ge

სამართლის თემების გაშუქებისას ქართველი ტელეჟურნალისტები ძირითადად ორი ტიპის შეცდომას უშვებენ - არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და სიუჟეტის გმირების პირად ცხოვრებაში ერევიან - აღნიშნულია „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) მიერ გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშში, რომელიც 2 ივლისს გამოქვეყნდა.

მედიამონიტორინგი, რომელსაც სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი გიორგი მგელაძე ატარებდა, 2012 წლის 12 მარტიდან 12  აპრილამდე პერიოდს მოიცავს. მკვლევარი ტელეკომპანიების, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“, „რუსთავი-2“-ის, „იმედის“, „კავკასიის“ და „მაესტროს“, მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს აკვირდებოდა.

მონიტორინგის პერიოდში სამართლის თემაზე სულ 63 სიუჟეტი მომზადდა.  აქედან ყველაზე მეტი, 19 სიუჟეტი „რუსთავი 2“-მა მოამზადა, ორით ნაკლები „იმედმა“, „პირველმა არხმა“ -12, „მაესტრომ“ – 10, „კავკასიამ“ კი სამართლის თემას ყველაზე ცოტა, 5 სიუჟეტი მიუძღვნა.

კვლევის ანგარიშის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფციას ძირითადად სამართალდამცავები, ან სხვა სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები გვევლინებიან. ჟურნალისტის მთავარი „დანაშაული“ კი ამ დარღვევების გაშუქება - ტირაჟირებაა.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ თანახმად,  კონკრეტული პირი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე უდანაშაულოდ ითვლება და მისი დამნაშავედ მოხსენიება, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად ჩაითვლება. ქართული კანონმდებლობა ამ კუთხით გარკვეულ დამატებით დათქმას აკეთებს მაუწყებლებისთვის. კერძოდ, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომელიც მაუწყებლებისთვის სავალდებულო ხასიათის დოკუმენტია, 48-ე მუხლში ამბობს - დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა დაიცვას ბალანსი, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ, უდანაშაულობის პრეზუმფციასა და  ეჭვმიტანილთა,  ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა პირადი  ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის.

„მიუხედავად ასეთი საკანონმდებლო  დათქმებისა, ქართული მაუწყებლების ეთერში მრავლად შეხვდებით ფაქტს, როცა რამდენიმე საათის წინ დაკავებულ პირს (რომლისთვისაც ჯერ ოფიციალურად ბრალიც კი არ წაუყენებიათ) დამნაშავედ, კრიმინალად, მკვლელად და ა.შ. მოიხსენიებენ. იყო რამდენიმე შემთხვევა როცა ტელეეთერში დამნაშავედ გამოცხადებული სუბიექტი საბოლოოდ უდანაშაულო აღმოჩნდა“, - აღნიშნულია „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ გამოქვეყნებულ მონიტორინგის ანგარიშში.

ამის მაგალითად მკვლევარს „პირველი არხის“, „რუსთავი 2“ისა და „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტებში ჟურნალისტის მიერ გამოყენებული კონკრეტული ტექსტები მოჰყავს, სადაც ისინი დაკავებული პირების მიმართ ისეთ ტერმინებს იყენებენ როგორიცაა „ყაღაჩები“, „ბოროტმოქმედები“, „დამნაშავეები“, „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები“. „ ჟურნალისტები ამგვარ ფრაზებს იმ დროს იყენებენ, როდესაც სიუჟეტის ეთერში გასვლის დროს დაკავებულები მხოლოდ ბრალდებულები შეიძლება ყოფილიყვნენ“, - ნათქვამია კვლევაში.

მონიტორინგის პერიოდში ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება მოხდა ტელეკომპანია „კავაკსიის“ ეთერში. წამყვანმა ცხრავე დაკავებულის ვინაობა ჩამოთვალა და თქვა, რომ  „ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები თავს ესხმოდნენ ოჯახებს“.  ცხრავე დაკავებული ტელეკომპანიამ “ყაჩაღებად” ყოველგვარი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოაცხადა.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად კი  „დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა არ უნდა მოახდინოს ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია, ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა“.

კვლევის ანგარიშის თანახმად. უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტები „მაესტროს“ ეთრში არ დაფიქსირებულა. „ეს შესაძლოა კრიმინალური ფაქტების გაშუქების სიმცირითაა განპირობებული, ნაციონალური მაუწყებლებისგან განსხვავებით „მაესტრო“ ასეთ ამბებს ნაკლებ დროს უთმობს“, - აღნიშნულია კვლევაში.

გარდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევისა, მონიტორინგის დროს კერძო ცხოვრებაში ჩარევის რამდენიმე მაგალითიც გამოიკვეთა.

კვლევაში ნათქვამია, რომ მონიტორინგის პერიოდში პირადი ცხოვრების დეტალების გამჟღავნების ნათელი მაგალითი იყო მაუწყებლების მხრიდან თბილისში, რადიანის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი.  2012 წლის 3 აპრილს რადიანის 7 ნომერში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი იპოვეს. ეს ამბავი მაუწყებლების მთავარი თემა რამდენიმე დღის განმავლობაში იყო.

ამ თემის გაშუქებისას „პირველმა არხმა“ „კავკასიამ“, „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ აღნიშნეს, რომ მკვლელობა სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ქმარი მოიხსენიეს როგორც მკვლელი და ხაზი მის ფსიქიკურ  მდგომარეობას გაუსვეს -  „ერთ-ერთი ვერსიით ტრანკვილიზატორებს იღებდა“. მაუწყებლებმა გარდაცვლილების ფოტოებიც აჩვენეს. რაც კვლევის თანახმად პირად ცხოვრებაში ჩარევაა.

„გარდაცვლილები არ წარმოადგენდნენ არც საჯარო მოხელეებს და არც საჯარო პირებს, რომ მათ მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი ყოფილიყო. ამიტომაც ჟურნალისტი ამ ამბის გაშუქებისას უფრო ფრთხილი უნდა ყოფილიყო“, - ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ამ თემის გაშუქებისას შედარებით ფრთხილი იყო „მაესტრო“. მას დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა არ დაუსახელებია და არც გარდაცვლილების ფოტოები უჩვენებია.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მაუწყებლების ეთერში მრავლადაა სიუჟეტები, როცა ჟურნალისტი წესების დაცვით აშუქებს მოვლენას და დაკავებულებზე, ან დაზარალებულებზე გაუმართლებელი იარლიყების მიკერება არ ხდება.

მკვლევარი ჟურნალისტებს რეკომენდაციით მიმართავს, იმ შემთხვევაში როდესაც თავად სამართალდამცავები არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაქსიმალურად მოერიდონ  ამგვარი განცხადებების ტირაჟირებას და ყოველი ახალი ბრალდების წინ უნდა დააკონკრეტონ, რომ ინფორმაცია სამართალდამცევის მონათხრობს ეყრდნობა.
 
კვლევის „სამართლის გაშუქება ქართულ მედიაში“ სრული ვერსია ქართულ ენაზე იხილეთ აქ .

ახალი ამბები