კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ დიცში ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

6 ივლისი, 2012

გოგა აფციაური, გორი, media.ge

საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“–ის ჟურნალისტს და ოპერატორს გორის რაიონის სოფელ დიცში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გადამღები ჯგუფი სოფელში წყლის პრობლემის გასაშუქებლად იყო ჩასული.

ჟურნალისტმა შორენა გონგლაძემ კომენტარისთვის სოფლის რწმუნებულს, ზურაბ ბოლაშვილს მიაკითხა. თავიდან რწმუნებული კომენტარზე უპრობლემოდ დათანხმდა, მაგრამ მოგვიანებით, როცა „ინფო-9“–ის ლოგო შეამჩნია, კამერის გამორთვა  და გადამღები ჯგუფისგან ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვება მოითხოვა.

სოფლის ადმინისტრაცია და ადგილობრივი პოლიციის განყოფილება ერთ შენობაშია განთავსებული.  იქვე მყოფი პოლიციელები მოითხოვდნენ, რომ ოპერატორს  ეზოში არსებული სამხედრო ტექნიკის გადაღება შეეწყვიტა. თუმცა გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ ოპერატორი ტექნიკის გადაღებას  არ ცდილობდა და  მხოლოდ რწმუნებულის დაფიქსირება სურდა. სოფლის თავკაცს მალე სამოქალაქო ფორმიანი თანასოფლელები მიეხმარნენ და გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ყველაფერი კი პოლიციელების თვალწინ ხდებოდა, რომლებსაც ინციდენტის განმუხტვა არ უცდიათ.

ოპერატორი  თორნიკე თიბილაშვილი იხსენებს, რომ შეხლა–შემოხლაში მოულოდნელად თავში გაურკვეველი საგანი მოხვდა და მცირე დაზიანება მიიღო. დაზიანებულია ვიდეოკამერაც. ფიზიკური ზეწოლის მიუხედავად მან კამერა არ გამორთო და კადრების გადარჩენა შეძლო.  

„მე კადრებს ვიღებდი და გამგებელი უნდა ჩამეწერა, მაგრამ გამგებელმა მითხრა რომ კამერა გამომერთო და იქიდან წავსულიყავი. ამ დროს წამოვიდა აგრესია. გვემუქრებოდნენ ხელის მოტეხვით, თავის გატეხვით“, –ამბობს თორნიკე თიბილაშვილი.

„ინფო 9“-ის ჟურნალისტი, შორენა გონგლაძე აცხადებს, რომ სოფლის რწმუნებული მას დაემუქრა. ჟურნალისტი ამ ფაქტზე რეაგირებისთვის სახალხო დამცველს,  სამართალდამცავ და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს.

„გამგებელმა პირადად მე მითხრა კერძო საუბარში, რომ თქვენ აქ ვეღარ მოხვალთ და თუ მოხვალთ აქედან ვეღარ წახვალთო. ჩვენ ეს მუქარა რეალურად აღვიქვით, მაგრამ იქ კიდევ ჩავალთ, თუ ამის საჭიროება იქნება“, – აცხადებს შორენა გონგლაძე.

დიცის რწმუნებული ზურაბ ბოლაშვილი ამბობს, რომ გადამღები ჯგუფი მას ოთახში შეუვარდა და გამომწვევად იქცეოდა. მისი  თქმით, ჟურნალისტებზე არც ძალადობა ყოფილა, კადრები კი საპირისპიროს მეტყველებს.

ზურაბ ბოლაშვილი Media.Ge-სთან საუბრისას ამბობს: „თვითონ შემოცვივდნენ, სიტყვაც არ უთქვამთ, ისე დაიწყეს კამერით გადაღება. თან პოლიციის შენობაში შემოვიდნენ და იქ მათი შემოსვლა არ შეიძლებოდა. მაგათთვის თითი არავის დაუდია, არანაირი ძალადობა არ ყოფილა. თვითონ იყვნენ შარზე მოსულები და უნდოდათ რომ რაღაც გამომწვევი სიტუაცია შეექმნათ“.

ინციდენტის ამსახველი მასალა ნახეთ „ინფო-9“-ის ვებ-გვერდზე:  http://info9.ge/?l=G&m=1000&id=288

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შიდა ქართლში ჟურნალისტებზე ზეწოლის და საქმიანობაში ხელის შეშლის არაერთი  შემთხვევა დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ მედია და არასამთავრობო სექტორი ასეთ ფაქტებზე რეაგირებას  და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მედიის წარმომადგენლების შეურაცხყოფისთვის ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყოს. რეგიონებში ჟურნალისტების შეურაცხყოფის  ტენდენცია ისევ გრძელდება.

ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი სოფელ მერეთში 26 ივნისსაც შეუშალეს. მაშინაც დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების მომხრეებს შორის მოხდა. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა. სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური შეხლა-შემოხლაში მონაწილეობისთვის აღნიშნულ პირევს პოლიციამ 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მერეთის ინციდენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ორიგინალი

წყარო: შიდა ქართლში ჟურნალისტებზე ზეწოლა გრძელდება 

ახალი ამბები